დასავლეთი დარწმუნებულია, რომ ირანის მთავრობის პოზიცია ახლა უფრო სტაბილურია, ვიდრე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმებამდე იყო, – ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი NBC რამდენიმე დასავლელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება.
„როგორც ხუთმა ჩინოვნიკმა აღნიშნა, რეჟიმი ახლა, უცნაურია, უფრო სტაბილურია, ვიდრე ომამდე იყო და გარკვეულწილად უფრო მკაცრი გახდა“, – ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, სტატიაში ამტკიცებენ, რომ ქვეყნის მრავალი ლიდერის გარდაცვალებისა და მრავალი სამხედრო ობიექტის განადგურების მიუხედავად, ირანმა აშშ-სა და ისრაელის თავდასხმებიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური სარგებელი მიიღო.
დასავლელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ აშშ-სა და ისრაელის ქმედებებმა ირანის ხელმძღვანელობაში ე.წ. რეფორმისტული ფრთის პოზიცია შეარყია, რომლის მხარდამჭერებიც თვლიან, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობებში უფრო დაბალანსებული მიდგომა თეირანს სარგებელს მოუტანს.
„როგორც ჩანს, ირანელები მოლაპარაკებებს არ ჩქარობენ“, – ციტირებს ტელეარხი დასავლელი ოფიციალური პირების სიტყვებს, რომლებსაც ირანის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია აქვთ.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელი, აბას არაღჩი, პაკისტანში, ასევე ომანსა და რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რათა განიხილოს შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან კონფლიქტის დასრულების მცდელობები.