კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში, შესული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ს 255-ე მუხლით კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელება.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას და აღასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა.
ამასთან, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 109-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, ,,მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურეობის მიმწოდებელი პირი სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის (მათ შორის, პორნოგრაფიული) განთავსების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს კოდირებული ფორმით”.
გამოძიების მიერ, სამართლებრივი წესის შესაბამისად, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და შსს-ს მიეწოდა დასკვნა, რომ აღნიშნული ფილმები (მათ შორის, გასპარ ნოეს ,,ლოვე”) მიეკუთვნება პორნოგრაფიას. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს (გამავრცელებლებსა და მათ ადვოკატებს) უფლება აქვთ, დანიშნონ ალტერნატიული ექსპერტიზა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.