პროკურორი: „ჯაშუშობაში“ ბრალდებულები, მათ შორის სერგო თეთრაძე, უკანონოდ იყვნენ დაკავებულები

“ჯაშუშობაში“ ბრალდებულები: პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგო ჩაპლიგინი 2011 წელს უკანონოდ იყვნენ დაკავებულები, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ „ჯაშუშობაში“  ბრალდებულები უკანონოდ იქნენ დაკავებულები.

ჯვარშეიშვილის განცხადებით, მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის რეაბილიტაციის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები წამოიწყო.
მისივე ინფორმაციით, სერგო თეთრაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა არა მისი გარდაცვალების, არამედ მარეაბილიტირებელი საფუძვლით.
„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და სასამართლოს სამი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, უტყუარად დადგინდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგო ჩაპლიგინი დაკავებული იყვნენ უკანონოდ, გამოგონილი ,,ჯაშუშობის“ ბრალდებით. შესაბამისად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის რეაბილიტაციის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები წამოიწყო, კერძოდ, სერგო თეთრაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა არა მისი გარდაცვალების, არამედ მარეაბილიტირებელი საფუძვლით – მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ხოლო მსჯავრდებულების: გიორგი გორელაშვილის, დავით ლონდარიძისა და სერგო ჩაპლიგინის მიმართ გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. დღეს მთავარ პროკურატურაში მოწვეული იქნა გარდაცვლილ სერგო თეთრაძის მეუღლე – ნანა თეთრაძე, რომელსაც მიეწოდა ინფორმაცია მისი მეუღლის რეაბილიტაციის მიზნით საგამოძიებო უწყების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით“, – განუცხადა „კვირას“ მაია ჯვარშეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები