კახა კახიშვილი: დამატებითი სტრუქტურების შექმნის მომხრე არ ვარ, ასე ძალიან შორს წავალთ
საერთოდ, არ ვარ მომხრე დამატებითი სტრუქტურების შექმნის, იმიტომ, რომ ასე ძალიან შორს წავალთ, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ განაცხადა, სადაც ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ორგანიზებით კონფერენცია იმართება.
ამასთან, როგორც კახიშვილმა აღნიშნა, მკაცრი საკანონმდებლო გარანტიებია საჭირო, რომ დანაშაულები, რომლებიც უკავშირდება თანამდებობის პირებს, არ დარჩეს გამოსაძიებელი იმ უწყებას, სადაც ეს დანაშაული ხდება.
„საერთოდ, როდესაც ნებისმიერ ცვლილებას იღებ, გააზრებული უნდა გქონდეს კონკრეტულად სტრატეგია და რას მიიღებ ამ ცვლილების შედეგად. ამოცანა არის ის, რომ კონკრეტულად უწყებაში არ ჩაიკეტოს ის გამოძიება, რომელიც უკავშირდება თანამდებობის პირების მხრიდან დანაშაულის ჩადენას. ამ ამოცანის შესასრულებლად არის რამდენიმე გზა და ამიტომ არის, ზუსტად, მსჯელობა, რომ ერთ-ერთი ისეთი ქმედითი მექანიზმი მივიღოთ, რომ ამ მექანიზმმა მოგვცეს ის შედეგი, რა შედეგისთვისაც დღეს აქ ვიკრიბებით. საერთოდ, არ ვარ მომხრე დამატებითი სტრუქტურების შექმნის, იმიტომ, რომ ასე ძალიან შორს წავალთ. კომისარიატი გამოიძიებს უწყებაში მომხდარ დანაშაულს, კომისარიატში ჩადენილ დანაშაულს ვინღა გამოიძიებს“, – განაცხადა კახიშვილმა.
ამასთან, მინისტრის აზრით, უნდა იყოს ქმედითი მექანიზმი პროკურატურის ზედამხედველობით და, როგორც კახიშვილი ამბობს, თანამდებობრივი დანაშაული თავიდან ბოლომდე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.
„ამავდროულად, დღევანდელი საპროცესო კოდექსის მიხედვით, ფაქტობრივად, ნებისმიერ უწყებაში გამოძიებას ზედამხედველობს პროკურატურა და რომც შეინიშნებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები თანამდებობის პირის მიმართ, დამიჯერეთ, ნებისმიერი პროკურორი ამას დაადგენს და საქმეს წაიღებს გამოსაძიებლად. მაგრამ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საჭიროა მკაცრი საკანანომდებლო გარანტიები, რომ ის დანაშაული, რომელიც უკავშირდება თანამდებობის პირებს, არ დარჩეს გამოსაძიებლად იმ უწყებას, რომელშიც ეს ამბავი ხდება“, – განაცხადა კახიშვილმა.