კემერონის გამარჯვება: დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირში განსაკუთრებული სტატუსი მიიღო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგად მან ევროკავშირში დიდი ბრიტანეთისთვის განსაკუთრებულ სტატუსს მიაღწია. მიგრანტებთან დაკავშირებით ლონდონის მოთხოვნა ასევე გათვალისწინებულია. „დღეს დიდი ბრიტანეთისთვის ისტორიული დღეა“, – განაცხადა კემერონმა ბრიუსელის სამიტის შემდეგ.
მოლაპარაკება კემერონსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას შორის 40 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კემერონმა ასევე განაცხადა, რომ ლონდონი ქვეყნის სუვერენიტეტის განსამტკიცებლად ევროკავშირს სხვა მოთხოვნებსაც წაუყენებს. დევიდ კემერონის ძირითად გამარჯვებად ევროკავშირიდან ჩასული შრომითი მიგრანტებისთვის სოციალური დახმარების გადახდის შეჩერებაა. ახლა მიგრანტები და ლტოლვილები დიდ ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ შვიდი წლის განმავლობაში შემწეობას ვერ მიიღებენ. შეზღუდვები დაწესდება ასევე მიგრანტების შვილებისთვის დახმარების გადახდაზე. კემერონის კიდევ ერთი გამარჯვება – მიღწეულია შეთანხმება, რომ დიდი ბრიტანეთის ევროზონაში არასოდეს შევა.
გარდა ამისა, გაერთიანებულ სამეფოს დღეიდან არ შეეხება ევროკავშირის პრინციპი „ევროპის ხალხთა უფრო მჭიდრო კავშირის“ შესახებ. ამის გამო ევროკავშირი საბაზისო შეთანხმებებებში შესწორებებს შეიტანს.
„უფრო მჭიდრო ინტეგრაცია დიდ ბრიტანეთს არ შეეხება. ბრიტანეთი ევროპული სუპერსახელმწიფოს ნაწილი არასოდეს გახდება“, – განაცხადა კემერონმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა მიაღწია იმასაც, რომ ბრიტანული პარლამენტი ბრიუსელზე ნაკლებად დამოკიდებული იქნება.
„ჩვენ ძალაუფლება დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების პარლამენტების ხელში დავაბრუნეთ. ჩვენს პარლამენტს ევროკავშირის სხვა პარლამენტებთან ერთად ბრიუსელის არასასურველი საკანონმდებლო ინიციატივების დაბლოკვის უფლება ექნება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა. დევიდ კემერონმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის განსაკუთრებული სტატუსი იმდენად მისაღებია ლონდონისთვის, რომ ბრიტანელებს ევროკავშირიდან გასვლა აღარ მოუნდებათ. ამ საკითხზე რეფერენდუმი 2017 წელს უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები