რატომ არის ქართული ხმა ოპერისთვის კარგი და ვისთან ისწავლა იტალიური სტილისტიკა ოთარ ნაკაშიძემ

ტექნიკური უნივერსიტეტიდან მსოფლიო საოპერო კარიერამდე. რატომ გადაწყვიტა ოთარ (ბაჩო) ნაკაშიძემ სცენაზე დგომა და როგორ გახდა წარმატებული ოპერის მომღერალი. ჩვენი პერსონა იტალიურ საოპერო სიმაღლეებზე მოგვიყვება…12714468_1225002220861717_269642571_n

– ახლახან დავბრუნდი იტალიიდან. ვიყავი მე-12 საერთაშორისო კონკურსზე. იშვიათია, როცა კონკურსი თეატრის სცენაზე იმართება. დასკვნითი ფინალური ტური კი ორკესტრის თანხლებით იყო. 150 მონაწილეში გავიმარჯვე და ამ კონკურსის ისტორიაში პირველად მაყურებელმა საკუთარ რჩეულად არა იტალიელი, არამედ ქართველი დაასახელა. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, იტალიაში მაყურებლის რჩეულად რომ დამასახელეს.
– მსოფლიო სოპრანოს ჯუნი ანდერსონის რჩეული ხარ…12714119_1225002227528383_1968592306_n
– ლეგენდარულმა სოპრანომ ჯუნი ანდერსონმა, რომელიც ლუჩანო პავაროტის მთავარი პარტნიორი, ასევე პლასიდო დომინგოს და ხოსე კარერასის შეუცვლელი პარტნიორია, კონკურსის შემდეგ შეგვარჩია 7 მომღერალი. მიგვიწვიეს ბუდრიოს თეატრში და დავეხმარეთ კონცერტის გამართვაში, სადაც შევასრულე ორი არია და ორი დუეტი…
– როგორ აღმოჩნდით კონკურსის მონაწილე?
– კონკურსში აბსოლუტურად ექსპრომტად მოვხვდი. მე უკვე სხვა ეტაპზე ვარ. ახლა იტალიაში სპექტაკლის მოსმენებზე ვიყავი, სადაც ამირჩიეს და მთავარი პარტია მომცეს. იქ ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ამ პერიოდს ძალიან მაღალი დონის კონკურსი ემთხვევა და ხომ არ გექნებოდა სურვილი, მონაწილეობა მიიღოო. 2014 წელს 4 კონკურსი მოვიგე იტალიაში, მას შემდეგ შარშან თავად ვიყავი ჟიურის წევრი. რადგან ასეთი შემოთავაზება იყო, ასეთი დონის პრეზიდენტი ჰყავდა, ჟიურიში ვენიშტაც ოპერის წარმომადგენელი, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის რანდენიმე თეატრის და ესპანეთის ძალიან სერიოზული წარმომადგენლების გამო, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ამასთანავე, იყო შანსი, რომ სპექტაკლზე რამდენიმე მომღერალი აერჩიათ „ტრავიატასთვის“, რომელიც ზაფხულში ტოსკანაში ტარდება. მადლობა ღმერთს, ერთადერთი ადამიანი შეარჩიეს და მე ამირჩიეს მთავარი პარტიის შესასრულებად…
– როგორ დაიწყო სამუსიკო ცხოვრება...12736007_1225002240861715_1381897075_n
– სიმღერა ძალიან გვიან დავიწყე. ვსწავლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში. საერთაშორისო ეკონომიურზე. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა დედის თხოვნით გადავწყვიტე მემღერა. ჩემი პირველი პედაგოგი იყო ბათუმელი მაესტრო მურმან მახარაძე…
– დედა მუსიკოსია?
– არა, პროფესიონალი არ არის, მაგრამ მელომანია. უყვარს მუსიკა, ოპერა, ზოგადად, სიმღერა. თავიდან მეცინებოდა, საოპერო მომღერლის სიმღერას ვერ ვაკავშირებდი ჩემს თავთან. თუმცა, მაინც მივედი მურმან მახარაძესთან, უჩვეულო ამპლუა იყო ჩემთვის, ვერ ვეგუებოდი საკუთარ თავს. ბატონ მურმანთან პირველი ეტაპი მსუბუქად დავიწყე, გარემოს ვეგუებოდი.
შემდეგ თბილისიდან ჩამოვიდა პროფესორი, პედაგოგი თამაზ ცერიაშვილი, რომელმაც დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემს კარიერაში. როცა მომისმინა, დამარწმუნა, რომ თუ ამ საქმეს სერიოზულად მივუდგებოდი, მსოფლიო კარიერა მექნებოდა. მართლაც, ბატონმა თამაზმა, როგორც პედაგოგმა, ფსიქოლოგიურად ძალიან იმუშავა,  ძალიან ბევრი რამ მომცა, მყარი საძირკველი ჩაყარა ჩემი შემდგომი წარმატებისთვის. ჩავაბარე ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალურ სასწავლებელში, დავამთავრე თამაზ ცერიაშვილის კლასში და ასევე ჩავაბარე ბათუმში, კონსერვატორიაში. პირველი კურსი რომ დავამთავრე, სწავლის გაგრძელება თბილისის კონსერვატორიაში გადავწყვიტე და მეორე კურსზე ლეგენდარულ ნოდარ ანდღულაძის კლასში გადმოვედი. 5 წელი ვიყავი მასთან, ძალიან დიდი, კოლოსალური სამუშაო გავწიეთ…
– რამდენად რთული იყო ასეთი მუშაობა…12735876_1225002224195050_222423575_n
– არ დაგიმალავთ, თავიდან  სცენის კომპლექსიც მქონდა, რომ გამოვსულიყავი და მემღერა. მაგრამ მერე ეს ჩემი ცხოვრება და ჩემი ნაწილი გახდა. ახლა ამით ვცხოვრობ და მთელი ჩემი ცხოვრება შემოქმედებას და სიმღერას მივუძღვენი. 24 საათი ვშრომობ, ვმუშაობ. 33 წლის ვარ და 12-ზე მეტი მთავარი პარტია მაქვს მომზადებული.
– აღმოჩნდა, რომ დედამ სწორი მიმართულება გირჩიათ…
– რასაკვირველია… ჩემთვის მთავარი არასოდეს ყოფილა ფული, ჩემთვის უფრო მთავარი იყო, მეკეთებინა სახელოვანი საქმე. მირჩევნია, ქვეყანას ასე გამოვადგე, ჩემთვის ეს გზა უფრო მნიშვნელოვანია…
– სწავლა იტალიაში განაგრძეთ…
– კონსერვატორიაში, მაგისტრატურაში ლეგენდარულ ელდარ გეწაძესთან გავაგრძელე სწავლა.. ბარიტონთან, რომელმაც აბსოლუტურად რადიკალურად შეცვალა ჩემი მომავალი… ელდართან უკვე სხვა ეტაპზე გადავედი. ასევე აღსანიშნავია ჩემი მეუღლის, მარინა ადამიშვილის როლი, რომელიც კონსერვატორიაში გავიცანი. მარინა კონსერვატორიის პროფესორი, პიანისტი გახლავთ. შემდეგ გავხდი რესპუბლიკური კონკურსის დიპლომანტი. 2011-12 წლებში კი პირველი ჩემი გასვლა იყო ავსტრიაში და პირველი ტიტული მივიღე ჩემს მეუღლესთან ერთად, იქაური კონკურსის დიპლომანტი გავხდი. შემდეგ ავსტრიის საერთაშორისო კონკურსის დიპლომანტობა მერგო, სადაც ლეგენდარული რუსი მეცო-სოპრანო ელენე ობრაზცოვა იყო ჟიურის პრეზიდენტი. მაშინ 12674981_1225002244195048_1862455128_oქალბატონმა ელენემ მირჩია, რომ იტალიაში წავსულიყავი… და ასე ვთქვათ,  შემდეგ იტალიაში განვაგრძე  მოღვაწეობა. ეს მოხდა ჩემი ქალაქ ბათუმის დახმარებით. მესამე კურსზე უკვე ორი საოპერო თეატრის, ქუთაისის და ბათუმის თეატრების სოლისტი ვიყავი. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, სტუდენტობის დროს სოლისტები არ ხდებიან. ამან ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვა…
აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმში, ლეგენდარულმა სოპრანომ და ვოკალის პედაგოგმა მარინა ჯახუტაშვილმა ძალიან შემიწყო ხელი, რომ თეატრში მემღერა და იტალიაში სტაჟირებაზე გავმგზავრებულიყავი. შემდეგ ბათუმის კულტურის სამინისტრომ დამაფინანსა და წავედი იტალიაში სასწავლებლად.
მილანში ერთი წელი „მუზიკალე აკადემიაში“ ვისწავლე. შემდეგ იყო სოპრანო ჟან ფრანკა ოსტინი, რომელმაც კოლოსალური სამუშაო გასწია, ჩემი წარმატებისთვის და ვოკალური ტექნიკა მაღალ დონეზე შემასწავლა. სწავლა განვაგრძე ქალაქ პეზაროში, როსინის ქალაქში, სადაც ლუჩანო პავაროტი ცხოვრობდა, რენატა ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს სახელობის საოპერო აკადემიაში. ძალიან დამეხმარა ასევე, ლეგენდარული, – 97 წლის იყო მაშინ, უკვე გარდაცვლილი, – მარიო მელანი. მელანიმ ნამდვილი იტალიური სტილისტიკა შემასწავლა – ესაა იტალიური იმპროვიზაციები, რაც, რა თქმა უნდა, დამეხმარა შემდგომ წარმატებაში. ამას მოყვა პიაჩენცაში ოპერა „ტრუბადური“ ვიმღერე მილანის აუდიტორიუმში, ლა სკალას მუზეუმში მაქვს ნამღერი, ასევე მაქვს ნამღერი ძალიან ბევრს ფესტივალზე… ჩემი გამარჯვება იყო 2014 წელს, ცნობილი ბარიტონის აურელიო ბურსის კონკურსზე, სადაც პირველი ადგილი მოვიპოვე. ლეგენდარული მეცო-სოპრანოს ჯულიეტა სიმიონატოს კონკურსზე მეორე ადგილი ავიღე. შემდეგ იყო ისევ პეზაროში, ქალაქმა ჩაატარა ვოკალური კონკურსი და აქაც პირველი ადგილი მოვიპოვე. ასევე დიპლომანტი გავხდი რუმინეთში… ახლა კი ეს ბოლო კონკურსი იყო, რომელიც ორი კვირის წინ გაიმართა…12516286_1225002230861716_1958590386_n
– რას გრძნობ როცა ოპერის ქვეყანაში სცენაზე გადიხარ?
– იტალია ვოკალური სფეროს აკვანია, აქ სწავლობს ოპერის მომღერლების რჩეული ნაკადი. იტალია ნომერ პირველი ქვეყანაა საოპერო თვალსაზრისით და არა მარტო… წარმოიდგინეთ, თითო კონკურსში მინიმუმ 100 მომღერალი მონაწილეობს. ამიტომ რაოდენ დასაფასებებლია თითოეული გამარჯვება. რასაკვირველია, ნერვიულობა არის, როცა ასეთი გიგანტების წინ დგახარ. თავისთავად ემოციასთან, ღელვასთან და შემოქმედებით მღელვარებასთან არის დაკავშირებული. თუმცა სცენაზე აბსოლუტურად არ ვღელავ, ვნერვიულობ, როცა შედეგს ველოდები. იმიტომ, რომ ჟიურიში ზის 8 ან 10 შემფასებელი და ყველას თავისი გემოვნება აქვს… და არ იცი, ვინ როგორ გაფასებს, ვის როგორ მოსწონს შენი სიმღერა. აქედან გამომდინარე, შედეგზე უფრო ვღელავ, ვიდრე სიმღერის დროს…
– ქართული ხმა უხდება ოპერას?12735693_1225002214195051_2030932037_n
– მიუხედავად იმისა, რომ მცირერიცხოვანი ერი ვართ, ჩვენი კლიმატი, ჰავა განაპირობებს იმას, რომ ბევრი საოპერო მომღერალი გვყავს. ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა ვოკალს და ხელოვნებას. მინდა ჩემი კუთხე ბათუმი აღვნიშნო, ძალიან უხდება ზღვის ჰაერი და კლიმატი ხმას. ამიტომ ბათუმის ხმებიც განსაკუთრებულია… იტალიაც ზღვაშია მთლიანად და იტალიური ხმა გამორჩეული და განსაკუთრებულია.
– სამომავლო გეგმები…
– ბათუმში ვგეგმავთ გრანდიოზულ პრემიერას – ოპერა „ტოსკას“, სადაც აბსოლუტურად ადგილობრივი კადრები იქნება. წამყვან პარტიებს ჩემთან ერთად ირაკლი კახიძე, ინგა ჯახუტაშვილი და სულხან ჯაიანი იმღერებენ. დგამს იტალიელი დირიჟორი მაურიციო ჩამპი და უცხოელი რეჟისორი. რეპეტიციები უკვე დაწყებულია. შემდეგ იტალიაში მაქვს სპექტაკლები. დავბრუნდები საქართველოში და ვგეგმავთ ოპერა „სიმონ ბოკანეგრას“ დადგმას, ეს ოპერა ჩვენთან ჯერ არ დადგმულა…
ასევე, თბილისის განახლებული ოპერის სცენაზე არ მიმღერია და ჩემი დიდი სურვილია, ალბათ ღვთის წყალობით მომეცემა ამის შანსი და საშუალება, რომ ჩემი საყვარელი ოპერის სცენაზე მაყურებლის წინაშე წარვდგე…

ნინო ჯაჯანიძე


12696080_1225002217528384_464367020_n

12722200_1225002247528381_1251600025_o

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები