ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატი: დაკითხვა ხვალ დილის საათებში გაგრძელდება
ალექსი პეტრიაშვილმა დეტალურად აღიდგინა ის, რაც ახსოვდა და ცდილობს, მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას – ამის შესახებ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პეტრიაშვილს ჩაუტარდა ოპერაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას აუწია ტემპერატურამ და დაკითხვა ხვალისთვის გადაიდო.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, დაკითხვა ხვალ დილის საათებშია დაგეგმილი, მაგრამ ეს დამოკიდებულია თუ როგორი იქნება ექიმების დასკვნა.
“ალექსი პეტრიაშვილს ჩაუტარდა ოპერაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ბოლო მომენტში აუწია ტემპერატურამ და შესაბამისად, დაკითხვა ხვალისთვის გადაიდო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უსასტიკესი დანაშაული, აქ არ არის საუბარი მხოლოდ კიდურებს ქვევით სროლაზე, აქ არის მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა და აგრეთვე, სადისტურად ჩაქუჩით თავში აქვს რამდენიმე დარტყმა მიყენებული. რა თქმა უნდა, აქ საუბარიც ზედმეტია იმაზე, რომ ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა. საქმის გადაკვალიფიცირება აუცილებლად მოხდება. მართალია, ეს გამოძიების პრეროგატივაა, მაგრამ როგორც იურისტს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა. რაც შეეხება კითხვებს, ბატონმა ალექსიმ დეტალურად აღიდგინა ის, რაც ახსოვდა და ცდილობს, მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას. დაკითხვა არ დასრულებულა და ის ხვალ დილის საათებში გაგრძელდება. მან არ იცის სახელები ამ ადამიანების”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.