რა აკავშირებს თამაზ ნიჟარაძეს 2004-2008 წლებში უკრაინიდან საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შეძენილ სამხედრო ტექნიკასთან

რა აკავშირებს თამაზ ნიჟარაძეს 2004-2008 წლებში უკრაინიდან საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შეძენილ სამხედრო ტექნიკასთან, – ამ სათაურით გაზეთი “ვერსია“ ჟურნალისტურ მოკვლევას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. ოფიციალური ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, საქართველოს საქმესთან დაკავშირებით, პროკურორ ფატუ ბენსუდას გამოძიების დაწყების ნება დართო. საქმე ეხება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რაც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია. პროკურორის მოსაზრებით, არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ, რომ ამ კონფლიქტის კონტექსტში, ადგილი ჰქონდა ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს…
,,ვერსიამ” უკრაინის რადაში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო კომისიის დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც იარაღით უკანონოდ ვაჭრობის სქემების დღემდე გაუხმაურებელ დეტალებს აღწერს. იარაღით უკანონო ვაჭრობასა და კონტრაბანდასთან კავშირში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის, მისი ბიძის თემურ ალასანიასა და დავით კეზერაშვილის გარდა, კიდევ ერთი ბიზნესმენის სახელი იკვეთება.
,,ვერსიის” კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს შესაძლოა, ქობულეთელი ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძეც უკავშირდებოდეს. მართალია, ნიჟარაძე პროკურატურამ დაზარალებულად უკვე ცნო და მან კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენებაც კი მისცა, მაგრამ არსებობს არგუმენტირებული მოსაზრება, რომ თავის დროზე, სწორედ ნიჟარაძის კომპანიის საშუალებით (2003 წლიდან 2028 წლამდე, ის იჯარით ფლობდა ფოთის პორტის მე-5 ნავმისადგომს, საიდანაც მშრალი ტვირთების გადამუშავებას ახორციელებდა), ფოთის პორტში გემებით შემოტანილი სამხედრო ტვირთის დოკუმენტაცია ,,სუფთავდებოდა”. იმ გემების, რომლებიც ხშირად საქართველოსკენ იარაღით დატვირთულნი მოემართებოდნენ, მაგრამ გზაში „იკარგებოდნენ“… დღეს ნიჟარაძე თავად ადანაშაულებს კეზერაშვილს იარაღის უკანონო ვაჭრობაში და როგორც მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, ჰააგის სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანეს. ამავდროულად, ხაჭაპურიძე კატეგორიულად უარყოფს ფაქტს, რომ ნიჟარაძის კომპანიას კავშირი ჰქონდა სამხედრო ტვირთთან…

რადას სკანდალური დოკუმენტი

კონფიდენციალური წყაროს საშუალებით, ,,ვერსიამ” 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში, უკრაინის რადაში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო კომისიის სკანდალური დასკვნის სრული ვერსია მოიპოვა. ამ დოკუმენტში საუბარია რუსეთის სახელმწიფო კომპანია ,,როსვაარუჟენიასთან” დღემდე მჭიდრო კავშირში მყოფ იარაღის შესყიდვა-გაყიდვის ოპერაციების მწარმოებელ, უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრსპეცექსპორტისა“ და საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის იარაღის მოწოდებაზე შემდგარ შეთანხმებაზე.
როგორც დოკუმენტით ირკვევა, იარაღის სახელმწიფო შესყიდვებზე საქართველომ 2004-2008 წლებში, მხოლოდ უკრაინიდან 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტვირთი შეიძინა. ზუსტად ეს ციფრია ასახული რადას კომისიის დასკვნაში. თუმცა წყაროს ინფორმაციით, საქართველოში ან გამოუსადეგარი სამხედრო ტექნიკა შემოდიოდა, ან ტვირთი გზიდან „ქრებოდა“.

12733565_10153462355049779_5007299664711719003_nის, რომ „უკრსპეცექსპორტი“ საქართველოს უვარგის იარაღს აწვდიდა, ხშირად კი შეძენილი ტექნიკა ჩვენს ქვეყანაში არ ჩამოდიოდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაირკვა, როდესაც საქართველოს მიერ შესყიდული სამხედრო შეიარაღების ვრცელი ნუსხა უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას უკრაინის რადას ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლების ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა. ვიქტორ იუშჩენკოს ოპოზიციაში მყოფი იულია ტიმოშენკო და მისი თანაგუნდელები აცხადებდნენ, რომ „უკრსპეცექსპორტმა“ საქართველოს იარაღი მათი კანონმდებლობის გვერდის ავლით მიჰყიდა. თუმცა მთავარი პრობლემა იარაღის რაოდენობა იყო. რადას წევრები აცხადებდნენ, რომ თუკი უკრაინამ ამ რაოდენობის სამხედრო ტექნიკა გასცა, ეს ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას საფრთხეს უქმნიდა. ამ ფაქტის გამო, იულია ტიმოშენკო მაშინ ვიქტორ იუშჩენკოს იმპიჩმენტის საკითხსაც აყენებდა. რადამ ამ საკითხების შესასწავლად, დროებითი საგამოძიებო კომისიაც შექმნა, რომელმაც იმ სამხედრო-შეიარაღების სია წარმოადგინა, რასაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, უკრაინა საქართველოს აწვდიდა. ამ სიის თანახმად, ტექნიკის შეძენა ჩვენი ქვეყნის სამხედრო უწყებამ, ძირითადად, 2004 წელს დაიწყო, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობის იარაღი 2006-2008 წლებში შეიძინეს.
„უკრსპეცექსპორტის“ წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა მალევე შეწყდა. გამოქვეყნდა საგამოძიებო კომისიის დასკვნა, სადაც ეწერა, რომ სამხედრო ტექნიკა, რომელიც საქართველომ უკრაინისგან შეიძინა, უვარგისი იყო. მას ექსპლუატაციის ვადა 2001 წელს გაუვიდა! უკრაინულ პოლიტიკურ წრეებში ღიად საუბრობდნენ იმაზეც, რომ საქართველომ აგვისტოს ომის შესახებ წინასწარ იცოდა, ემზადებოდა რა სამხედრო ოპერაციებისთვის, ქვეყანა აქტიურად იარაღდებოდა.
2005 ნოემბერში, საქართველოს სამხედრო უწყებამ უკრაინულ მხარეს წლის დასაწყისში შემოტანილი ჯავშანტრანსპორტიორების მწყობრიდან გამოსვლის გამო, პრეტენზია წაუყენა. ,,უკრსპეცექსპორტის” ხელმძღვანელობა კი მიიჩნევდა, რომ საქართველომ ექსპლოატაციის ნორმები დაარღვია და უარს აცხადებდა საკუთარი ხარჯებით ტექნიკის გარემონტებაზე. საქართველომ ,,უკრსპეცექსპორტს” პრეტენზია 2004 წელს შეძენილი 10 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი – ,,ბტრ-80”-ის გამოც წაუყენა. პროტესტის ნიშნად, თანამდებობიდან გადამდგარმა, უფროსმა ლეიტენანტმა თემურ ბოჭორიშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ ყველა ერთეული ტექნიკა, მიღების დროს გამართული იყო და მას შემოწმების ყველა აუცილებელი პროცედურა ჩაუტარდა.
ამ ფაქტს ფოთში განთავსებული საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარეკეტო დივიზიონის ყოფილი მეთაური, გიორგი ლილუაშვილიც იხსენებს. მისი თქმით, მხოლოდ ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, 2007 წელს, ქართულმა მხარემ უკრაინისგან 35 მილიონი დოლარის ღირებულების სრულიად გამოუსადეგარი ტექნიკა შეიძინა:
„2007 წელს, როდესაც მერაბ ურიდია საჰაერო თავდაცვითი ძალების სამმართველოს უფროსი იყო, ქართულმა მხარემ უკრაინისგან 35 მილიონი დოლარის ღირებულების, სრულიად გამოუსადეგარი ტექნიკა შეიძინა. მაშინ პირველი საზენიტო სარაკეტო დივიზიონის მეთაურის მოადგილე ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, რა შეიარაღება შემოიტანეს. 2007 წელს შექმნილმა კომისიამ, რომლის საქმიანობაში ურიდიაც იყო ჩართული, პირდაპირ რომ ვთქვა, სახელმწიფოს წინაშე დანაშაული ჩაიდინა. კომისია, რომელიც თავის დროზე შეიქმნა, ევალებოდა, რომ უკრაინაში ჩასულიყო და საბრძოლო ტექნიკის სარაკეტო-საზენიტო სისტემა „ბუკის“ შესყიდვაზე ხელშეკრულება გაეფორმებინა, მაგრამ უამრავი შეცდომა დაუშვა. შეიარაღება, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, აბსოლუტურად გაუმართავი და მწყობრიდან გამოსული იყო! წარმოიდგინეთ, ზოგიერთ მათგანში ბალახიც კი იყო ამოსული! ეს მაშინ, როცა ხელშეკრულება ითვალისწინებდა, შემსყიდველ მხარეს გამართული ტექნიკა გადასცემოდა. ეს მოხდა 2007 წელს, აგვისტოს ომამდე ერთი წლით ადრე. შეძენილ ტექნიკას უკრაინიდან ჩამოჰყვა კომისია, რომელსაც შეთანხმების თანახმად, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, ის ექსპლოატაციაში უნდა მოეყვანა. ამის შემდეგ უნდა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი. 2007 წელს შეძენილ სამხედრო ტექნიკას, 2008 წლის ომის წინა დღეებამდე, ადგილზე არემონტებდნენ. მაშინ მე პირადად გაოგნებული დავრჩი, რადგან ტექნიკა, რომელიც ხელშეკრულებით საქართველოში უნდა შემოსულიყო, სულ სხვა იყო, რეალურად კი საქართველოში მწყობრიდან გამოსული შეიარაღება შემოიტანეს. როგორც კომისიის წევრებმა მითხრეს, ის სპეციალური ნაგავსაყრელიდან შეაგროვეს, გადაღებეს და ისე წამოვიდა საქართველოში. აქ იყო სისტემები, რომლებსაც ერთი საათითაც არ უმუშავია საქართველოს საკეთილდღეოდ, დღეს ეს ტექნიკა ე.წ. სარემონტო ბაზაზეა განთავსებული. მხოლოდ საჰაერო მიზნების აღმომჩენ რადიოლოკაციურ სადგურში რამდენიმე მილიონი დოლარი გადაიხადეს, მაგრამ ეს სადგური მწყობრიდანაა გამოსული”, – იხსენებს ლილუაშვილი.
ამ ყველაფრის მიუხედავად, 2013 წლის 5 ნოემბერს, ყვარელში, კომპანია ,,უკრსპეცექსპორტის” ყოფილი ხელმძღვანელი, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საპატიო სტუმარი იყო. პოსტის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე, სააკაშვილმა სერგეი ბონდარჩუკი საქართველოში ჩამოიყვანა და მას უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადასცა.

12743626_10153462355014779_248045676274651518_n

სპეცტექნიკით დატვირთული და გამქრალი გემები

მთავარი, რასაც რადას დოკუმენტში ვკითხულობთ ის არის, რომ სხვადასხვა წელს გადმოცემული სამხედრო შეიარაღების დიდი ნაწილი – „ბუკები“, „კუბი“, „კრუგი“, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე საერთოდ არ ირიცხება. მეტიც, ეს ტექნიკა ქვეყანაში არ შემოსულა. ამ ფაქტზე მედიაში არაერთხელ დაიწერა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ამ თემაზე გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები არგუმენტირებულად დასაბუთებული არ ყოფილა. ამის მიუხედავად, „ვერსიამ“ კონფიდენციალური წყაროს საშუალებით, ერთი კონკრეტული ფაქტის გადამოწმება შეძლო და ერთ-ერთი „გამქრალი“ თბომავლის შესახებ, ინფორმაციაც მოიპოვა!
რადას საგამოძიებო კომისიის სკანდალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს, უკრაინის სახელმწიფო კომპანია „უკრსპცექსპორტმა“, საქართველოში თბომავალ „გეროი პლევნით“, სამხედრო ტვირთი გამოაგზავნა. ეს გემი ფოთში, სატრანსპორტო კომპანია „ინსტრას“ უნდა მიეღო. ყველას გვახსოვს, რომ ზუსტად ამ დღეს, თითქმის ერთდროულად, რამდენიმე წუთის ინტერვალით, ფოთის პორტი და სენაკის სამხედრო ბაზა დაიბომბა. ორივეგან შეტევა რუსულმა სამხედრო ძალამ საჰაერო სივრციდან განახორციელა. ჩამოგდებულმა ჭურვებმა ფოთში ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სენაკის სამხედრო ბაზაზე კი 14 რეზერვისტი დაიღუპა.
ფოთის პორტის დაბომბვიდან მეორე დღეს, ნავსადგურის დირექტორმა ალან მილდტონმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომერციულ სტრუქტურაზე თავდასხმისა და მიყენებული ზიანის გამო, რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებდა. პორტმა მუშაობა დაბომბვიდან მესამე დღეს აღადგინა, თუმცა თავდაპირველი დატვირთვით ვეღარ მუშაობდა. უსაფრთხოების მიზნით, გემები ფოთის პორტში შესვლას თავს არიდებდნენ. „ვერსიამ“ სატრანსპორტო კომპანია „ინსტრადან“, 2008 წელს ფოთში შესული გემების სრული სია მოიპოვა. ამ დოკუმენტში არსადაა ასახული თბომავალი „გეროი პლევნი“, რომელიც საქართველოსკენ ზუსტად 8 აგვისტოს დაიძრა… მაინც, სად იკარგებოდა ტვირთი?
ის, რომ სამხედრო შეიარაღება მესამე ქვეყნებში იყიდებოდა, ეს მედიაში არაერთხელ გახმაურდა. იარაღის უკანონო ბიზნესისა და ოფშორული კომპანიების მიერ ფულის გათეთრების სკანდალური სქემის შესახებ, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი კონსტანტინე ფორჩხიძე, პრესასთან ღიად საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების ნაწილი „უკრსპეცექსპორტში“ ხვდებოდა, ნაწილი კი ოფშორში ირიცხებოდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იარაღის შესყიდვაზე ხელშეკრულებები პირდაპირ ,,უკრსპეცექსპორტთან” კი არა, შუამავალ კომპანია ,,ბელ ტრეიდინგთან” გააფორმა. ეს ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც „ვიკილიქსმა“ საქართველოში აშშ-ის იმჟამინდელი ელჩის, ჯონ ტეფტის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი სკანდალური დოკუმენტი გამოაქვეყნა.
ტეფტი აშშ-ს იმჟამინდელ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს წერდა, რომ „ბელ ტრეიდინგის” შესახებ ინფორმაცია მოიძიოს. ფორჩხიძის ინფორმაციით, ჰილარი კლინტონმა „ბელ ტრეიდინგს“ საეჭვო რეპუტაციის კომპანია უწოდა და განაცხადა, რომ კომპანია იარაღის უკანონო ვაჭრობასა და ორგანიზებულ დანაშაულშია შემჩნეული:
,,სწორედ ასეთი რეპუტაციის შუამავალ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება ქართულმა მხარემ. მსგავსი დონის ხელშეკრულება კი საქართველოს იმჟამინდელი მაღალჩინოსნების, მათ შორის, ქვეყნის მეთაურის გვერდის ავლით ვერ გაფორმდებოდა, რადგან ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართულები ამ თაღლითურ სქემებში და სახელმწიფოს ბიუჯეტს ასეულობით მილიონი ლარის ზარალს აყენებდნენ. შემდეგ ეს იარაღი იყიდებოდა მესამე ქვეყნებზე. უკრაინისგან ნაყიდი გვაქვს „ბუკების“ შვიდი დივიზიონი, მაგრამ საქართველომდე მხოლოდ ერთმა ჩამოაღწია, დანარჩენი სად გადაიყიდა, ადვილი მისახვედრია. საქართველო ასევე ყიდულობდა ტანკებს, ტყვია-წამალს, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომში, როცა მათი რეალურად გამოყენების საჭიროება დადგა, ადგილზე არაფერი აღმოჩნდა”, – აცხადებს ფორჩხიძე.
იარაღის მაქინაციური სქემებსა და უკანონო შესყიდვებს მედია აქტიურად აშუქებდა. ბრალდებები კი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის, მისი ბიძის თემურ ალასანიასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მისამართით გაისმოდა. პროკურატურამ საქმე კი აღძრა, თუმცა საფრანგეთის ექს-ან პროვანსის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქართულმა მხარემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი მიიღო. კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის თქმით, ბრალდებები, რომლებიც კეზერაშვილს წაუყენეს, ყოვლისმომცველი არ ყოფილა. არეშიძის განცხადებით, პროკურატურის ბრალდებებს შორის არ იყო უმთავრესი – იარაღით უკანონოდ ვაჭრობის თემა! ამ ბრალდებით კეზერაშვილი საქართველოში არც დღეს გაუსამართლებიათ, თუმცა პროკურატურა ირწმუნება, რომ საამისოდ საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია.
სხვათა შორის, ერთ-ერთი, ვინც კეზერაშვილის წინააღმდეგ ჰააგაში, იარაღის კონტრაბანდასთან კავშირის გამო, სარჩელი შეიტანა, ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძეა. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა საიმისოდ, რომ ეს ფაქტი გაემყარებინა: „2009 წელს, ჰააგის პროკურატურაში სარჩელი შევიტანე დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, რაზეც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამ სარჩელში ერთ-ერთი საკითხი, სწორედ იარაღით უკანონო ვაჭრობას უკავშირდებოდა. სარჩელი ტალიავინის დასკვნითა და სხვა ფაქტებით მქონდა გამყარებული“.
აღსანიშნავია, რომ შარშან, სწორედ თამაზ ნიჟარაძე იყო პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულადაც კი სცნეს. ნიჟარაძე ირწმუნებოდა, რომ 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, მისი კუთვნილი კომპანიის წილი დაშინებითა და ძალდატანებით დაათმობინა.

ვინ არის ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე

თამაზ ნიჟარაძის გვარი ბიზნესწრეებში ასლან აბაშიძის მმართველობის დროიდან ცნობილი იყო. იმ პერიოდში, აბაშიძის პროტეჟეც ისევე ატარებდა კორუმპირებულის იმიჯს, როგორც ბევრი სხვა, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი. მოგვიანებით კი, უკვე სააკაშვილის მმართველობისას, ქობულეთელი ბიზნესმენის კომპანიებს ექსპრეზიდენტთან დაკავშირებულ კომპანიადაც მოიხსენიებდნენ.
თამაზ ნიჟარაძე 18 კომპანიაში ფლობს წილს: შპს „კონტური“ (34%), შპს „ა.ბ.ს.“ (32.5%); შპს HG (25%); შპს „ინაკო-ტრეიდინგი“ (48%); შპს „საგრო“ (20%); შპს „ანკაპი“ (67%); შპს „გორის ხილის ექსპორტის კომპანია“ (30%); შპს „ანკორი“ (50%); შპს „ფოთი +“ (25%); შპს „ლინკი“ (30.78%); შპს „პრიორი +“ (51%); შპს „ტრანსკარგო“ (50%); შპს „ვაკე 2004“ (100%); შპს „ვაკე 95“ (14%); შპს „ინაკო“ (80%); შპს „მილენიუმ ტრანსი“ (33.5%); შპს „ტრანსბანკერი“ (50%) და შპს „სანტინა“ (25%).
2002 წელს, თამაზ ნიჟარაძეს კომპანია ,,ინაკოში”, მისივე ინიციატივით შევხვდი. ,,ინაკო” ნავთობპროდუქტების კომპანია იყო, რომელიც ყაზბეგის გამზირზე მდებარეობდა. შეხვედრას წინ უძღოდა ჟურნალისტური მოკვლევა ნავთობკომპანიების ბაზარზე არსებულ მონოპოლიურ მდგომარეობასა და ბაზრის ლიდერი კომპანიების ექსპრეზიდენტ შევარდნაძესთან კავშირებს. ამჟამინდელ ,,ვისოლს” მაშინ ,,კანარგო” ერქვა და ირიბად, შევარდნაძის მძახლებს _ ახვლედიანებს უკავშირდებოდა. კონტაქტზე მხოლოდ ,,კანარგოს” დამფუძნებლები _ სოსო და ლევან ფხაკაძეები გამოვიდნენ, მაგრამ ჩემთან ინტერვიუში ამგვარი კავშირი არ დაადასტურეს. მოკლედ, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რედაქციაში თამაზ ნიჟარაძემ დარეკა, ,,ინაკოში” დამიბარა და მისი მეგობრები (ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრა) ახვლედიანები გამაცნო…
თავის მხრივ, ახვლედიანები ფლობდნენ ავიაკომპანია ,,გერმანიის ავიახაზებსაც”. ერთ-ერთი ვერსიით, რის გამოც 2002 წელს, ,,აირზენა _ საქართველოს ავიახაზების” ვიცე-პრეზიდენტი, კახი ასათიანი მოკლეს, სწორედ შევარდნაძის გარემოცვას უკავშირდებოდა. ,,აირზენას” საშუალებით, ასათიანს ავიაბაზარზე კონტროლის მოპოვება სურდა, რამაც შევარდნაძის გარემოცვა გააღიზიანა. მოგვიანებით ეს ვერსია ,,აირზენას” გენერალურმა დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა კატეგორიულად უარყო და ოფიციალურად განაცხადა, რომ ასათიანის მკვლელობის მოტივი ავიაბიზნესი არ ყოფილა.

სად გადაიკვეთა ნიჟარაძე-კეზერაშვილის გზები

2010 წლის მდგომარეობით, მშრალი ტვირთების გადამამუშავებელ კომპანიაში 52.5%-იან წილს, ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე ფლობდა. 2003 წლიდან 2028 წლამდე, თამაზ ნიჟარაძემ იჯარით აიღო ფოთის პორტის მე-5 ნავმისადგომი, საიდანაც მშრალი ტვირთების გადამუშავებას ახორციელებდა. თამაზ ნიჟარაძე და მისი ვაჟი, ზურაბ ნიჟარაძე ირწმუნებოდნენ, რომ ზეწოლის შედეგად, იძულებულნი გახდნენ, საკუთარი წილები დავით კეზერაშვილის მიერ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიებისთვის დაეთმოთ. ამრიგად, გამოძიების ინფორმაციით, ნიჟარაძეების კუთვნილ სხვა კომპანიებთან ერთად, დავით კეზერაშვილის ხელში ფოთის პორტის მე-5 ნავმისადგომიც აღმოჩნდა.
რა მოხდა მაშინ სინამდვილეში? რა კავშირი აქვთ, ან ჰქონდათ, ან რატომ დაუპირისპირდა კეზერაშვილს ნიჟარაძე და დაუპირისპირდა, თუ არა სინამდვილეში? მათი დაპირისპირება ერთგვარი ფარსი ხომ არ იყო, რითაც ხელისუფლება წარმატებულად გააცურეს? რამდენად რეალურია ნიჟარაძე-კეზერაშვილის დავა? ზოგადად, ვინ არის ნიჟარაძე? ჰქონდა თუ არა მას კავშირი იარაღისა და ჯართის კონტრაბანდასთან? რატომ ხდებოდა, რომ ყველა არჩევნების დროს, ნიჟარაძის კომპანიები მინიმუმ 100 000 ლარს სწირავდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“? რატომ მოხდა, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში ნიჟარაძეს კეზერაშვილის წინააღმდეგ სამართალდამცავებისთვის არც ერთხელ მიუმართავს? ამ კითხვებზე პასუხის მოპოვება ,,ვერსიამ” პირადად თამაზ ნიჟარაძისგან სცადა. დავუკავშირდით კიდეც, მაგრამ მობილურ ტელეფონზე მისმა მძღოლმა გვიპასუხა. გვითხრა, რომ თამაზ ნიჟარაძე საზღვარგარეთაა და სავარაუდოდ, ერთ კვირაში ჩამოვა. ,,ვერსია” მზადაა, რომ ამ სტატიაში მოყვანილი წყაროს ინფორმაციები თამაზ ნიჟარაძესთან გადაამოწმოს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის ჯგუფმა პირველი სერიოზული ფული სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან დიდი ოდენობით ჯართის გატანის შედეგად ,,გააკეთა”. დოკუმენტალურად ფორმდებოდა მცირე რაოდენობის ტვირთი, მაგრამ არავინ იცის, რეალურად რა ოდენობის ჯართი გავიდა ქვეყნიდან… პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ თამაზ ნიჟარაძის კომპანიამ გაიტანა 19 842 ტონა ჯართი, რომლის საერთო ღირებულება 113 212 ლარი იყო. არადა, ნიჟარაძის კომპანიამ იუსტიციის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე 206 652 ლარი ჩარიცხა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ-ს სახით, 29 263 ლარია გადახდილი. ეს ძალიან დიდი რაოდენობის ჯართი იყო, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდიდან, ციხეებიდან ჯართი არასოდეს გაუტანიათ.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც მთელ რიგ სახელმწიფო შესყიდვებს თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აკონტროლებდა, ქობულეთელი ბიზნესმენის კომპანიების შემოსავლები ერთიორად გაიზარდა. სააკაშვილი-ოქრუაშვილის დაპირისპირების შემდეგ კი პრობლემები ნიჟარაძესაც გაუჩნდა და როგორც პროკურატურა ამბობს, საბოლოოდ, კომპანია უკანონოდ აღმოჩნდა დავით კეზერაშვილის ხელში. ფაქტი, რომ თავის დროზე, ნიჟარაძის კომპანიებში ოქრუაშვილის ინტერესები იკვეთებოდა, იმითაც დასტურდება, რომ 2008 წელს, ოქრუაშვილის დაპატიმრების შემდეგ, გირაო _ 3.5 მილიონი, სწორედ თამაზ ნიჟარაძემ გადაიხადა. გარდა ამისა, შპს ,,კონტურში”, რომელშიც ნიჟარაძე 34%-იან წილს ფლობდა, 2007 წლამდე, ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი, ქიბარ ხალვაშიც ფიქსირდება 33%-იანი წილით. ეს ინფორმაცია ,,ვერსიამ” ქიბარ ხალვაშთან გადაამოწმა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ამ კომპანიაში მართლაც ფლობდა წილს, მაგრამ 2007 წლიდან არავითარი შეხება არ ჰქონია ნიჟარაძესთან.
ამ კომპანიამ მფარველები პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით არაერთხელ შეიცვალა და, როგორც ამბობენ, ნიჟარაძემ ადვილად მოძებნა საერთო ენა კეზერაშვილთანაც. მათი გზები ღიად ჯერ კიდევ მაშინ გადაიკვეთა, რაც კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა და ბიზნესში ოფიციალურად ჩაერთო. წყაროს ინფორმაციით, ნიჟარაძე აწ უკვე თავდაცვის ყოფილ მინისტრ კეზერაშვილთან მივიდა და ერთობლივი ბიზნესპროექტი შესთავაზა. ქობულეთელი ბიზნესმენი, რომელსაც ფოთში ნავთობტერმინალი ჰქონდა, ხოლო კეზერაშვილი აზერბაიჯანიდან სწორედ ნავთობის ტრანზაქციას იწყებდა, თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ნიჟარაძემ კეზერაშვილს ე.წ. ბუნკირების ბიზნესი (როდესაც გადასახადებს არ იხდი, საბაჟო ვალდებულებებისგან თავისუფალი ხარ, საწვავი ზღვაშივე ნაწილდება და სხვადასხვა მიმართულებით ტრანსპორტირდება) და მის კომპანიაში 50%-იანი წილი შესთავაზა. გარიგების შედეგად, შპს „ლუკას“ დამფუძნებლები – დავით კეზერაშვილი და თამაზ ნიჟარაძის ძმა, ნუკრი ნიჟარაძე გახდნენ. კომპანიის დირექტორი ვახტანგ გუგუშვილი იყო. ნიჟარაძის კომპანიას მილიონობით დოლარის ღირებულების ნავთობი აღმოუჩინეს. ცხადია, ეს ფაქტი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რადგან საქმე მილიონებს ეხებოდა. ნიჟარაძის ძმამ საქართველო დატოვა, ხოლო ქობულეთელ ბიზნესმენს თავისუფლების სანაცვლოდ, რამდენიმე მილიონი მოსთხოვეს. 10 მილიონის სანაცვლოდ, ნიჟარაძემ კეზერაშვილს ბიზნესის ყიდვა შესთავაზა და ეს უკანასკნელიც დათანხმდა. 2010 წლამდე, ვიდრე ნიჟარაძე წილს გადააფორმებდა, ჯერ კიდევ მოქმედ თავდაცვის მინისტრთან აქტიურად მეგობრობდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ მისი კომპანიის საშუალებით, ფოთის პორტში გემებით შემოტანილი სამხედრო ტვირთის დოკუმენტაცია ,,სუფთავდებოდა”. ის, რომ საქართველოსკენ წამოსული ტვირთი ხშირად გზაში ,,ქრებოდა“, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩენოდა მის მიმღებ კომპანიას…
როგორც აღვნიშნეთ, ნიჟარაძის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, ფოთის მე-5 ნავთობტერმინალის სამხედრო ტვირთთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს: „მე-5 ტერმინალი ყველაზე პატარაა იქ არსებულ რვა ტერმინალს შორის. რაც შეეხება ნავთობტერმინალს, იქ იარაღს ხომ ვერ შეინახავდნენ? ტერმინალზე რა შევა, რა გაიყიდება, რა მოხდება, ეს მისი მეპატრონის კომპეტენცია არ არის, იქ არსებობენ შესაბამისი სამსახურები, რომლებიც კონტროლს უწევენ აღნიშნულ პროცედურებს”.
საინტერესოა, ჰქონდა თუ არა ნიჟარაძის კომპანიას კავშირი სამხედრო ტვირთთან და თუ არ თავად არ ჰქონდა, ჩნდება ლოგიკური კითხვა, საიდან და რა ინფორმაციას ფლობდა ადვოკატი იარაღით უკანონოდ ვაჭრობის თემაზე და რა მასალები შეიტანა მან ჰააგაში კეზერაშვილის წინააღმდეგ? ხაჭაპურიძე ამ თემაზე დეტალურად არ საუბრობს, თუმცა ეს ყველაფერი საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ საქმე გვაქვს ორ სავარაუდო მოტივთან. პირველი _ ნიჟარაძე საკუთარი ტყავის გადარჩენასა და მოქმედ ხელისუფლებასთან მორგებას ცდილობს და მეორე _ ის კვლავ გარიგებულია კეზერაშვილთან, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურას საკმაოდ სუსტი არგუმენტები წარუდგინა, კვლავ ნაციონალების თამაშს თამაშობს, ხოლო მათი დავა მხოლოდ მითია.
P.S. ,,ვერსია” განაგრძობს თავდაცვის ექსმინისტრის, დავით კეზერაშვილის ბიზნესინტერესების თემაზე ჟურნალისტურ მოკვლევას. მორიგ სტატიას ამ თემაზე ჩვენს შემდგომ ნომერში ნახავთ.

მაია მიშელაძე

წყარო: გაზეთი “ვერსია“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები