კახა კალაძე: არის საშიშროება, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ

არის საშიშროება, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განაცხადა, რომლის თანახმადაც, “ენგურჰესის” წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება.
კალაძემ აღნიშნა, რომ დაახლოებით 2 კვირის ელექტრონოერეგიის მარაგია დარჩენილი, რომელიც აფხაზეთს მიეწოდება.
“შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 2 კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და არის საშიშროება იმისა, რომ მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ. ეს ინფორმაცია მათთვის მიწოდებული გვაქვს. ერთობლივად ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემა რაიმე გზით მოგვარდეს და რომ ისინი შუქის გარეშე არ დარჩნენ,” – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, აფხაზური მედიის ინფორმაციით, “ენგურჰესის” წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება. მათივე ცნობით, ჰიდროელექტროსადგურზე 25 იანვრიდან 15 აპრილამდე დროებითი გათიშვის სისტემა ამუშავდა.
კომპანია “ჩერნომორენერგოს” წარმომადგენლების განცხადებით, ამ ზომის მიღება აუცილებელი გახდა, ვინაიდან წყლის დონე რეზერვუარში კრიტიკულ დონემდე შემცირდა.
როგორც “ენგურჰესის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ განაცხადა, თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის მოხმარებას არ დაზოგავს, იგი ორ წელიწადში შესაძლოა, დენის გარეშე დარჩეს. ხოლო ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკური დირექტორის, გია ხუბუას განცხადებით, თუ არ იქნება წყალუხვობა, მაშინ წყლის დონე 420 მეტრამდე შემცირდება, რის შემდეგაც, ინსტრუქციის მიხედვით, ტურბინის მუშაობა შეჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰესი მუშაობას შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები