ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულთა საქმეზე საბოლოო განაჩენი 4 მარტს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულთა საქმეზე საბოლოო განაჩენს 4 მარტს გამოაცხადებს. მტკიცებულებების განხილვა დასრულებულია, დღევანდელ სასამართლო პროცესზე კი ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა თქვას.
დასკნით სიტყვამდე პროკურორები სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ, რომ საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს, გიორგი კუპრავას გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ის გათავისუფლდეს ერთწლიანი პატიმრობიდან და მიესაჯოს ხუთწლიანი პირობითი პატიუმრობა.
“დასკვნით სიტყვაში ჩვენ დანარჩენი ბრალდებულების მიმართ გავამახვილებთ ყურადღებას იმ დიდი რაოდენობით მტკიცებულებებზე, რომელიც ჩვენ მიერ არსებითი განხილვის დროს წარმოდგენილი იქნა სასამართლოში. გიორგი კუპრავას აღიარებითი ჩვენება, ჩვენთვის რასაკვირველია, არის დამატებითი მტკიცებულება, რადგანაც მის მიერ ჩვენებაში განცხადებულია ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე დასტურდება ჩვენ მიერ წარდგენილი სხვა პირდაპირი ჩვენებებით, მტკიცებულებებით, კერძოდ აბსოლუტურად თანხვედრაშია პირდაპირი მოწმის, გიორგი ბორჩაშვილის ჩვენებასთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან”,- განაცხადა პროკურორმა.
დღევანდელ პროცესზე პროკურორების დასკვნით სიტყვას სამი საათი დაეთმობა. ხოლო 2 მარტს ადვოკატები დასკვნითი სიტყვას წარმოთქვამენ. რაც შეეხებათ ბრალდებულებს, ისინი 3 მარტს სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები