ქართველი მეზღვაური მეკობრეებმა გაათავისუფლეს
ქართველი მეზღვაური, რომელიც მეკობრეებმა ერთი თვის წინ დაატყვევეს, სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, გატაცების მომენტიდან გათავისუფლებამდე, ეკონომიკის სამინისტრო, “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო” და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი გემთმფლობელ კომპანიასთან, ნიგერიისა და ბენინის სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები მეზღვაურთა გათავისუფლების პროცესებში.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, 22 თებერვალს გატაცებული მეზღვაურები მშვიდობიანად გაათავისუფლეს და ქართველი მეზღვაური საქართველოში რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.
როგორც ცნობილია, იანვრის ბოლოს, ნიგერიის მახლობლად, გვინეის ყურეში მეკობრეები თავს დაესხნენ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ, ბერძნული კომპანიის კუთვნილ ტანკერს “ლეონ დიას”. თავდამსხმელებმა 5 მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველი იყო.