აღმოჩენა, რომელიც მალე არქეოლოგ კიაზო ფიცხელაურის ცხოვრების საქმიანობის გვირგვინი გახდება

– როგორ დაიწყო…12434550_1192700630758543_632404126_n
– ცხოვრების დიდი გზა გავიარე. ეს 60 წლის ამბავია… ისტორიის ფაკულტეტზე იმიტომ შევედი, რომ ჩემი მეგობარი ლაშა ჯანაშია, სიმონ ჯანაშიას შვილიც იქ სწავლობდა. ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით, ჩვენი კლასიდან 9 მოსწავლემ გადაწყვიტა, ისტორიკოსი გამხდარიყო… უნივერსიტეტში სწავლის დროს ყურადღება მივაქციე იმას, რომ კახეთი იყო თეთრი ლაქა. არქეოლოგიის შესახებ არაფერი იყო კახეთიდან ცნობილი და ამიტომ დავიწყე ამ მხარეში სიარული და მისი წარსულის შესწავლა. დღეს კახეთი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესოდ შესწავლილი კუთხეა, რასაც დაახლოებით 55 წელი მოვანდომე…
– აღმოჩენა…12459864_1192700650758541_1182551553_n
– მე ნივთმცოდნე არ ვარ, რომ რამემ განსაკუთრებულად გამახაროს. მე ვსწავლობ საზოგადოების განვითარების პროცესს, რასაც დიდი დრო სჭირდება. პირველ რიგში, სასიხარულოა ის, რომ კახეთს უძველესი, ძალიან დიდი წარსული აქვს. ძალიან გამიხარდა, როდესაც ოქროს ლომი აღმოჩნდა. იგი ალაზნის ველზეა ნაპოვნი და ქრისტემდე 25–24–ე საუკუნით თარიღდება. აღსანიშნავია ბოლო წლებში კახეთში, ივრის ზეგანზე, ჯერ უდაბნოში, შემდეგ კი შირაქში სახელმწიფო სტრუქტურების აღმოჩენა. სწორედ დიდი შირაქის ველზე მდებარეობს „დიდნაურის“ ნაქალაქარი, რომლის მეცნიერული შესწავლაც ახლა მიმდინარეობს.
– დიდნაურის ქალაქი–სახელმწიფო…12435552_1192700614091878_956060487_n
– ეს, მართლაც, უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, ვინაიდან დღემდე საზოგადოებას უძველეს სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად კოლხეთი მიაჩნდა, რაც მხოლოდ წერილობითი წყაროებით დასტურდება, მაგრამ კოლხეთში „დიდნაურის“ მსგავსი ნაქალაქარი  ჯერ არ გვაქვს აღმოჩენილი. ეს იმით აიხსნება, რომ კოლხეთს ძალიან დიდი ტერიტორია ეკავა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დროის ამბავია და, ადრე თუ გვიან, მასაც მივაგნებთ. „დიდნაურის“ ნაქალაქარი, ეს არის პატარა სახელმწიფოს ცენტრალური ქალაქი (დედაქალაქი), რომელსაც 15 ჰექტარი უჭირავს, გალავანი 7 მეტრის სიგანის და კილომეტრ-ნახევარი სიგრძისაა, სიმაღლე, როგორც არქიტექტორები ამბობენ, 15 მეტრია. მას ირგვლივ თავდაცვითი თხრილი შემოუყვება. იმ პერიოდის მოსახლეობამ კოლოსალური სამუშაოები შეასრულა, მოზიდულია ქვა, ხის მასალა, რასაც სერიოზული ორგანიზება სჭირდებოდა.
– როგორ ხდება აღმოჩენა თანამედროვე არქეოლოგიაში?
– დღეს არქეოლოგია უკვე სხვა საფუძველზე ვითარდება. ადრე არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენა დაზვერვების გზით ხდებოდა. დღეს ამ მხრივ მდგომარეობა შეიცვალა, სატელიტური და აეროფოტოების დეშიფრაციის შედეგად ძალიან გვიადვილდება სხვადასხვა ძეგლის მიგნება. ასე აღმოჩნდა „დიდნაურის“ ნაქალაქარიც.12434221_1192700657425207_1762963031_n
ახლა მთავარია, დავადგინოთ, ვის ეკუთვნოდა ეს უმაღლესი დონის კულტურა. ჩვენს კვლევაში ჩართულია უამრავი ინტერდისციპლინარული მეცნიერება. ასე, მაგალითად, დნმ-ს ანალიზებით გვსურს, დავადგინოთ იმდროინდელი მოსახლეობის გენეტიკა. ჯერჯერობით ბევრ კითხვაზე პასუხი გაუცემელია, რადგან თვითონ ქალაქის ტერიტორიაზე გათხრები არ ჩაგვიტარებია. ეს მიწები კერძო საკუთრებაშია და ამ მხრივ გარკვეულწილად ხელი გვეშლება… ძალიან დამეხმარა ეკონომიკის სამინისტრო, მაგრამ ყველაზე მეტად განათლების სამინისტრო და, პირადად, ქალბატონი თამარ სანიკიძე გვიდგას გვერდით. რა თქმა უნდა, იმის გარკვევას, ვინ არიან ამ მაღალი დონის კულტურის წარმომადგენლები, დიდი თანხები და დროს სჭირდება. ჯერჯერობით საქართველოს ისტორიული საზღვრები სადავოა. იმის გამო, რომ საქართველოს ისტორიული აღმოსავლეთის საზღვარი გადააქვთ მცხეთამდე, „დიდნაურის“ ნაქალაქარიც და მიმდებარე ტერიტორიაც სხვა ისტორიული სახელმწიფოს შემადგენლობაში იგულისხმება. ამდენად, ამ სამუშაოებს ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. გასარკვევია, როგორ შეიქმნა ასეთი მაღალი დონის ცივილიზაცია, რა სამეურნეო ცხოვრებას ეწეოდნენ და ა.შ..
– რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ თქვენი ვარაუდები გამართლდება?
– არავის სჯეროდა, მაგრამ შირაქში სამი დიდი ნამდინარალი, სარწყავი არხები აღმოჩნდა. ესე იგი, ძალიან მაღალი დონის სოფლის მეურნეობა, მორწყვითი მიწათმოქმედება ჰქონდათ. თუ მოგვეცა საშუალება, მოკლე ხანში  ჩავრთავთ უცხოელებსაც. ბალტიისპირეთისა და გერმანიის ლაბორატორიებში დაიგზავნა საანალიზო მასალები, ასე რომ ახლა დასაწყისია. ყველაფერ ამას, რასაც მე ვამბობ, დასაბუთება სჭირდება.
–  ეს ხომ ძალიან დიდ თანხებს და შრომას უკავშირდება?12443060_1192700604091879_219654754_n
– რა თქმა უნდა, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უდიდესი მადლიერი ვარ პირადად განათლების მინისტრის, ქალბატონი თამარ სანიკიძის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავასი, რომლებმაც სრულად გაითავისეს ამ ძეგლის მნიშვნელობა და გამონახეს თანხები არქეოლოგიური სამუშაოების დასაფინანსებლად. მაგრამ  რასაც ახლა ვსწავლობთ, ეს ზღვაში წვეთია,  შირაქის მთა-გორების ირგვლივ „დიდნაურის“ თანადროული ქალაქური ტიპის უამრავი დასახლებაა, რომლებსაც კომპლექსურად უნდა შესწავლა, რასაც ბევრი დრო და თანხა სჭირდება.
– რამდენკაციანი ჯგუფი მუშაობს?
– წელს ექსპედიცაში მონაწილეობდა ოთხი ადამიანი: ორი არქეოლოგი და ორი მხატვარ-რესტავრატორი. თელავის უნივერსიტეტში არის ერთი ახალგაზრდა – გიორგი ლაღიაშვილი, რომელიც ნებისმიერ უცხოელ ახალგაზრდა სპეციალისტს გვერდით დაუდგება და აჯობებს კიდეც. ახალგაზრდა თაობის მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია და ეს სასიხარულოა. ძალიან კარგი ახალგაზრდობა გვყავს, რომლებიც მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ ამ ქვეყნისთვის, მართლაც, უმნიშვნელოვანეს საქმეში.
– სრული, საბოლოო სახე როდის შეიძლება მიიღოთ?12468016_1192700654091874_1644475974_n
– ამაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. 2016 წლის მაისში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 75 წლის იუბილეა, ამ იუბილისთვის ჩვენ საგანგებოდ ვემზადებით. გვინდა, რომ აკადემიის სტუმრები შირაქში ჩავიყვანოთ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მხარში გვიდგას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ბატონი ნიკოლოზ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით, საკრებულოს თავჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი და ადგილობრივი საზოგადოება. ენთუზიასტის გარდა სამშობლოს, თავისი კუთხის და ისტორიის მოყვარული ხალხია და ყველანაირად გვეხმარებიან, ეს კი საბოლოოდ ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს.
– რას შეცვლის ისტორიაში დიდნაურის აღმოჩენა და რამდენად არის მსოფლიო დონის?
– წერილობითი წყაროების და სამეცნიერო ნაშრომების მიხედვით დღემდე ითვლება, რომ აღმოსავლეთ საქართველოში და, საერთოდ, ცენტრალურ კავკასიაში, ქართული სახელმწიფო ძველი წელთაღრიცხვის მე–4 საუკუნეში შეიქმნა. ახლა კი წარმოგიდგენიათ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც უკვე ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნეში ჩნდება. ამას, ჩემი აზრით, არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, ვინაიდან სახელმწიფოებრივი სტრუქტურის ჩამოყალიბება აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 1000 წლით ძველდება. ყოველივე ზემოთქმულის დადასტურება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება მთელი ჩემი ცხოვრების საქმიანობის გვირგვინიც კი გახდეს.Untitled
– ემოცია...
– ემოცია, რა თქმა უნდა, დიდია, მაგრამ ეს არ კეთდება ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის. თუ დრო მეყო და ცოცხალი ვიქნები, ამ ძეგლს აუცილებლად მივცემ იმ სახეს, როგორსაც იმსახურებს. ვფიქრობ, ჩემს ქვეყანას მეტ სამსახურს ვერასოდეს გავუწევდი. ეს არის ჩემი ემოცია. თუ ეს ასე მოხდა, ნამდვილად გამიხარდება.

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები