გიორგი ქადაგიძე: ხვალ გაირკვევა, არის თუ არა მზად პარლამენტი ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსასმენად
ხვალ არის ბიუროს სხდომა, სადაც საბოლოოდ გადაწყდება, არის თუ არა მზად პარლამენტი ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსასმენად, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა მნიშვნელოვანი საკითხია.
“ჩვენი პოზიცია ცნობილია, ვფიქრობ, ჩვენი ანგარიშის მოსმენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხვალ არის ბიუროს სხდომა, სადაც საბოლოოდ გადაწყდება ან კონკრეტული თარიღი და მზაობა ჩვენი მოსმენის ან – არა. ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს და, შესაბამისად, ვიმოქმედებთ “, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც საქართველოს აქვს, პარლამენტის ტრიბუნა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესებულმა მოსახლეობამ შესაბამისი ინფორმაცია მიიღოს.
“ვფიქრობ, იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს, რა პერიოდიც ჩვენ გავიარეთ, ეს არის მნიშვნელოვანი ტრიბუნა იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას, დაინტერესებულ საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.