თამარ კორძაია სანდრო ბრეგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საქმეში „რესპუბლიკელების“ და თინა ხიდაშელის მონაწილეობას გამორიცხავს

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, დეპუტატი თამარ კორძაია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საქმეში „რესპუბლიკელების“ და თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მონაწილეობას გამორიცხავს.
როგორც კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ბრეგაძის კონკრეტულ პოსტზე დანიშვნით „რესპუბლიკელები“ ბედნიერები ნამდვილად არ იყვნენ, თუმცა მის გათავისუფლებასთან მათ არანაირი კავშირი არ აქვთ.
კორძაიას თქმით, ბრეგაძის განცხადებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
„ეს სრულიად გაურკვეველი და დაუსაბუთებელი განცხადებაა. „რესპუბლიკელებს“ არ დაუნიშნავთ ის. მისი დანიშვნის დროსაც არ ვიყავით ამ ფაქტით ბედნიერნი, მაგრამ არავითარი კავშირი „რესპუბლიკელებს“ მის დანიშვნასთან ან მის განთავისუფლებასთან არ აქვს.
მას არავითარი საფუძველი არ აქვს, „რესპუბლიკური პარტია“ და, მით უმეტეს, თავდაცვის მინისტრი დაადანაშაულოს სამსახურიდან მის გათავისუფლებაში“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
სანდრო ბრეგაძემ გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ შესატან ჩანაწერზე ისაუბრა,
ცვლილების მიხედვით, ბრეგაძის თქმით, ოჯახი უნდა დაფიქსირდეს როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. მანვე ამავე თემაზე საუბრისას აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ „რესპუბლიკელები“ ამ საკითხის მხარდაჭერისას ჭოჭმანობენ და ამის გამო უმრავლესობის პოზიცია ერთიანი ვერ არის.
საკითხზე კომენტარი „რესპუბლიკელმა“ დეპუტატმა თამარ კორძაიამ გააკეთა, კორძაია მიიჩნევს, რომ სანდრო ბრეგაძეს უბრალოდ სურს, რომ მკაფიო და აგრესიული განცხადებებით ყურადღება მიიპყროს. შეგახსენებთ, რომ სანდრო ბრეგაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, თინა ხიდაშელმა პრემიერს მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები