ნინო კირთაძის „დოკუმენტური“ ცხოვრება

„დოკუმენტურს აქვს ერთი კარგი თვისება, ყოველთვის ყველაფერს იწყებ თავიდან. ხელახლა სწავლობ, ყოველ ჯერზე ახალი ისტორია, ახალი პერსონაჟი და ახალი ამბავი ახალ გასაღებს ითხოვს. ამდენად, მე ეტყობა მომწონს ეს გაუთავებელი სწავლის პროცესი“, – ასეთია ნინო კირთაძის შემოქმედებითი ცხოვრება და რა ხდება მაშინ, როცა რეჟისორის დროს კინო არ იკავებს…

– „ვორკშოფები“ ქართველი კინემატოგრაფებისთვის…12650685_1217177311644208_2032969389_n
– მე და ჩემი გერმანელი მეგობარი, რეჟისორი შტეფან ტოლცი ქართველი კინემატოგრაფებისთვის კინოცენტრის მოწვევით „ვორკშოფებს“ ვატარებდით. ვორკშოფები სამ ეტაპად დაიყო. პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ჩემი როლი, შტეფანის მსგავსად, არის ის, რომ დავეხმაროთ, სწორი მიმართულებები აირჩიონ, რაც შეიძლება შორს წავიდნენ თავიანთ სურვილში, რომ მათი ფილმები შედგეს… მარტის ბოლოს გვექნება მეორე შეხვედრა და ბოლო სესიას ალბათ აპრილში ან მაისში დავგეგმავთ. იმედი მაქვს, ამ დროისთვის ზოგიერთი პროექტი მზად იქნება საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად…
– რატომ გახდა თქვენთვის საინტერესო დოკუმენტური ფილმები…
– დოკუმენტური ფილმის რეჟისორობა არის განსაკუთრებული ადგილი. ამ დროს ძალიან ახლოს მიდიხარ ადამიანთან, ძალიან ახლოს მიდიხარ სიცოცხლის მაჯისცემასთან და იმასთან, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ეპოქასაც უფრო გრძნობ, ადამიანზე უფრო მეტი წარმოდგენა გაქვს… დოკუმენტური ფილმი ყოველთვის ერთი და იგივე რაღაცის ირგვლივ ტრიალებს, ესაა – ვინ ვართ ჩვენ და რას ნიშნავს იყო ადამიანი…
– დოკუმენტური კადრი, როცა ხდება მხატვრული ღირებულების მატარებელი…12650591_1217177288310877_753467270_n
– ის კინო, რასაც მე ვაკეთებ, რეჟისურაა ცოცხალ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან მსახიობები, არ შეგიძლია ბევრი რამე გაამეორებინო, მაშინ აქტის ენერგია იკარგება. ამას განსაკუთრებული ცოდნა უნდა, აქ საქმე გვაქვს ფსიქოლოგიასთან, მხატვრობასთან, დოკუმენტური კინო თავის თავში ბევრ რამეს იწვევს.
მინდა იმასაც გავუსვა ხაზი, თავის დროზე, როცა სტრავლინგი გაჩნდა და მერე ამის ათასნაირი ხერხი შეიქმნა სტუდიაში, ან არასტუდიაში გადასაღებად, ეს ყველაფერი წამოვიდა დოკუმენტური კინოსგანაც. ერთი და იგივე ხელოვნების ორი ჟანრია, სადაც არის გამოგონილი ამბები, გამოგონილი პერსონაჟები მხატვრული კინოს შემთხვევაში და არსებობს რაღაც არქიტექტურა, რაც არის – სცენარი, როგორ ერთიანდება მონტაჟში ესა თუ ის სცენა… დოკუმენტურში ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება. მოსამზადებელი პერიოდი, სადაც რეჟისორი თავის ჯგუფთან, პერსონაჟებთან გადის, გადამწყვეტი მომენტია საიმისოდ, თუ როგორ გზაზე დადგება ფილმი და რა გამოვა მისგან… ამ დროს ცოცხალ ადამიანებთან გაქვს საქმე, არ უნდა გამოიყვანო წყობიდან, არ უნდა გააღიზიანო, თუ აღიზიანებ, ისიც უნდა იცოდე, რისთვის გჭირდება უარყოფითი ემოცია, რას აძლევს ეს კინოსივრცეს და როგორ უნდა დახატო პერსონაჟი… თუ უთითებ, როგორ უნდა მოიქცეს, მაინც ეტყობა ფილმს, არაორგანული ნაწილი ხდება ასეთი გამეორებები, კარგავს ენერგიას და მკვდრადშობილი სცენა გამოდის…12660231_1217177328310873_552057352_n
– დოკუმენტურ ფილმში თქვენთვის საინტერესო ჟანრი რომელია?
– დოკუმენტურ ფილმებში ჟანრებს ვერ გამოვყოფთ. იმიტომ რომ ომში იქნება გადაღება, თუ ეს იქნება სოციალური დრამა ან იმ საიდუმლოებებზე, როგორიც არის დაბადება – სიკვდილი, სიყვარული – სიმარტოვე, – ამ ყველაფერს ფარავს დოკუმენტური კინო… თემატიკად გაკეთებული ფილმების მე მაინცდამაინც არ მჯერა, ბოლო ყოველთვის არის, როდესაც ფილმი ახერხებს მიიღოს ზოგადსაკაცობრიო მინიშვნელობა, ანუ ახერხებს იმას, რომ შეეძლოს მოგზაურობა ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე, რომ მაყურებელმა შეძლოს ემოციურად დაუკავშირდეს ამ ფილმს, მასში ემოცია შექმნას და, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შორ კუთხეზე და შორ კულტურაზე საუბრობს, მაინც თავის თავზეც რაღაცები უამბოს და დააფიქროს, ცხოვრებაზე დაფიქრების მცდელობაა…
– დოკუმენტური ფილმი – პასუხისმგებლობა…12647911_1217177298310876_1156885665_n
– არსებობს თემები, რომლებმაც შეიძლება დოკუმენტური ფილმის გმირის ცხოვრება გაართულოს. თუ ეს ადამიანი, აქამდე უჩინარი, თავისთვის ცხოვრობდა, კინომ და, მით უმეტეს, წარმატებულმა კინომ ეს ადამიანი რაღაცნაირად გარკვეულ სახედ აქცია. ამ დროს მას მხატვრული სახის ფუნქციაც ემატება, განზოგადებული გმირი ხდება. მაგალითად, კრისტოფერ კიშლოვსკიმ თავის დროზე გაანება დოკუმენტურ ფილმს თავი იმის გამო, რომ გადაიღო ასეთი ფილმი, რომელსაც ერქვა „The Night Porter“, მთავარი გმირი იყო კონსიერჟი, რომელიც უთვალთვალებდა ამ სახლის მცხოვრებლებს და მათზე ჰქონდა გარკვეული წარმოდგენები… ამან  პოლონეთში  ამ კონკრეტული კაცის წინააღმდეგ დიდი რეაქცია გამოიწვია. რა თქმა უნდა, მისნაირები მრავლად იყვნენ, თუმცა ამ კაცს მთელი პოლონეთის მოსახლეობის რისხვა დაატყდა.
დოკუმენტურის კამერა ყოველთვის იკავებს იმ სივრცეს, რომელიც ადამიანის პიროვნული სივრცეა. ყოველთვის გინდა იყო იქ, სადაც წესით არ უნდა იყო. აჩვენო განცდა, რომ გამოსახულებამ ეს აღბეჭდოს. მაგალითად, როგორც ჩეჩნეთში ხდებოდა – უსახელო საფლავს გათხრიან, გაშემო ხალხი დგას, ყველა ეძებს დაკარგულ ნათესავს და იმედი აქვს, რომ აქ იპოვის… გარშემო არის საშინელი სუნი, პატარა ბიჭი დგას, რომელმაც და დაკარგა… ეძებს, ეძებს წითელ საფულეს, იმიტომ რომ ეს „პორტმანი“ აჩუქა დას და როცა გაქრა, თან ჰქონდა. ძალიან მძიმე საყურებელი სცენაა და, ცხადია, ფილმში… მე მახსოვს ჩეჩნეთში იქ, ერთი ბავშვი რომ ტიროდა, ამაზე უამრავი წერილი მოგვწერეს – სად არის ეს ბავშვი, ვიშვილებთო… ამ დროს ის ხდება კრებითი სახე ყველა იმ ბავშვისა, ვინც კინოში არ გადაიღეს, მაგრამ ეს ბავშვი რაღაცნაირად ანზოგადებს  ამ ხალხის ტკივილს. ამიტომ დოკუმენტური კინო გაცილებით უფრო მეტს იტევს თავის თავში ამ შემთხვევაში, ომის სისასტიკეზეც ყვება, ადამიანის მარტოობაზეც, სიყვარულზეც იმ და-ძმის, რომელთაც ომმა ყველაფერი დაუნგრია და ბავშვს 12647725_1217177291644210_563299833_nსიცოცხლე წაართვა და მეორე კი მარტო დატოვა…
ცხადია, ეს არის ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა, ამიტომ როდესაც მზადდება დოკუმენტური კინო და ეს ხელმოუწერელი კონტრაქტი დგება, ადამიანი გთანხმდება, რომ გადაიღო, რა თქმა უნდა, რეჟისორს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. მაგალითად, როცა ვიღებდი საქართველოს ომის დროს, იყო ხალხი, რომ გადამიღიაო, ამბობდნენ – თუ შენ ამას კინოში ჩასვამ, ჩვენ შეიძლება დაგვიწვან სახლები… და რას გააკეთებს რეჟისორი ამ დროს, რა თქმა უნდა, ვერ ჩასვამს. მხატვრულ კინოში პასუხისმგებლობა ისაა, რომ თუ ფილმი წავიდა დანაკარგებში, რეჟისორს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ კარგა ხანი სხვა ფილმს ვეღარ გადაიღებს…
– დოკუმენტური ფილმის წარმატება…
– დოკუმენტური კინოს წარმატება ეს კიდევ სხვა რამეა… წარმატება უკავშირდება მონტაჟს, უკავშირდება ჟიურის გადაწყვეტილებას… მაგალითად, „უთხარით ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ“ სამეგრელოში გადაღებული ფილმია, 2002 თუ 2003 წელი იყო, 2004-ში გამოვიდა და დღემდე მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი. როგორ მოხდა ეს, რომ ყველამ თავისი ტკივილი დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ კულტურულად ძალიან დიდი ზღვარია. ეს არავინ იცის, ხანდახან ხდება ხოლმე, ფილმები ჩნდებიან დროზე ადრე, მაშინ, როცა საზოგადოება არ არის მზად. როგორც მოუვიდა, ვთქვათ, „მე ვარ კუბას“, რომელიც 60-70 წლებში გადაიღეს, ეს ფილმი გაქრა და გაქრა, იმიტომ რომ არავის მოეწონა, იქამდე სანამ მარტინ სკორსეზემ არ ნახა… იმის მერე ეს ფილმი არის კულტი ყველა კინოსკოლაში. ეს არის უცნაური ბედი, ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოებისაც…
– ფილოლოგი, ჟურნალისტი, რეჟისორი – პროფესიული ეტაპები…
– გამოვიარე სხვადასხვა პორფესია, გარემო, ქვეყნები… სწორედ ამან შექმნა წინაპირობა იმისა, რომ მე წავსულიყავი კინოში. პირდაპირ რომელიმე კინოსკოლა რომ დამემთავრებინა და ფილმების გადაღება დამეწყო, არ მგონია, რომ ამ ტიპის ფილმებს გადავიღებდი და ამდენ კითხვას დავუსვამდი საკუთარ თავს, ვთქვათ, ფილმის გადაღების წინ… ვფიქრობ, ფილოლოგიამ და უნივერსიტეტმა მასწავლა ამბის მოყოლა და ეს დრამატურგიული ხაზი. ომმა და ჟურნალისტიკამ ძალიან ახლოს მიმიყვანა იმასთან, რასაც ჰქვია – გნებავთ, სხვისი ტანჯვა, სხვისი სიკვდილი… სიკვდილის და სიცოცხლის ზღვარზე რომ აღმოჩნდები… ამან, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, დამამწიფა, დამაღვინა გონებრივად. ამან გამოიწვია, მე მგონი, კინოში წასვლის სურვილი. შემდეგ ისიც, რომ მე საფრანგეთში წავედი და ეს ყველაფერი სხვა პერსპექტივაში დავინახე….
– თქვენ მიზანს მიაღწიეთ და ამ მიზანს აგრძელებთ?12647968_1217177308310875_1350756663_n
– დოკუმენტურს აქვს ერთი კარგი თვისება, ყოველთვის ყველაფერს იწყებ თავიდან. ხელახლა სწავლობ, ყოველ ჯერზე ახალი ისტორია, ახალი პერსონაჟი და ახალი ამბავი ახალ გასაღებს ითხოვს. არაფრით ჰგავს ერთი ფილმი მეორეს. არც მომზადების თვალსაზრისით, არც სირთულის თვალსაზრისით და, ამდენად, მე ეტყობა, მომწონს ეს გაუთავებელი სწავლის პროცესი… მუშაობის პროცესში ჩემს თავზეც ბევრ რამეს ვიგებ, რაც ადრე არ ვიცოდი, ამიტომ ბედნიერი ვარ, როცა ვაკეთებ დოკუმენტურ კინოს, მიყვარს ეს საქმე. თუმცა არავინ იცის, თავის დროზე, მე ფილოლოგიაც ძალიან მიყვარდა… სიცოცხლე არის გამოცდის ის გზა, რომ გაიგო, ბოლოს ვინ ხარ, როგორც ზღაპარში სახლიდან უნდა გახვიდე და არ იცი, მერე იქ რა მოხდება, გგონია, რომ ეს სატანჯველია და მერე გაიგებ, რომ, კიდევ კარგი, ეს მოხდა, სხვანაირად სხვა რამე არ გამოვიდოდა… ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის 17-18 წლის ასაკში, რომ როდესმე ასე განვითარდებოდა მოვლენები, რასაკვირველია, სასაცილოდ არ მეყოფოდა. მე მგონი, ამით არის ჩვენი ცხოვრება საინტერესო, რომ არ იცი, ამ მოსახვევში რა მოულოდნელობა გელოდება და როდესაც ამ მოულოდნელობას წააწყდები, ძალიან ბევრს იგებ შენს თავზეც, სხვაზეც, ადამიანზეც, ცხოვრებაზეც…
– მუშაობთ 2 ახალ ფილმზე…
– 2 ფილმზე ვმუშაობ, ჯერ მხოლოდ წერის პროცესშია… მარტში ვიქნები ზაგრებში, სადაც ჟიურიში ვარ და თან ჩემი ფილმების რეტროსპექტივას აწყობენ… შემდეგ ვბრუნდები პარიზში და იმედია, რომ დავალაგებთ ამ ორი ფილმის ამბავს, რომლებიც დროშიც და ქვეყნების მიხედვითაც ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან. ამჯერად ორივე მხატვრული უნდა იყოს. ერთ შემთხვევაში დოკუმენტურად გადამეღო, მაგრამ იძულებული ვარ, ეს ხერხი გამოვიყენო, რადგან პერსონაჟებისთვის ცოტა საფრთხილო და სახიფათო იყო გამოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ეფუძნება ნამდვილ ამბებს, ვინც იცის, და ვინც არ იცის, ვერასოდეს მიხვდება, საიდან მოვიდა ეს ამბავი. რაღაცნაირად შენიღბვის წესით დამჭირდა მხატვრული კინოს გამოყენება… მეორე უნდა იყოს მხატვრული, იმიტომ რომ სხვანაირად არც გამოვა…
– ნინო კირთაძის დოკუმენტური ცხოვრება…12650478_1217177314977541_1285331947_n
– მე ვარ ბებია, რამაც ძალიან გამაბედნიერა. არასოდეს მეგონა, რომ ამდენ სასიცოცხლო მუხტს და  სიხარულს მომიტანდა. უცბად მივხვდი, რას ნიშნავს ეს თაობები. მე ჩემი ბებიაც და ბაბუაც ძალიან მიყვარდა და ორივე მხრიდან მყავდა დიდი ბებიები, საკმაოდ დიდხანს, სტუდენტობამდე. კი ვხედავდი დედაჩემს, ჩემი შვილი რომ გაჩნდა, სრულიად დაკარგული ჰქონდა გონი და დღემდე ასეა. ახლა კი მე აღმოვჩნდი მის როლში და ეს უცნაურია.
როდესაც უყურებ დედას, ფიქრობ, რომ ასეთი ნამდვილად არ იქნები და ხვდები, რომ ზუსტად ისეთი ხარ და ბევრად უფრო მეტიც… ეს რაც ეხება ოჯახს…
დროც რომ გადის, საინტერესოა ჩემთვის ამაზე ფიქრი, ერთი ასაკიდან მეორე ასაკში გადადიხარ, როგორ იცვლება საზრუნავი, რაზე ვსაუბრობთ. ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი – ზოგი წავიდა, ზოგი ომებმა გადაიყოლა… ამ დროს დანაკარგის განცდა გიჩნდება…
ყოველდღიურად კი, ძალიან ბევრი „ვორკშოპი“ მაქვს, ბოლოს ვიყავი მაროკოში, ისრაელში, ისევ საფრანგეთში და ვცდილობთ, ახალგაზრდა რეჟისორებს დავეხმაროთ, სწრაფად გაერკვნენ თავისავე ფიქრებში… თუ ფილმზე ვმუშაობ – 24 საათი ვმუშაობ. მე ხშირად მაკრიტიკებენ, რომ გაჩერება და ამოსუნთქვა არ ვიცი. ეს არის ჩემი ტემპი და არ ვაიძულებ სხვებს, ვისაც არ უნდა, რომ გამომყვეს. ურთიერთობები შემოქმედებით ჯგუფთან, აქაც, როგორც ოჯახი, ასეთი ტიპის მუშაობა მიყვარს. ამ აზრთა შეხლა – შემოხლაში რაღაც ნაპერწკალი ჩნდება, რომელიც მერე ფილმს ადგება და ეს მიყვარს… და თუ ვთქვათ, გადაღება არ არის და მონტაჟია, იქ ხომ საერთოდ გაუჩერებელი რეჟიმია, სანამ ეს ორგანიზმი – კინო არ გაცოცხლდება…

ნინო ჯაჯანიძე
12650211_1217177294977543_844246246_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები