ბერი გაბრიელის და: დააბრუნონ ჩემი ძმის წმინდა ნაწილები იქ, სადაც იყო და მამა გაბრიელი ჩაასვენონ სამარეში

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დააბრუნონ იქ, სადაც იყო, ჩაასვენონ სამარეში, გააკეთონ ისეთივე საფლავი, როგორიც იყო ზამთარ-ზაფხულ წალკოტი და სამოთხე, – ამის შესახებ წმინდა მამა გაბრიელის და – ემა ურგებაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს. როგორც ურგებაძე აღნიშნავს, გაბრიელის საფლავის მიწას სასწაულმოქმედი მადლი აქვს.
„იმის შემდეგ, რაც ჩემი ძმის წმინდა ნაწილები მიწიდან ამოიღეს და ლუსკუმაში ჩაასვენეს, მოსვენება დავკარგე. მას შემდეგ ორჯერ შეუცვალეს ადგილი: ჯერ ხის ლუსკუმაში მოათავსეს, უკაცრავად და ხის ყუთში, შემდეგ – ქვისაში. ჩემი ძმის წმინდა ნაწილებს ყუთში რა უნდა, ასე დაიბარა? არ იციან, რომ ნეშტის წვალება არ შეიძლება? სამარიდან მიცვალებულის ამოსვენება, წმინდანიც რომ იყოს, ქრისტიანულია? ეს ყველაფერს კარგს არაფერს მოიტანს. ხმამაღლა ვაცხადებ და მოვითხოვ, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დააბრუნონ იქ, სადაც იყო, ჩაასვენონ სამარეში, გააკეთონ ისეთივე საფლავი, როგორიც იყო ზამთარ-ზაფხულ წალკოტი და სამოთხე. გაბრიელის საფლავის მიწას დიდი მადლი ჰქონდა – ლუსკუმაში ჩასვენება -ამოსვენებით ეს მადლი იკარგება, მიწას სასწაულმოქმედი ძალა იმიტომ ჰქონდა, რომ გაბრიელის უხრწნელ ნეშტს ეხებოდა, ის ხომ კუბოს გარეშე მანტიით იყო დაკრძალული. მიწა მადლით ივსებოდა. ახლა ამ ქვაში იკარგება ის ყველაფერი, ამდენი არ ესმით, არ იციან? ავადმყოფებს ზეთი მიჰქონდათ, მათთვის წამალი იყო, იცხებდნენ და კურნების ძალა ჰქონდა, რამდენი გამოჯანმრთელდა. სად არის ახლა ის ზეთი?!“ – აცხადებს ემა ურგებაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
წმინდა გაბრიელის და, ამავე ინტერვიუში წარსულს იხსენებს და ამბობს, რომ მის ძმას არავისთვის დაუბარებია, რომ გარდაცვალების შემდეგ მიწიდან „ამომიღეთ“ და სხვაგან „გადამასვენეთო“ . ემა ურგებაძე საზოგადოებას კითხვით მიმართავს, „წმინდანი რატომ უნდა ამოიღო მიწიდან, შენი სათამაშოა?!“
„ასე პამპულაობა არ შეიძლება, კითხვას ვსვამ – განა ეკლესიურია საფლავიდან ნეშტის ამოღება, ქუჩა-ქუჩა ტარება, ერთი წლის განმავლობაში ჯერ ხის ყუთში გაჩერება და მერე ქვის ყუთში გადასვენება? იმ ადგილას, სადაც ქვას აცემენტებდნენ, გაბრიელი გამოეცხადათ – ასე აწვალებდნენ და კიდევ უკვირთ? თუ მაინცდამაინც ეკლესია უნდოდათ, თვითონ საფლავი მოექციათ პატარა ეკლესიაში, მის თავზე ოთხ სვეტზე შემდგარი პატარა სამლოცველო გაეკეთებინათ. ერთხელ მივედი და კინაღამ გული გამისკდა – იმ ადგილას, სადაც გაბრიელის საფლავი იყო, უზარმაზარი ქვა-ლოდი დაედოთ. შემდეგ ის პატრიარქმა ააღებინა“, – ამბობს ემა ურგებაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები