„ძალიან ძნელია ქართველობა, მაგრამ აუცილებელია“…  

კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება – მხატვარ მურაზ მურვანიძის ნამუშევარს.  თავისუფლების მოედანზე განთავსებული მანათობელი ნაძვის ხე „ევრონიუსმა“ და „სი-ენ-ენმა“  მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში შეიყვანეს. რას ამბობს თავად მხატვარი და რაზე სწყდება გული მურაზ მურვანიძეს…

 

 – კიდევ ერთხელ თქვენს ნამუშევარს მსოფლიო აღიარება ხვდა წილად…12434646_1191647450863861_1104175351_n
– 
სასიხარულოა, რომ მსოფლიოს წამყვან ქალაქებს შორის ჩემი ნაძვის ხით თბილისიც შევიდა. მე–7 წელია, რაც ეს ნაძვის ხე თავისუფლების მოედანზეა. ნეკა სებისკვერაძის დიდი დამსახურებაა, მან მომცა ამის გაკეთების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცოდა, რას გავაკეთებდი.  ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, მლანძღავდნენ, როგორ შეიძლება ასეთი იყოსო… მე წმინდა გიორგის სხივები მივაბი და არა კაბა, როგორც ამას ამბობდნენ…  ერთი რამ მინდა ვთქვა, მე არასოდეს ვამბობ იმას, რასაც ვაკეთებ.  ნათესავებმაც  კი არ იცოდნენ, რომ ეს ჩემია. მურაზ მურვანიძის ცხოვრების კრედოა, რომ  ჩემს საქართველოს ისეთი რამ შევძინო, რითაც გაიმარჯვებს. მნიშვნელობა არ აქვს, ეცოდინებათ, მე ვართ თუ არა, მე შევიტანე ჩემი წვლილი ღმერთის და საქართველოს წინაშე…
– რისი დამსახურებაცაა ის, რომ რამდენიმე წლის წინ შექმნილი თქვენი ნამუშევრები დღესაც აქტუალურია და მსოფლიო აღიარება მოაქვს…
– 
ალბათ, ეს ღმერთის ბრალია და არა ჩემი. ერთი ისტორიაა, საბალეტო  სპექტაკლი, რომელიც პარიზში 160 წლის  დაიდგა, მხოლოდ  3 სეზონი ცოცხლობდა და მერე კვდებოდა. ბოლოს პარიზმა ჩვენ, მარინის თეატრს შეგვიკვეთა, სადაც მე მთავარი მხატვარი გახლდით. ჩვენთან ეს ჩავარდნილი საქმე იყო და ფრანგები კი იუბილეს იხდიდნენ.   დაახლოებით ორი თვე ვიმუშავე, არ მიხატია  ბიბლიოთეკაში, რეცენზიებს ვკითხულობდი. ყოველთვის ასე ვარ, უდიდეს შრომას ვდებ შესწავლაში და უცებ დამებადა სპექტაკლის შექმნის იდეა. 28 წელიწადი ისე წავიდა, რომ არაფერი შეცვლილა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული სპექტაკლი „კორსარი“. 77 წლის ვარ და არ მინდა ტრაბახით ვთქვა, მაგრამ, როგორც კი რამეს ხელს მოვკიდებ, ის ქვეყანა წლის ჩემპიონი ხდება.12435158_1191647110863895_682751345_o
– 1977-1989 წლები… ამ პერიოდში როგორ მოახერხეთ, რომ ყოველგვარ გეოგრაფიულ საზღვრებს გასცდით და ამერიკაში, საფრანგეთში, იტალიაში  მთავარ მხატვრად გიწვევდნენ…
– 
ვცდილობ, საქართველომ ხელი არ შემიშალოს. ფიროსმანი რომ უცხოელებს არ აღმოეჩინათ, ის დღეს არავის ეცოდინებოდა. მე თავს ამ გენიოსებს არ ვადარებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეა… ქართველებს არ გაგვაჩნია ანალიტიკური და კრეატიული ტვინი. არც კრიტიკოსი და არც ჩვეულებრივი, თუნდაც ხელოვნების მოყვარული ახლის აღმომჩენი არ არის.  ჩვენ ვცხოვრობთ ძველი წარმოდგენებით.
1992 წელს  კარლო ფელიჩეს თეატრში ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსი“ დავდგი და ასევე ლა სკალაში  პარალელურად იგივე სპექტაკლი დაიდგა.  ლა სკალაში პავაროტიმ იმღერა, ჩვენთან კი – მეორეხარისხოვანმა ტენორმა.  აქ დაუსტვინეს, იქ კი  ეს სპექტაკლი ყველა დროის საუკეთესო „დონ კარლოსად“ შეაფასეს. რატომ? იმიტომ, რომ დაიწერა პრესაში – „ეს მოხდა პირველად, – ასეთი მიდგომა და განსაზღვრა „დონ კარლოსის“ ფილოსოფიური აზრისა. შეიქმნა სამგანზომილებიანი სამყარო და ამან მისცა  სპექტაკლს იმპულსი“.
მუსიკალურ თეატრში კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ სამყაროს, სად ჟღერს მუსიკა. მომღერალიც უკეთესი ჩანს, როდესაც სამყარო უკეთესია. ეს არის  თვითონ სპექტაკლის შინაარსი. ყოველთვის აუცილებლად ღვთისნიერი სხივი უნდა ახლდეს ყველა ნაწარმოებს და მაშინ იმარჯვებს. თუმცა ამას, რა თქმა უნდა, დამსახურება უნდა, მუშაობა, სიყვარული ხალხის, ერის და შენი ხელობის. როცა იცი, რომ ეს გაქვს ღმერთის მიერ მონიჭებული, ვალი უნდა დაუბრუნო უფალს, შენს ერს და სამშობლოს. მაშინ ყველაფერი გამოდის. მე არასოდეს  ვფიქრობ, გადამიხდიან თუ არა. ახლაც ოლიმპიური თამაშების მთელი კონსტრუქცია  შევქმენი  და მერიდება ამ სიტყვის, მაგრამ საქართველოში „გადამაგდეს“…
– როგორ აღმოაჩინეთ, რომ ამ გზას უნდა გაჰყოლოდით…
– ეს არის ძალიან მარტივი. ძალიან მინდოდა, ვყოფილიყავი არქიტექტორი, თანაც მოქანდაკე, მაგრამ  მეზარებოდა სწავლა, ოროსანი ვიყავი მათემატიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ბაბუაჩემი წერდა წიგნებს მათემატიკაში, რომელსაც მერე სკოლაში ვსწავლობდით. ამან განაპირობა, რომ არა არქიტექტურაზე, არამედ ამ კუთხით გავყევი ჩემს გზას…
– ოჯახი…12398939_1191648580863748_1594254108_n
– ნატა მურვანიძე, ჩემი შვილი, განსაკუთრებით არის ბებიის შვილიშვილი. დედაჩემის აბსოლუტური ასლია, რომ ვუყურებ, დედაჩემი მგონია. დედაჩემი, სხვათა შორის, შეუმდგარი მსახიობი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა გახადეს მუსიკოსი, კარგი პედაგოგი იყო. ლიანა ისაკაძეს ორი წელიწადი ასწავლა და მან გადაწყვიტა, რომ ლიანა ვიოლინოს უნდა გაჰყოლოდა და არა ფორტეპიანოს.  კიდევ რამდენიმე წარჩინებული მუსიკოსი აღზარდა. მაგრამ სულ გულნატკენი იყო, რომ მსახიობი არ გამოვიდა. სცენაზე რომ ვუყურებ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ნატოს დედაჩემისგან მოსდევს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ მის გენეტიკურ შემადგენლობაში უდიდესი მსახიობები არიან, ვერავის მასში სხვას ვერ ვხედავ…  ამდენად, არის განსხვავებული ყველასგან.
– ხელოვანების ძალიან ძლიერი ჯაჭვია…
– მე ასე ვუყურებ, როგორც ჩემს ხაზს, რასაკვირველია, არის სხვაც, მაგრამ ჩემი ხაზი მაინც  მაინტერესებს – არის დედაჩემი, ვარ მე, არის ნატო და არის დათა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთი ხაზია გამოყოფილი, გენეტიკურად ეს ერთი შტო არის. რასაკვირველია, იმ შტომ გაამდიდრა, თუმცა მე მაინც ასე მიმაჩნია… ეგოისტი არ ვარ, მაგრამ ეს  შეიძლება ზედმეტი  ეგოიზმიც არის ჩემი მხრიდან. ჩვენ  ძალიან ვგავართ ერთმანეთს…
– დათასთვის თუ მიგიციათ რჩევები?12435435_1191647310863875_651143856_o
– მისთვის რჩევა არ მიმიცია. ერთხელ დავდგით სპექტაკლი „მახინჯი“. კიდევ გავაკეთე სპექტაკლი ვილნიუსში, რომელიც პრაქტიკულად მე მოვიფიქრე მთლიანად,  – სადაც დათა წავიყვანე მსახიობად, დირიჟორად, მომღერლად…
– როგორ მუშაობთ ერთად ბაბუა და შვილიშვილი…
– ის მუშაობს ჩემთან, მე კიდევ, ვდნები ხოლმე, როცა ვუყურებ…  მე ბედნიერი ადამიანი ვარ. ასეთი შვილიშვილი მყავს, კიდევ მყავს შვილიშვილები, ვგიჟდები მათზე, მაგრამ მე და დათა ერთი პროფესიის ვართ და, ამდენად, ერთად ვმუშაობთ. მასზე ყველაზე მეტი ამაგი მაქვს, სკოლიდანაც წამიყვანია, მომიპარავს.  ერთადერთი ადამიანია ალბათ მას შემდეგ, რაც მეფის ოჯახი დახვრიტეს, სამეფო მარინის თეატრში საკუთარი ადგილი აქვს, ეს დათას მე  გავუკეთე. ამდენად, ეს უკვე დიდი ამბავია…
– არ გენატრებათ თქვენი აქტიური ცხოვრება?…12434267_1191647104197229_195297883_n
– რასაკვირველია, ძალიან მინდოდა. დამიძახეს ოპერის თეატრში და დამნიშნეს მთავარ მხატვრად. დავდგი „აბესალომი“, რადგან დიდი ხანია ვფიქრობ აბესალომზე. ეს შეუმდგარი სპექტაკლია, ვერავინ იპოვა მისი გასაღები… სპექტაკლის ბოლოს, როცა გამოდიოდა მაყურებელი, ყველა ერთხმად ამბობდა, რომ აბესალომი იყო სუსტი და მურმანი იყო ნამდვილი ვაჟკაცი. ესე იგი სპექტაკლი არ შედგა, იმიტომ რომ ბოროტმა გაიმარჯვა კეთილზე…
მე ყოველთვის ვცდილობდი „აბესალომის“ პოპულარიზაციას მსოფლიოში, მინდოდა დამედგა,  მაგრამ არცერთმა თეატრმა არ მიიღო, რადგან მუსიკალური მასალა არ მოსწონთ… თუმცა, ჩვენ ვთვლით გენიალურად… ეს არ არის ის ოპერა, რომელიც იმარჯვებს მსოფლიოში, მაგრამ სპექტაკლს უნდა გაკეთება, მუსიკა, მართლაც, არის დიდებული გარკვეულ სურათებში, მაგრამ, საერთო ჯამში, ოპერა არ არის მუსიკალურად გამართული. ვიმუშავე წელიწად-ნახევარი, სხვა არაფერი  გამიკეთებია, გავამზადე აბესალომი, გავიაზრე ბოლომდე და ამ დროს გაისმა ზარი ოპერიდან: თქვენ მოხსნილი ხართ ოპერიდანო…
არსად წასვლა არ მინდა, მუდმივად ვმუშაობ. გავაკეთე ჩვენი დიდი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის, იგივე ქართველის ძეგლი. ახლახან გავიტანე გამოფენაზე. ამერიკელებს მოეწონათ და ლამობენ, რომ ეს ძეგლი დადგან.
– ამ ეტაპზე რაზე მუშაობთ?12436751_1191647084197231_48786591_o
– ვახტანგ ჭაბუკიანის ძეგლზე, უკვე პატარა მოდელი მაქვს  ჩამოსხმული, ალბათ არ დადგამენ, ვერ გადაწყვეტენ, ამას სხვანაირი მოქმედება უნდა… იციან, რომ მე ჩუმად ვიჯდები სახლში…  ერთხელ პეტერბურგის დიდ გაზეთში  სტატია მქონდა –  „ნახვრეტი ფარდაში“… ყველა დიდ თეატრს აქვს ასე, საიდანაც შეუძლიათ მაყურებელი დაინახონ… პირველი მოქმედების დასრულებისას მივდივარ, ნახვრეტში ვიხედები, მინდა დავრწმუნდე, რომ მაყურებელს სპექტაკლი მოეწონა. სახეზე ვატყობ კმაყოფილებას და ვწერ, რომ ეს არის ჩემი გასამრჯელო. მე შეიძლებოდა ისე ადვილად ვყოფილიყავი მილიონერი, მაგრამ  ჩემთვის ფულს მნიშვნელობა არასოდეს ჰქონია. ჩემი დიდი ოცნება იყო, რომ ჩემს ქალაქში გამეკეთებინა ოპერის ფარდა, სპექტაკლი „აბესალომ და ეთერი“, და ვახტანგ ჭაბუკიანის ძეგლი. მიმაჩნია, რომ სამარცხვინოა, ვახტანგ ჭაბუკიანის ძეგლი რომ არ დგას.12438863_1191647304197209_859341285_o
– ქმნით ნამუშევრებს, რომლებიც საქართველოში უარყოფით ემოციას იწვევს, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ მსოფლიო აღიარებს…
– „მეტროპოლიტენ ოპერაში“ ორი სპექტაკლი ვაჩვენე და ოპერის პრეზიდენტმა ბატონმა კირს ტაინმა თქვა – „ამდენი დრო გავიდა და ამ დიდ სცენას ვერაფრით მოვერგეთ. მას შემდეგ არქიტექტორს სულ ვლანძღავდით, ჩამოვიდა მურვანიძე 1989 წელს და ორი სპექტაკლი გვაჩვენა. მივხვდით, რომ არქიტექტორი კი არ იყო დამნაშავე, ჩვენ ვართ დამნაშავენი, რომ ვერ მოვერგეთ ამ სცენას.“
ახლა საქართველოში  ჩამოვიდა ამერიკელი და აღტაცებით მიიღეს ჩემი მიძღვნა ალექსანდრე ქართველისადმი და მეუბნება, რომ შენ კიდევ 50 წელი ვერ გაგიგებენ ქართველებიო. წამოდი, ჩვენთან იყავიო და მე არ მინდა იქ ყოფნა, აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ აქ უნდა ვიყო, სხვაგან ვერ ვძლებ. ეს არის ალბათ ჩემი იღბალიც, ვერც გამიგებენ და ამიტომ აქ სამუშაოც  არასოდეს არ მექნება…  ველოდები, გაივლის ალბათ დრო და უკვე დიდი ხნისა ვარ, ძალიან მენანება, რომ უდიდესი პოტენციალი მაქვს, ყოველდღე ახალ-ახალი იდეები მომდის, რომლის მსგავსი საერთოდ არ არის და ეს უნდა დაიმარხოს… იმიტომ რომ ქართველი ვარ, იმიტომ რომ საქართველოში ვცხოვრობ. ცუდია ძალიან ცუდია, ახლის აღქმა ქართველებისთვის ძალიან ძნელია… რთულია ჩემთვის აქ ცხოვრება, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. მე სულ ვამბობ, ძალიან ძნელია ქართველობა, მაგრამ აუცილებელია…

ნინო ჯაჯანიძე

12434389_1191647100863896_68214768_n

12436665_1191647467530526_100791757_o

12443695_1191647474197192_1303771507_o

12443827_1191646904197249_411484232_o

12449245_1191647280863878_1901748047_o

12449602_1191646910863915_436030837_o

12449709_1191647470863859_2027363058_o

12458694_1191647264197213_778577634_o

12458724_1191646900863916_267556421_o

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები