ლუქსემბურგი კოსმოსში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას აპირებს
ლუქსემბურგის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის აპირებს, ქვეყანა კოსმოსში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ევროპულ ცენტრად გადააქციოს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, საუბარია დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდებზე მინერალური რესურსების მოპოვებაზე.
ლუქსემბურგის მთავრობის ინიციატივა „მიზნად ისახავს სრულიად ახალი კოსმოსური ინდუსტრიის განვითარებას, რომელიც დედამიწის ორბიტაზე და მის ფარგლებს გარეთ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მინერალური რესურსების მოპოვების საშუალებას იძლევა“.
ლუქსემბურგის მთავრობა შესაბამის სამეცნიერო პროექტებში ინვესტიციებს განახორციელებს, ასევე საკანონმდებლო ბაზა შემუშავდება, რათა კოსმოსში მომუშავე კომპანიების უფლებები დაცული იყოს. როგორც ევროპული კოსმოსური საგენტოს ყოფილმა დირექტორმა ჟან-ჟაკ დორდენმა განაცხადა, ერთი შეხედვით, პროექტი ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ მის განსახორციელებლად სამეცნიერო-ტექნოლოგიური ბაზა უკვე არსებობს.