დევიდ კემერონი: ევროკავშირი დასრულდა, დროა ნატოზე დაფუძნებულ ახალ ეკონომიკურ კავშირზე ვიფიქროთ

ევროკავშირი დასრულებულია. ახლა დროა, ნატოზე დაფუძნებულ ახალ ეკონომიკურ კავშირზე ვიფიქროთ, – ამის შესახებ ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა.
დევიდ კემერონსა და ევროკაშირის ლიდერებს შორის ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებას უკვე უწოდეს „ბრძოლა“, „ევროკავშირის ბედის გადაწყვეტა“ და „ვაჭრობა ხელჩართული ჩხუბის ზღვარზე“. სწორედ ამ სამიტზე უნდა გადაწყდეს, რა გზას აირჩევს დიდი ბრიტანეთი – დარჩება ევროკავშირში თუ ისევ „დამოუკიდებლად ცურვას“ ისურვებს.
მომავალ წელს ამ საკითხზე ბრიტანეთში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, ხოლო დღეს ორგანიზაციაში დარჩენის სანაცვლოდ ლონდონი ევროკავშირს კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს. დიდი ბრიტანეთი მოითხოვს ევროკავშირისგან ოფიციალურ აღიარებას, რომ ევრო ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი ვალუტა არ არის. ლონდონს მიაჩნია, რომ ეს იმ ქვეყნების ეკონომიკურ ინტერესებს ლახავს, რომლებიც ევროზონაში არ შედიან.
გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთს სურს, დოკუმენტურად გაფორმდეს, რომ ის ევროზონაში შემავალი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების პროგრამაში მონაწილეობას არ მიიღებს. ძირითადი საკითხი, რის გარშემოც დებატები მიმდინარეობს, მიგრანტებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სოციალური დახმარების პოლიტიკის გამკაცრებაა. ლონდონი შემწეობების გაუქმებას ითხოვდა. თანაც გამკაცრება არა მარტო ევროპულ კონტინენტზე ჩასულ „ახალი ტალღის“ მიგრანტებს ეხებათ, არამედ ევროპის მოქლაქეებსაც, რომლებიც სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წასვლას გადაწყვეტენ. მოლაპარაკების შედეგად მხარეებმა მინიმალური შემწეობის დატოვების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
და ბოლოს – დიდი ბრიტანეთის მოთხოვნაა ნაციონალური პარლამენტებისთვის უფრო დიდი უფლებების მინიჭება. კემერონის პროექტით, მათ ადგილებზე ბრიუსელის გადაწყვეტილების დაბლოკვის უფლება ექნებათ. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ამბობს, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემთხვევაში ამ ორგანიზაციის დაშლა საკმაოდ რეალურია.
„იმას, რაც გვაქვს, უფრო ფაქიზად უნდა მივუდგეთ. რასაც გატეხ, მერე ვეღარ შეაწებებ“, – აცხადებს ტუსკი.
მის ბოლო განცხადებებს ჟურნალისტებმა „მეტაფორების მეშვეობით საკუთარი გრძნობების გამოხატვა“ უწოდეს. ევროკავშირის სხვა წევრები კემერონის ამ მოთხოვნებით „აღფრთოვანებულები ნამდვილად არ არიან“, თუმცა ევროპელი ლიდერები დიდი ბრიტანეთის ამ აქტიურობას გაგებით ხვდებიან.
განცხადებები ევროკაშირიდან შესაძლო გასვლის შესახებ სხვადასხვა დროს საბერძნეთშიც, პოლონეთშიც და სხვა ქვეყნებშიც ისმოდა. ერთი კი ცხადია: ლონდონის ყველა მოთხოვნას ევროკავშირის 27-ვე წევრი მხარს ნამდვილად არ დაუჭერს. ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი მომავალ წელს უნდა გაიმართოს. გამოკითხვების მიხედვით, აქაც გაურკვეველი სიტუაციაა. ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარი ევროკავშირიდან გასვლას მხარს უჭერს. ამ იდეის მოწინააღმდეგეც დაახლოებით იმდენივეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები