კახა კალაძე: ჩვენ გვაქვს შანსი, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია ევროპაში გავიტანოთ

ჩვენ გვაქვს შანსი, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია ევროპაში გავიტანოთ, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბიოგრაფიული ენციკლოპედიის – „საქართველოს ენერგეტიკოსების“ მეორე გამოცემის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კალაძის თქმით, წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, თუ ის ენერგეტიკულად არ განვითარდება.
„ენერგეტიკა რომ ქვეყნის მამოძრავებელი ძალაა, მისი განვითარების ხერხემალია, ამაზე, მგონი, ყველა ვთანხმდებით. ენერგეტიკის სფეროში დღეს მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ბოლო 3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და სამომავლოდ, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. ეს ყველაფერი კეთდება ერთი მარტივი მიზეზის გამო – რაც შეიძლება მალე მოვახერხოთ და საქართველო, ენერგეტიკის თვალსაზრისით, დამოუკიდებელი ქვეყანა გავხადოთ. ჩვენ გვაქვს შანსი, ვიყოთ ექსპორტიორი ქვეყანა და მოვახერხოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპაში“, – აღნიშნა მინისტრმა და პრეზენტაციაზე მყოფ ენერგეტიკოსებს წარმატება უსურვა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სანამ ის ენერგეტიკის მინისტრი იქნება, მათ უფლებებს დაიცავს. რაც შეეხება გამოცემის პრეზენტაციას, ბიოგრაფიული ენციკლოპედია წელს მეორედ გამოიცა და მასში 800-მდე გამოჩენილი მეცნიერის, სპეციალისტის, პრაქტიკოსი ინჟინრისა და ხელმძღვანელი პირების ბიოგრაფიული მონაცემებია შესული, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ენციკლოპედია პირველად 2010 წელს გამოიცა და მასში 600-მდე ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები იყო შესული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები