პრემიერი: ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაცია სწორი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაცია სწორი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რადიო „თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ შარშანდელი წელი დავასრულეთ ძალიან დიდი წარმატებით, როცა ევროკომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით დასრულებაზე და ამ პერიოდში ჩვენ კიდევ ერთხელ გვიწევს მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზება, რათა გავანეიტრალოთ ის წუხილი, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს გააჩნიათ მიგრანტების კრიზისიდან გამომდინარე.
თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ასოცირება მიგრანტების კრიზისსა და საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის საბოლოო დასრულებას შორის და დადებითი დასკვნა მივიღოთ როგორც ევროკავშირის საბჭოში, ასევე ევროპარლამენტში, რათა ეს პროცესი საბოლოოდ დასრულდეს და საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში თავისუფლად მოგზაურობის საშუალება მიეცეთ“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დადებითი დასკვნის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური კუთხით.
„მხედველობაში მაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე პოლიტიკური კუთხით, ვინაიდან ეს ამყარებს საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯს და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი მოქალაქეების მოტივირებას, რომ ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაცია არის სწორი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები