როგორ დაიხურა მსოფლიომ ერთი ქუდი… ვინ ქმნის ერთობლივად კომფორტულ და დეკორატიულ სილამაზეს…  

 „გამარჯობა, მეც თამუნა ზაუტაშვილის ქუდი მაქვს“…


„ასე ხშირად მომხდარა, რომ ჩემი ქუდის დახმარებით ადამიანებს ერთმანეთი გაუცვნიათ.
მერე ფოტოებს ერთად იღებენ და მიგზავნიან, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა…“ – ხელოვანი თამუნა ზაუტაშვილი ცდილობს, საკუთარი ნამუშევრებით ჩვენს ყოველდღიურობაში სინაზე შემოიტანოს. თუ მთელი დღის განმავლობაში დრო აღარ გრჩებათ, რომ საკუთარ თავს ყურადღება განსაკუთრებულად დაუთმოთ, ჩვენი პერსონა ამ პრობლემის გადაწყვეტაში ნამდვილად დაგეხმარებათ…

 

– როდის დაიწყო ქუდების ისტორია…12596044_1212507238777882_43951688_n
– ბავშვობიდან ვკერავ, ვქსოვ და ვქარგავ… ვფიქრობდი, რომ შეიძლება ვინმეს სადილის მომზადება არ შეეძლო, მაგრამ ხელსაქმე აბსოლუტურად ყველა ქალმა იცოდა, ასეთ გარემოში გავიზარდე.  ქუდების ისტორია კი ასე დაიწყო… ვაკეთებდი ჩემთვის, მეგობრებისთვის… ერთხელ პარიზში ყოფნისას მაღაზიაში ჩემი ქუდი მომხადეს და სერიოზულ ფასად შეიძინეს… მაშინ მოვკარი ასეთ სიტყვებს ყური, რომ მსოფლიოში საერთოდ არ არის ისეთი დეკორატიული ქუდები, რომლებიც სილამაზესთან ერთად კომფორტულიც არის. ჩამოვედი თბილისში და თვენახევარში ამერიკის საელჩოში გამოფენა გავმართე. უცხოელებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ ხელით ნაკეთი ნივთების მიმართ. მივხვდი, რომ იმ საქმიდან, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, შემიძლია თან სარგებელიც მივიღო…
– როგორია თქვენი ქუდების სამყარო?…12607332_1212507262111213_2095768083_n
– ამდენი წლის მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ქალები ძალიან უხეშად ჩაცმულები დავდივართ. ალბათ უფრო კომფორტის გამო, ამიტომ ვცდილობ ჩვენი ჩაცმის სტილი უფრო ნაზი გავხადო. ჩემი ქუდები არის დაახლოებით 20-30-იანი წლების რეტროს სტილის… იმ ეპოქაში ქალი ყველაზე ნაზი და ქალური იყო, სწორედ აქეთკენ მიმყავს ჩვენი ყოველდღიურობა.  ჩემი ქუდები თითქოს ამთავრებს სამოსს, არ აქვს მნიშვნელობა, ჯინსია თუ კლასიკური სამოსი…
– სინთეზი – ბეწვი და ყვავილები…
– ესეც ძალიან მიყვარს, უცნაური სინთეზი მომწონს. ბეწვი და შიფონის ყვავილები. ბეწვი ზამთართან ასოცირდება, შიფონი ზაფხულის მატერიაა და ჩემთვის იდეალურია ამ ორის ნაზავი…  ზოგადად, ვარდებიანი ქუდი  ჩემი სავიზიტო ბარათია. სწორედ ეს ქუდი იყო პირველი, რომელიც პარიზში ასე თავისთავად გაიყიდა. მსოფლიოში ყველაზე ბევრი, არ ვიცი, რამდენი – დაახლოებით 1000 ცალი მაქვს გაყიდული, მოთხოვნადი ვარდებიანი ქუდია. ვამბობ ხოლმე, რომ მეტს აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ ყოველთვის ახალ რაღაცებს ვიფიქრებ, მაგრამ შეკვეთების 80 პროცენტი ვარდებიან ქუდებზეა.
– ფერები როგორია?12625842_1212507222111217_1049967866_n
– მიყვარს, ზოგადად, პასტელის ფერები, მაგრამ საქართველოში, რასაკვირველია, უმეტესი შეკვეთა შავი და ხანდახან, თუ გარისკეს, ნაცრისფერია… თუმცა, მყავს ისეთი მომხმარებელიც, რომლებსაც 10-ზე მეტი ქუდი აქვს და ამ შემთხვევაში ალბათ ყველა ფერია, რაც კი ბუნებაში არსებობს. უცხოეთში უფრო პასტელის ფერები მოსწონთ. წითელს, ძირითადად, რუსეთიდან მიკვეთავენ…  საქართველოში ვარდებს აქცევენ უკან, როგორც იდეაში გათვლილია, ევროპაში – გვერდზე და რუსეთში – წინ. ასე ატრიალებენ… ყველაზე სასიამოვნოა კი ისაა, როცა ინტერნეტში სრულიად უცხო ადამიანზე ვნახულობ ჩემ მიერ შექმნილ ნივთს.
– თბილისში თუ გაქვთ მაღაზია?12607376_1212507228777883_2136807398_n
– არა, თბილისში მაღაზია არ მაქვს. თბილისის ყველა მოდის კვირეულში ვმონაწილეობ. აქედან გამოდინარე, ადრე მქონდა “ფეშენ ვიკის” და ქართველი დიზაინერების მაღაზიებში, სადაც იყიდებოდა ჩემი ნივთები. 2012 წელს მილანში, კონკურსში გავიმარჯვე. ამას მოჰყვა კონტრაქტი და საქართველოში მაღაზიის გახსნის უფლება აღარ მქონდა. შემეძლო მხოლოდ კერძო შეკვეთებზე მემუშავა… ჩემი ნამუშევრები მილანის ორ შოურუმში იყო წარმოდგენილი, იქიდან კი იტალიის „ბუწიკებში“ აღმოჩნდა. წელს  ამ კონტრაქტს ვადა გასდის, თუმცა თბილისში მაღაზიის გახსნას მაინც არ ვაპირებ. იმდენად არ მეხერხება მარკეტინგი და ბიზნესი, მე თვითონ არასდროს ვცდილობ, ეს საკითხები მოვაგვარო. ღმერთის წყალობით, ყოველთვის თავისთავად გამოდის…
– განსაკუთრებით რომელ ქვეყანაშია აქტუალური თამარ ზაუტაშვილის ქუდები?12626082_1212507235444549_1914091101_n
– მიუხედავად იმისა, რომ ორივე შოურუმი იტალიაშია, მაინც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შეკვეთების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთში იყიდება. საფრანგეთშიც კერძო შეკვეთები მაქვს. ცოტა ხნის წინ შემოთავაზება მივიღე დაღესტნიდან. სიმართლე გითხრათ, თავიდან გამეღიმა, მახაჩკალადან დამირეკეს… ალბათ ეს უკვე მუსულმანური გავლენაა და თავსაბურავით დაინტერესდნენ… ასევე მაქვს მოლაპარაკებები და შეიძლება დუბაის შოურუმშიც გავიტანო.
– სპორტული ქუდი  ვუალით…
– მაქვს ასეთიც, სპორტული ქუდია, მაგრამ ჩემს სტილს მაინც არ ვუღალატე და ვუალით სინაზე შევძინე…  ელემენტარული შტრიხით შესაძლებელია ყველაზე უხეშ მოდელსაც კი სინაზე შემატო. ალბათ ქვეცნობიერად მაქვს. თავადაც ყოველდღიურად მხოლოდ ბოტასებით ან უგებით დავდივარ, არანაირად კაბა და კლასიკური სამოსი…
– ადამიანები თქვენი ქუდებით… მათ როგორი სტილი აქვთ?12647604_1212507272111212_1469174956_n
– ყველანაირი სტილის ადამიანს აქვს ჩემი ქუდი. არიან ქალბატონები, რომლებიც დილიდან გაპრანჭულები არიან და მთელი დღე ინარჩუნებენ ამას, არიან ისეთებიც, ჯინსებით რომ დადიან. ასევე ჩვილ ბავშვებს, რომლებიც სამშობიაროდან გამოჰყავთ, მათ, დედებსაც და ბებიებსაც ახურავს ჩემი ქუდი. ხალხმა იმდენად გაითვისა ჩემი ქუდები, მეუბნებიან, რომ ვეღარ ვძლებთ მის გარეშეო. ამიტომ შევქმენი იგივე ქუდის ზაფხულის ვარიანტიც.
– შერონ სტოუნის კოლექციაშიც აღმოჩნდა თქვენი ქუდი…
– თბილისში, ფილმის პრემიერაზე ყოფნისას შერონ სტოუნს ჩემი ქუდი საჩუქრად გადასცეს… ეს ერთ–ერთი ულამაზესი ქუდი იყო. ვფიქრობ, მის სტილს მოუხდება… მას შემდეგ რამდენჯერმე გადავათვალიერე მისი ფოტოები, თუმცა ჩემი ქუდით ჯერ არ მინახავს. იმედი მაქვს,  ერთხელაც ვნახავ ფოტოს ამ ქუდში…
– თქვენ ვის ქუდებს ანიჭებთ უპირატესობას, ფავორიტი თუ გყავთ…
– ძალიან სასაცილოა ის ფაქტი, რომ ქუდი საერთოდ არ მაქვს… ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად შანელის ქუდები მომწონს. სიმართლე გითხრათ, დღეს, მთელ მსოფლიოში ძალიან ჭირს ქუდები, ბრიტანეთშიც კი… მე არ ვამბობ კალათებზე და ჩიტის ბუდეზე. ჩემი ქუდები, ჯერ ერთი, რომ თავს აძლევს ძალიან ლამაზ ფორმას, მერე ალბათ ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა თმა ფორმაში არ გაქვს… ამ დროს შეიძლება ჩემი ქუდი დაიხურო და ისე, რომ მოხდაც არ სჭირდება, ნებისმიერ სიტუაციაში შენობაში ან ღონისძიებაზე შეძლებ ამ ქუდით ყოფნას. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი უპირატესობაა. ალბათ ამიტომ იყიდება ამ რაოდენობით…
– როგორია თქვენი ქუდების მომავალი, ამაზე თუ გფიქრია?12647775_1212507232111216_1015568912_n
ახლახან სტუმარი, მოდის კრიტიკოსი მყავდა მილანიდან. მისგან შემოთავაზება მაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ვარ. ქვეყნის დატოვება არ მინდა, ვერ ვბედავ… მიუხედავად იმისა, რომ დიდი შვილები მყავს, 22 და 21 წლისანი არიან, მაინც ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო და წავიდე. მე იმასაც კი ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მთელ მსოფლიოში ჩემი ქუდები გაიყიდებოდა…  უცხოეთში ხშირად გაუცვნიათ ერთმანეთი ადამიანებს, რომლებსაც ჩემი ქუდები აქვთ. მერე ერთად იღებენ ფოტოებს და მიგზავნიან, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა…
– რას ისურვებდით…
– მეტი ფერი და ღიმილი… ჩვენთან რომ არის, ასე გემოვნებიანად ჩაცმული ადამიანები ალბათ ძალიან ცოტა ქვეყანაში დადიან. უბრალოდ მეტი ღიმილია საჭირო, ფერებსაც რომ თავი დავანებოთ. განწყობა ყველაზე მნიშვნელოვანია…

ნინო ჯაჯანიძე
12659686_1212507225444550_2098235010_n

12659810_1212507255444547_955270331_n

12659643_1212507258777880_481956324_n

12650771_1212507242111215_2068712424_n

12647969_1212507265444546_622506114_n

12650437_1212507185444554_1770627560_n

12650663_1212507252111214_1933060988_n

 


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები