როგორ გაუსინჯეს გემო საქართველოს ამერიკაში და ვინ თქვა კიდევ ერთი ქართული სიტყვა ამერიკის კვების ობიექტებში…

ნიკოლოზ ჩხეიძე, ამერიკაში ქართველი საზოგადო მოღვაწე. ასოციაცია „თვისტომის“ დამფუძნებელი, უკვე 16 წელია საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე ეკატერინე ანდრიაშვილი და ორი შვილი – 8 წლის შოთიკო და 6 წლის ნინიკო. ჩვენი პერსონა, შტატებში აქტიურად მოღვაწეობს და სულ მალე ამერიკის შეერთებული შტატების უძველესი რესპუბლიკური კლუბი – Queens Village Republican Club-ი დააჯილდოვებს. იქამდე კი ნიკოლოზ ჩხეიძე „კვირას“ პერსონას სტუმარია…

12781941_1228562390505700_1778038252_n

– ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება თავისთავად ყველასთვის რთულია. ჩემთვისაც ძალიან რთული იყო, მაგრამ იმ პერიოდში, 1990-იანი წლების ბოლოს, სხვა გზა არ არსებობდა. ვიყავი ტელე-რადიო კომპანიის „რადიო 106“-ის და „პირველი სტერეოს“ დამფუძნებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი, მეკეთებინა საქმე და საკუთარი რესურსები ბოლომდე გამომეყენებინა, არ გამომდიოდა, ქვეყანაში წინსვლა არ იყო… ჩემთვის ეს დროებითი ემიგრაციაა, შეიძლება გახანგრძლივებულ მივლინებად ჩავთვალოთ… 2000 წლიდან ემიგრაციაში ვარ, თუმცა უკან დაბრუნების გეგმა არსებობს, რა თქმა უნდა…
– პირველი ნაბიჯები…
– საკმაოდ რთული პირობებიდან მომიწია წამოსვლა. ჩაბნელებული და ბნელი, უპერსპექტივო საქართველო დავტოვე. აქ როცა ჩამოდიხარ, ძალიან რთულია, ასეთი ტრანსფორმაცია განიცადო და უცებ შეეგუო ამ გარემოს… ბევრს უადვილდება, ბევრს უჭირს. ზოგი წლებია ჩამოსულია, მაგრამ აბსოლუტურად შეგუებელია ახალ პირობებს, ამიტომ ყოველთვის ცდილობ, მოძებნო შენი დასაყრდენი, რასაც სათვისტომო ჰქვია. როცა მე ჩამოვედი, იმ პერიოდში არც არსებობდა ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც სათვისტომოს სტატუსი ჰქონდა… ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც დღემდე წარმატებით მუშაობს ქართული სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიმართულებით, „ქართული ასოციაციაა“, ძალიან ეფექტურია მათი მუშაობა, მაგრამ დიასპორის დახმარებაზე არ მუშაობს. ამ ორგანიზაციას სხვა მიზნები აქვს… ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, თავად ჩამომეყალიბებინა და 2003 წელს მეგობართან ერთად შევქმენი ამერიკული ორგანიზაცია, არამომგებიანი, არასახელმწიფოებრივი ასოციაცია „თვისტომი“. სწორედ ამ ორგანიზაციის მეშვეობით დავიწყე მუშაობა ამ მიმართულებით. ქართული დიასპორა ძალიან არამიზნობრივი და გაბნეულია ამერიკის ტერიტორიაზე, ამიტომ ძალიან მნიშვენლოვანია მათთვის სათვისტომოს არსებობა. ორგანიზაციის პირველი მთავარი მიზანი იყო, ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს ადგილობრივ სოციუმთან, ამერიკულ ცხოვრებასთან უმტკივნეულოდ შეგუებას…
– საქართველოს სხვაგან ვერ გადაიტან…12782493_1228562383839034_112062698_n
– სწორედ ამის გამოა სათვისტომო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის გარემო, სადაც ადამიანი  თავს გრძნობს კომფორტულად და დაცულად. ჩემი ორგანიზაციის მთავარი მიზანი სწორედ ეს არის და საკმაოდ წარმატებითაც გამოგვდის. გარკვეული დახმარება „თვისტომმა“ უკვე გააკეთა, თავის დროზე ლეგალური იურიდიული სამსახურის შექმნით და სამედიცინო სამსახურით, რომელიც დღემდე ძალიან წარმატებულად მუშაობს. ჩვენმა სამედიცინო ჯგუფმა შექმნა პროგრამა, რომლითაც ქალბატონებს უფასო მამოგრაფიის და მკურნალობის საშუალება აქვთ.
– რა ეტაპზეა ახლა სათვისტომო, რა პრობლემები აქვს…
– სათვისტომო არის ჩამოყალიბებული კრიტერიუმების მქონე ორგანიზაცია. მას უნდა ჰქონდეს საკუთარი კულტურული რელიგიური ცენტრები, სკოლები, კარგად ორგანიზებული სასწავლებელი, ადგილობრივი მედია და ა.შ.  გამართულად უნდა მუშაობდეს ეს სამსახურები, რომელიც არ დაუშვებს შენი სათვისტომოს წევრის უფლების დარღვევას. ჩვენ წლებია ამაზე ვმუშაობთ და გაგვაჩნია პროექტი, მაგრამ მიზეზი ბევრია, რომ ამის ცხოვრებაში გადატანა ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, ემიგრანტებმა საკუთარი ქვეყნის მიმართ ნდობა დკარგეს… ამას მე ვეძახი ჩატეხილ ხიდს, ეს ჯერ კიდევ მაშინ იყო ასე, როცა მე ჩამოვედი. თუნდაც ქართველი ემიგრანტი, რომელიც ბრუნდება საქართველოში, მისი სამუდამო დაბრუნების შემთხვევაში, მისი ქონება იბეგრება საკმაოდ მაღალი ბეგარით, ჯერ კიდევ გადაულახავია ეს პრობლემა… დღეს უკვე ამ პრობლემებს ყურადღება ექცევა, გაძლიერებულია ამაზე მუშაობა, ველოდებით პასუხს და ამის იმედი გვაქვს…12596285_1228562397172366_886959039_n
– პროფესია…
– განათლებით ექიმი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ. ჩემი პროფესიით წასვლა საკმაოდ ბევრის დათმობას იწვევდა ჩემი მხრიდან. ერთ-ერთი სწორედ ეს იყო, რომ ასოციაცია ჩამოვაყალიბე და ძალიან სერიოზულად მივუდექი ამ საკითხს. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ექიმობას აპირებ, ძალიან სერიოზული მომზადებაა საჭირო, ფაქტობრივად უნდა გამოეთიშო ცხოვრებას…
1995 წელს დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი და, შესაბამისად, უკვე 5 წელი იყო გასული, რაც აქ ჩამოვედი. საჭიროა ადგილობრივი გამოცდების ჩაბარება. გახდე ამერიკელი ექიმი, საკმაოდ რთულია, მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმო. მე ეს ვერ მოვახერხე იმის გამო, რომ ჩართული ვიყავი სხვადასხვა პროცესში. ახლა სამედიცინო ბიზნესში მენეჯმენტის კუთხით ვარ და რამდენიმე სამედიცინო ორგანიზაციას ვუწევ მენეჯმენტს. გარდა ამისა, ჩვენს ასოციაციაში გვაქვს სამედიცინო სამსახურები, რის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია, ქართველებს მოვემსახუროთ და ჩავუტაროთ გამოკვლევები. მოგეხსენებათ, ქართველებს დაზღვევა არ აქვთ, ვეხმარებით, რომ მიიღონ სამედიცინო მომსახურება, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნიათ არანაირი სტატუსი და არალეგალები არიან… თუმცა ჩვენ გვაქვს საშუალებები, რითიც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ და ვაკეთებთ კიდევაც ამას…
– ქართული გემო წაიღეთ ამერიკაში…12755237_1228562367172369_1471522091_o
– სამზარეულო, ზოგადად, არის ძალიან ეფექტური ბერკეტი და იარაღი, გააცნო შენი ქვეყნა და გაიტანო უცხო ქვეყანაში. ქართული მუსიკა, ცეკვა, ფოლკლორი, ხელოვნება, თავისთავად არის ჩვენი სავიზიტო ბარათი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართული სამზარეულო ჩვეულებრივი სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა. ბევრი ამერიკელი იგებს და ეცნობა ამ სამზარეულოს მეშვეობით ჩვენს ქვეყანას. პირველად ასე, საქართველოს გემოს ჩვენი კაფეებიდან ეცნობიან. ჩვენი წარდგინებისთვის ძალიან ეფექტური გახდა სწორედ აი ეს გზა. მანჰეტენზე უკვე რამდენიმე ქართული რესტორანი მუშაობს. ჩვენი კაფეები ქსელური ტიპის ბიზნესია, ამიტომ მიხარია, რომ უკვე მოვახერხეთ და მანჰეტენზე მეორე კაფე გავხსენით ამ ქსელში. გვინდა რესტორნების ქსელი ვაშინგტონშიც გადავიტანოთ.
– ქართული სახელი ამერიკის კვების ობიექტებში…
– „თონე კაფე“ – ასე ჰქვია. პირველი ქართული თონე ვართ, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში ამუშავდა ნიუ-იორკში. თავიდან თონე შევიძინეთ და მერე  ეს კაფეების ქსელი ქართულ თონეზე ავაშენეთ. ვინც კაფეში მოდის, შეუძლია დიდი მინის ფანჯრიდან დაინახოს, როგორ მზადდება ქართული პური. საკმაოდ საინტერესო და მომხიბლავი პროცესია. ბევრს აინტერესებს და ჩვენი კაფეების სავიოზიტო ბარათია.
– რომელია ყველაზე პოპულარული კერძი ?12767778_1228562323839040_950212758_n
– თავისთავად ხაჭაპურია. ძალიან მოსწონთ კუბდარიც. მანჰეტენზე ჩვენ შევქმენით ახალი პროდუქტი და დავარქვით „ჯიბე“. ერთი და იგივე ფორმის ნაწარმია და შიგთავსი სხვადასხვა აქვს. ძალიან მოსწონთ ჩაქაფული და საცივი…
– სად ხდება საჭირო ინგრედიენტების მოძიება?
– საქართველოდან, რა თქმა უნდა, ვერ მოგვაქვს. ჩვენს კერძებში ქართული მხოლოდ სუნელებია, დანარჩენი ინგრედიენტები კი ადგილობრივი. რაც შეეხება ყველს, საკმაოდ რთული, იყო მოგვეძებნა და მაქსიმალურად მიგვეახლოვებინა ქართულ გემოსთან, ამისთვის დიდი დრო დაგვჭირდა.
– დაჯილდოება…12784293_1228562330505706_1106275573_n
– მე თვითონ ჩემი რწმენით „რესპუბლიკელი“ გახლავართ. ამ პარტიის იდეალები უფრო ახლოს არის ჩემთან. მინდა, რომ ბევრი ქართველი ჩაერთოს ამ კლუბში და  ადგილობრივ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ბევრი ქართველი ამერიკის მოქალაქე გახლავთ. ჩვენ გვაქვს საარჩევნო ხმა და გამოვიყენოთ ეს უფლება. დავანახოთ სენატორებს და კონგრესმენებს, რომ ვართ ძლიერი სათვისტომო და გვაქვს საშუალება, მათ მხარში დავუდგეთ, შესაბამისად, იგივეს მოველოდოთ მათგანაც… „რესპუბლიკურ“ კლუბთან 3 წელია ვურთიერთობ. ეს არის ყველაზე ძველი კლუბი ამერიკაში და მე ამ კლუბის დირექტორატის წევრი გახლავართ, ბიზნესსაბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე ვარ და წელს ამ ჯილდოს გამომცემენ, როგორც ამ კლუბის ერთ-ერთ აქტიურ წევრს…

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები