თბილისის საქალაქო სასამართლო ზაზა ხატიაშვილის განცხადებას პროვოკაციად აფასებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ზაზა ხატიაშვილი მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სასამართლო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებას პროვოკაციად აფასებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლის დისკრედიტაციად აფასებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას. ზაზა ხატიაშვილის განცხადება პროვოკაციულია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საქმე ეხება ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე პირისთვის უარის თქმის შესახებ ასოციაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ბათილად ცნო. განხილული საკითხის მიმართ ჩამოყალიბებულია ერთიანი სასამართლო პრაქტიკა, რაც ასახულია სასამართლოს არაერთ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში, რომლის საფუძველზეც სამივე ინსტანციის სასამართლომ გააუქმა ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილებები, კონკრეტული პირების ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ. ტექნიკური ხარვეზი, რომელზეც ზ. ხატიაშვილი მიუთითებს, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით გასწორდა შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში. ზოგადად, ტექნიკური ხარვეზი სამუშაო პროცესის ნაწილია, რომლისგან არცერთი მოსამართლე დაზღვეული არ არის, მით უფრო, მსგავსი ხარვეზის გასწორების საფუძვლებს საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს.
აქვე საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ მოსამართლე გ.მიქაუტაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვეს. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეში საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იყო მოპასუხე მხარე და, შესაბამისად, ასოციაციის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზაზა ხატიაშვილის უკმაყოფილება სუბიექტური და ტენდენციურია“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები