22-ე საუკუნის სიტყვა ქართულ თეატრში, რომელიც ამირან შალიკაშვილმა 50 წლის წინ თქვა…

პლასტიკაში გადატანილი სათქმელი და მიმი, რომელიც 50 წელია ქართულ თეატრში განსხვავებულ, რთულ გზას ირჩევს… ამირან შალიკაშვილის პირველი სიტყვა პანტომიმაში და ამირან შალიკაშვილის (უმცროსი) მიერ გაგრძელებული თეატრის ისტორია…

– პანტომიმის თეატრმა მაყურებელს სპექტაკლის პრემიერა „გიჟი ოლიმპიელები“ წარუდგინა…12769632_1235134406515165_1126409425_n (1)
ჩვენი მოწვევით საქართველოში მიმების საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი და რეჟისორი მარკო სტოიანოვიჩი იმყოფებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ მარკო მარსელ მარსოს მოწაფე იყო და ეს ორგანიზაციაც მარსელ მარსოს სახელს ატარებს. ჩვენ ფესტივალზე შარშან შევხვდით ერთმანეთს და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში დაედგა სპექტაკლი. კომედიური ჟანრის „გიჟი ოლიმპიელების“ პრემიერა შედგა. სპექტაკლში სტოიანოვიჩმა 27 სპორტის სახეობა წარმოადგინა პლასტიკაში. საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა და ქართველი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ჯერჯერობით პრემიერა გავმართეთ, მაგრამ მარტში რამდენიმე სპექტაკლი დაინიშნება და თეატრის რეპერტუარში, რა თქმა უნდა, დარჩება.
– წარმოუდგენლად მოკლე დროში შედგა სპექტაკლი…12769643_1235134409848498_1410976038_n
– ნამდვილად, მარკო სტოიანოვიჩის ვიზიტი დაახლოებით ორკვირიანი იყო. აქედან ერთი კვირა ჰქონდა თავისუფალი, ბევრი მასტერკლასი და შეხვედრა გამართა. თავადაც აღნიშნა, რომ მსახიობები ძალიან პროფესიონალები არიან და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ სპექტაკლი შედგა. ჩემთან მსახიობები უკვე 15-20 წელია არიან, რეალურად აქ გაიზარდნენ და ახლა 35 და 40 წლის მსახიობები მყავს. აქედან გამომდინარე, ფლობენ ყველანაირ პლასტიკას. მარკო გაკვირვებული იყო, რომ ჩვენთან არის ფაკულტეტი და ძალიან ღრმად ისწავლება პანტომიმის ხელოვნება. მსახიობებმა განსაკუთრებით მოინდომეს, 24- საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, ღამის 1-2 საათზე მთავრდებოდა რეპეტიცია და ამის დამსახურებით პროექტი შედგა…
– თუ გიფიქრიათ, რომ შეიძლებოდა არა პანტომიმის, არამედ თეატრის სხვა მიმართულებით გევლოთ?
– ბავშვობიდან თეატრში გავიზარდე, 13 წლის ვიყავი, უკვე სცენაზე ვიდექი. სადღაც უკან, ბუჩქის როლს რომ ეძახიან, ეს როლი მქონდა „სტუმარ-მასპინძელში“. რა თქმა უნდა, ის, რომ სხვა თეატრში ვყოფილიყავი, არ მიფიქრია, თუმცა ჩემი აზრები მქონდა. რეალურად იმიტომ გავყევი ამ საქმეს, რომ ჯერ ჩემი სიტყვა პანტომიმის თეატრში არ მითქვამს. მინდა ჩემი რაღაცების კეთება, ოღონდ ყოველთვის ვამბობ, რომ არასოდეს დავკარგავ კლასიკას და ქართულ პანტომიმას. დირექტორად დავინიშნე და გლობალურ ცვლილებებს ვაპირებ, მეტად გათანამედროვება მინდა თეატრის. უფრო ეს იყო ჩემი ცხოვრების მიზანი და ამიტომაც არ მიფიქრია სხვა თეატრზე. პირიქით, მინდა, რომ ამ თეტრში გაჩნდეს კიდევ განსხვავებული მიმართულება…
– რისი შეცვლა გინდათ?12782318_1235134426515163_165615651_n
– თანამედროვეობაა საჭირო. სიმართლე გითხრათ, არ მქონია პრაქტიკაში და არც გამიგია, დავიწყე რეპზე მუშაობა, ჰიპ-ჰოპის პანტომიმა მინდა გავაკეთო. თანამედროვე და ახალგაზრდებისთვის, ვფიქრობ, აქტუალური იქნება. პირველ კურსთან უკვე დავიწყე ეს ექსპერიმენტები. რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ, რომ მამაჩემის სპექტაკლები კლასიკაა და ყოველთვის უნდა იყოს, ამაზე გაიზრდებიან თაობები, მაგრამ, ამასთან ერთად, უნდა შემოვიტანოთ თანამედროვეობა, რომ მაყურებელი დავაინტერესოთ. ახალგაზრდები მოვიზიდოთ, მათ ნაკლებად იციან ჩვენი თეატრი და ეს ძალიან ცუდია… ამიტომაც სჭირდებათ თანამედროვე ელემენტები, რითაც მათ თეატრში შემოვიყვანთ, შემდეგ კი დავაინტერესებთ კლასიკით. რაც შეეხება ჩემს სტილს, იმდენად მომწონს ქართული სტილი, შესაძლებელია ამ თანამედროვეობაში აუცილებლად ხაზგასმით დავტოვო. ეს არის განძი, რომელიც არ აქვს ევროპას და განსხვავებულიც სწორედ ესაა. ყველანაირად ვეცდები, არ დავკარგო. ვფიქრობ, ახლის შექმნა ადვილია, ძველის შენარჩუნება და თან მასში სიახლის შეტანა კი – უფრო რთული… მე მგონი, გამოგვივა, ვნახოთ…
– როგორია პანტომიმის თეატრის მსახიობი და რატომ არის შეუძლებელი, რასაც ის აკეთებს…
– განსხვავებულია. არ მინდა დრამის მსახიობებმა ცუდად გაიგონ, მაგრამ მათ რეპეტიციები „მრგვალ მაგიდასთან“ აქვთ… ჩვენთვის კი არ არსებობს დღე, რომ 4-5- საათიანი „ტრენაჟი“ არ გაიაროს მსახიობმა. სხვაგვარად მსახიობი ნელ-ნელა დაკარგავს სხეულს და დაკარგავს ხელოვნებას. პანტომიმა უფრო შრომატევადია და უფრო მეტ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. საქართველოში ჩვენ ტექნიკურად ძალიან გვიჭირს, პირობები არ გვაქვს და იმედია, ეს მდგომარეობა გამოსწორდება. ამის გარდა, კიდევ, რა თქმა უნდა, სიტყვა რთულია, სიტყვის წარმოთქმა დრამაში, მაგრამ უფრო რთულია სხეულით თამაში უსიტყვოდ. მამაჩემის პანტომიმას აქვს უფრო დრამატული და ტრაგიკული პანტომიმა. ტრაგედია, შინაგანი ემოცია უსიტყვოდ გამოხატო,  ძალიან რთულია. არავის წარმოედგინა ტერენტი გრანელის თამაში პლასტიკაში და ისეთი სპექტაკლი გამოვიდა, დღემდე ანშლაგით მიდის. ეს სპექტაკლი 500-ზე მეტჯერ გვაქვს ნათამაშები. რაოდენობას რომ ვითვლიდით, ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა შუქი ჩაქრა და ვერ ვითამაშეთ, იმდენად ძლიერი სპექტაკლი გამოვიდა. სირთულეები კიდევ ბევრი აქვს ამ ხელოვნებას, ძალიან დიდი მისია გვაკისრია და ძნელია, როცა უსიტყვოდ გადმოსცემ ამ ყველაფერს. მსახიობები ბევრს შრომობენ, რომ მიაღწიონ ელემენტარულ როლს. წლები სჭირდება სხეულისთვის მუშაობას. ჩვენი პანტომიმა ადგილზე სიარული, კედელი და თოკი არ არის, რაც, ვთქვათ, ევროპულ პანტომიმას აქვს. ჩვენს პანტომიმას სხვა დატვირთვა აქვს…12782324_1235134403181832_1122479393_n
– ტრავმულია თქვენი თეატრი?
– რა თქმა უნდა, თავიდან სწავლის პერიოდში. ასევე პირობების – სიცივის ან სხვა რამის გამო, ზოგჯერ ვარდება ხოლმე „ტრენაჟი“. ეს ჩავარდნა სცენაზე ეტყობა მსახიობს და შეიძლება რამე ტრავმა მიიღოს… საქართველოში ეს ხშირია და იმედია, მალე გამოვასწორებთ. გვჭირდება ტრენაჟორების დარბაზი, მე ამისთვის ვიბრძვი. არ ვამბობ, რომ მსახიობს დაკუნთული სხეული უნდა ჰქონდეს, მაგრამ რაღაც დონეზე აუცილებელია.
– ფესტივალები…
– ჩემს პერიოდში სადაც ვყოფილვართ, იქნებოდა ეს ესპანეთი, საბერძნეთი ან სხვაგან, ყოველთვის გრან-პრის ვიღებთ. მაგალითად, ესპანეთში 3 გრან-პრი ავიღეთ…  ახლა ბოლოს პოლონეთში ვიყავით, რომ გაიგეს, 25 მსახიობი მივდიოდით, გაუკვირდათ. სად იპოვეთ 25 პანტომიმისტიო. ევროპაში არის 2-3 კაცის პანტომიმა და ცეკვასთან ძალიან ახლოს არიან, როგორც ჩვენთან, ასე მაღალ დონეზე არ აქვთ აყვანილი ეს ხელოვნება. სწორედ ეს არის გამარჯვების წინაპირობა, როდესაც პოემებს და პიესებს დგამ პლასტიკაში… ევროპისთვის ასეთი პანტომიმა უკვე გასაკვირია და განსხვავებულ შეფასებას ვიღებთ. მარსელ მარსოს სიტყვებია, – ეს არის ნაციონალური განსხვავებული კოლექტივი, რომელიც არ შემხვედრია მსოფლიოში და ძალიან მალე მსოფლიოს დაიპყრობსო… ამ სტატუსს თეატრი ინარჩუნებს, მაგრამ ისევ ვამბობ, აუცილებლად სჭირდება გათანამედროვება.
– ევროპული პანტომიმა მარტივი დატვირთვით…
– ნამდვილად ნაკლები დატვირთვა აქვს… თუმცა ვთვლი, რომ მაინც საინტერესოა. სიტყვიერი რეპლიკები აქვთ შეტანილი, განსხვავებული მოძრაობები… ჩვენ უფრო დახვეწილი გვაქვს, მათ უფრო ადვილად აქვთ გადმოტანილი. ამის გამო დავიწყე პროექტიც, უცხოელების ჩამოყვანა საქართველოში. ჩვენი მსახიობები ახალ პრაქტიკას მიიღებენ. მათ კი, ვისაც საზღვარგარეთ წასვლა და უცხოური პანტომიმის ნახვა არ შეუძლია, საშუალება ექნებათ, სხვა ქვეყნის ხელოვნებას გაეცნონ და დაინახონ განსხვავება… მერე იქნებ მეტად დააფასონ, იმიტომ რომ საქართველოში წლების მანძილზე არცერთ ფესტივალზე პრიზი არ აგვიღია, მაგრამ ევროპის დიდ ფესტივალებზე გრან-პრის ვიღებთ. ეს რაღაცნაირად ნიშნავს, რომ ვერ ხვდება ქართველი ხალხი, რა პანტომიმა აქვთ…12782508_1235134413181831_1258231336_n
– საპასუხისმგებლო და რთული… გადმოიბარეთ პანტომიმის თეატრი…
– ძალიან რთულია ეს ყველაფერი. პირველი, რაც დავიწყე, ესაა რებრენდინგი. ადრე ყველაფერი მაღალ დონეზე იყო, ძალიან საინტერესო ლოგოს- აფიშებიც… მაგრამ დღეს უკვე სხვა ცხოვრებაა, ლოგო, საიტი, ფერები, სლოგანი შესაცვლელი. ბრენდად არის შესაფუთი, იმიტომ რომ ეს არის შალიკაშვილების შექმნილი ხელოვნება და თავისუფლად შესაძლებელია იყოს ბრენდი. თეატრს აქვს ისტორია, რომელიც გაბნეულია… მამაჩემს დაეწვა თეატრი, მერე ვაგონებში ცხოვრობდნენ… შენობაც ნახევრად გაყიდულია, პრობლემის წინაშეა. ამის გამო თეატრის ისტორიული მასალა – ზოგი სახლში, ზოგი თეატრში, ან ვინმესთან სხვადასხვა ადგილას არის მიმოფანტული. მინდა შევაგროვო და საჯარო გავხადო, რომ ხალხმა ნახოს და გაიგოს პანტომიმის თეატრის ისტორია.
მაგალითად, 1986 წელს პანტომიმის თეატრს სამთვიანი გასტროლი ჰქონდა ჰოლანდიაში, სპექტაკლით „ფიროსმანი – მეფე“ და 40 კომერციული სპექტაკლი ითამაშეს. 86 წელს ეს ძალიან რთული იყო. საბჭოთა კავშირის დროს 40-მდე ქალაქი მოიარეს და ციმბირში ითამაშეს… ასევე, საინტერესო პროგრამები მაქვს შემოტანილი. ვგეგმავ, რომ სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მასტერკლასები ჩატარდეს. მინდა, რომ პანტომიმის თეატრზე ინფორმაცია მოსწავლეებთან ბავშვობიდანვე მივიდეს… ეს არის ერთგვარი პოპულარიზაცია, რომ სამომავლოდ მოემატოს სტუდენტების რაოდენობა. მე და მარკო სტოიანოვიჩმა საერთაშორისო ცენტრის დაარსებაზე მოვაწერეთ ხელი. გვაქვს პროექტი, სადაც ჩვენს სტუდენტებთან ერთად ევროპიდან ჩამოსული ბავშვები ისწავლიან. ამას გარდა, საპასუხისმგებლოა ის, რომ არ დაიკარგოს სტილი და შენარჩუნდეს სპექტაკლები. ბევრი სპექტაკლია დაშლილი და აღსადგენი. მაგალითად, „ფიროსმანი“, რომელიც უნიკალური შედევრია, სადაც დაახლოებით 40 მსახიობი თამაშობს. „ფიროსმანს“ სჭირდება დიდი სცენა, ცოცხალი შესრულებით მუსიკა, გუნდი კაპელა… პანტომიმის თეატრს ძალიან საინტერესო მომავალი აქვს. რაც დღეს პატარა სცენაზე ნანგრევებში არის ჩაკეტილი, ძალიან დიდი ისტორიაა, რომელიც შესაძლებელია გახდეს დიდი თეატრი და იმსახურებს კიდეც, რომ იყოს დიდი თეატრი. ვიცი, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ აზარტში ვარ. ყველაფერს ვიზამ იმისათვის, რომ ის, რასაც 50 წელი მამაჩემმა შესწირა, შემდეგი 50 წელი იყოს აღმავლობის წელი და გახდეს ის თეატრი, რისი ღირსიც იყო ამ წლების მანძილზე…12788241_1235134446515161_1335071932_n
– მომავლის თეატრი…
– რა თქმა უნდა, მომავლის, 22-ე საუკუნის თეატრია. მართლა წინ გაიხედა მამაჩემმა და მან შექმნა მომავლის თეატრი. გვაქვს სლოგანი – „ვაშენებთ თეატრს“… საუკუნეზე მეტია ქვეყანაში ახალი ჟანრის თეატრი არ აშენებულა, ეს არის ახალი ჟანრის წინადადება. 40 თეატრია საქართველოში და ერთადერთი – პანტომიმის. აქედან გამომდინარე, როგორც ხელუხლებლად უნდა დარჩეს ოპერა, დრამა, ბალეტი, ქართული ფოლკლორი თუ ქართული ცეკვა, ისე ხელუხლებლად უნდა დარჩეს ეს უნიკალური ხელოვნება, რომელიც არის ქართული. ევროპული ხელოვნება გავხადეთ ქართული სტილის. დღეს არის საინტერესო…

                                                                                                                                                       ნინო ჯაჯანიძე


12822218_1235134423181830_322209109_n

12822192_1235134443181828_707348144_n

12804093_1235134436515162_936624869_n

12784508_1235134439848495_843064639_n

 

 

 



კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები