საქართველომ წელს შესაძლოა, ევროობლიგაციები გამოუშვას

2016 წელს საქართველომ შეიძლება გამოუშვას ევროობლიგაციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტო “როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“საქართველო, რომელმაც 2016 წელს შეიძლება გამოუშვას ევროობლიგაციები, ცდილობს, საერთაშორისო ინსტიტუტებისგან მოიპოვოს დამატებითი ფინანსური რესურსები, რათა დაძლიოს მეზობელ ქვეყნებში შექმნილი პრობლემებით გამოწვეული ეკონომიკის შეფერხება, წინასწარ ვერ ვიტყვი, დაგვჭირდება თუ არა ევროობლიგაციების გამოშვება, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება მოითხოვს დამატებით ინვესტიციებს, ევროობლიგაციების გამოშვების ჩათვლით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, და შეიძლება წელსვე“, -აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
მისი თქმით, 2011 წელს საქართველომ გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ათწლიანი ევროობლიგაციები, ასევე გამოისყიდა 2008 წელს გამოცემული 500 მილიონი დოლარის ღირებულების ხუთწლიანი ევროობლიგაციების დიდი ნაწილი (417 მილიონი დოლარი).
ამასთან, როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, საგადასახადო რეფორმების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყო კორპორაციული მოგების დაბეგვრის გაუქმება, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება და ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია.
„წელს ჩვენ ვვარაუდობთ 3-პროცენტიან ზრდას. მიმაჩნია, რომ ამ შედეგების მიღწევა შესაძლებელია“, – ამბობს კვირიკაშვილი.
შარშან საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირდა 2,8-პროცენტიანი ზრდა. ამავე ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მისი მთავრობა გამართავს ვიზიტებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ეკონომიკაში ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც დაზარალდა მეზობელ ქვეყნებში არსებული ფინანსური პრობლემების გამო.
„წელს გაიმართება რამდენიმე ვიზიტი, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც ვგეგმავთ მეორე კვარტალში. განხორციელდება ვიზიტები აგრეთვე რეგიონის ქვეყნებში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზეც საუბრობს.
როგორც კვირიკაშვილი ამბობს, მთავრობა გეგმავს, მიმართოს საერთაშორისო ინსტიტუტებს ინფრასტრუქტურული პროექტების დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თხოვნით. აღსანიშნავია,რომ საქართველომ გუშინ ხელი მოაწერა ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა 150 მილიონი ევრო ინფრასტრუქტურის განახლებისათვის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქციისა და წყალმოვარდნის შედეგად დაზარალებულთბილისში აღდგენითი სამუშაოების ჩათვლით.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ დამატებითი რესურსების გამოყოფის პერსპექტივები“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისვე თქმით, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის და ცდილობს, გახდეს ნატოს წევრი. 2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და წელს მოსალოდნელია ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღება.
კვირიკაშვილი აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სასარგებლო იქნება საქართველოსთვის – ის მოიზიდავს ინვესტიციებს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არა აქვთ გაფორმებული მსგავსი ხელშეკრულებები. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს, არ დააყოვნოს უვიზო რეჟიმის შემოღება.
„ვფიქრობ, ათიოდე წელიწადში საქართველოს ეკონომიკა, შემოსავლები და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მიუახლოვდება აღმოსავლეთევროპულ სტანდარტებს“, – ამბობს კვირიკაშვილი.
კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს თავის ძალისხმევას, მიმართულს ნატოში გაწევრებისკენ, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა დაჩქარებული გაწევრების ყოველგვარი პერსპექტივა. ასევე გაგრძელდება პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, რომელთანაც საქართველოს 2008 წლის აგვისტოში ხანმოკლე ომი ჰქონდა.
„ჩვენი გეგმები, დაკავშირებული ნატოსა და ევროკავშირთან, არ უნდა იყოს აღქმული რუსეთის მხრიდან, როგორც კონფრონტაციის ნიშანი“, – აცხადებს კვირიკაშვილი.
მისივე თქმით, საერთაშორისო სანქციების მოხსნის გათვალისწინებით, ირანს შეუძლია რეგიონში განახლებული დინამიზმის შემოტანა, ხოლო საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე, მას აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ირანსა და ევროპას შორის თანამშრომლობის გაღვივებაში. „ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით, რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ევროპისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის კუთხით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
http://uk.reuters.com/article/uk-georgia-premier-idUKKCN0VL0Q2

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები