კომპანია TEZ TOUR-ი საქართველოში შემოყვანით ტურებს განახორციელებს

საქართველოში შემოყვანითი ტურისტული მიმართულებების განვითარებით ცნობილი საერთაშორისო ტურისტული კომპანია TEZ TOUR-ი დაინტერესდა.
უწყების ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და TEZ TOUR-ის მმართველმა დირექტორმა დიმიტრი ჩარიტიდისმა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა მინისტრთან. ჩვენი კომპანია დიდი ხანია საქართველოს მიმართულებით არის დაინტერესებული და მადლობელი ვარ მოწვევისთვის. TEZ TOUR-ის, როგორც საერთაშორისო ოპერატორის საქმიანობა მოიცავს ტურიზმის სფეროში ურთიერთობებს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ უკრაინასთან, ბელორუსიასთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან, ბალტიის ქვეყნებთან და ასე შემდეგ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი საქმიანობა საქართველოშიც წარმატებული იქნება“, – განაცხადა TEZ TOUR-ის მმართველმა დირექტორმა დიმიტრი ჩარიტიდისმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ TEZ TOUR-ი საქართველოში შემოყვანითი ტურიზმის სფეროში საქმიანობით არის დაინტერესებული.
„ჩვენ გვქონდა დღეს ძალიან კარგი შეხვედრა. ვისაუბრეთ საქართველოს შესაძლებლობებზე, ასევე იმ ტურისტული ნაკადების შესახებ, რომელიც შესაძლოა, მოზიდული იყოს როგორც რუსეთიდან, ასევე მსოფლიოს იმ ქვეყნებიდან, სადაც TEZ TOUR-ის ოფისები მდებარეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ კომპანიამ დაიწყოს შემომყვანი ტურიზმით საქმიანობა საქართველოში. კომპანიამ დააფიქსირა, რომ მათ სჭირდებათ ძლიერი, ქართველი პარტნიორი იმისათვის, რომ ერთობლივად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის, TEZ TOUR-ი ცნობილი საერთაშორისო ტუროპერატორი კომპანიაა, რომელიც ორგანიზებას უწევს ტურებს რუსეთიდან, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. კომპანია ახორციელებს ტურისტულ ტურებს ავსტრიის, ბულგარეთის, ვენგრიის, საბერძნეთის, ეგვიპტის, ესპანეთის, ჩინეთის, კუბის, მექსიკის და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები