მაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ მას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში, „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.
„დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ მას. არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და გვექნება შესაძლებლობა, თბილისში შევხვდეთ, როდესაც დაბრუნდება ბრიუსელიდან“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უგულებელყოფილია ქართველი ხალხის ინტერესები და არჩევანი: „კიდევ ერთხელ ჩვენ გავაჟღერებთ იმ პოზიციას, რაც თბილისში გაჟღერდა პოლიტიკოსების მხრიდან და რაც არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება შემაშფოთებელია. შემაშფოთებელია ნამდვილად ქართველი ხალხის ინტერესების და არჩევანის უგულებელყოფა, მაშინ როდესაც ასე ხშირად ხდება სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებით სპეკულირება. ახლაც გვესმის ბრიუსელიდან ასეთი სპეკულაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საუბარი“.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხებზე დეტალური განხილვა გაიმართება საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვისაუბროთ სწორედ იმ საკითხებზე, რამაც სამართლიანად გამოიწვია ქართული პოლიტიკური საზოგადოების აღშფოთება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.