რა არ სმენიათ 21-ე საუკუნის ბავშვებს და რის შეხსენებას ცდილობს მათთვის ნინი ჩიქოვანი

თამაში აუცილებელია“… ნინი ჩიქოვანი მეგობართან ერთად რამდენიმე თვეა  ბავშვობისდროინდელ გასართობებს იხსენებს. რატომ გაუჩნდა მას ეს საფიქრალი, რთული აღმოჩნდა თუ არა თამაშების გახსენება და რას თამაშობდნენ მე-20 საუკუნის პატარები…

– მე და ნონა (შპს „თამაშობანას“ დამფუძნებელი) ბავშვობის ზაფხულებს ვატარებდით ბებია-ბაბუებთან კახეთში.
მზის ამოსვლამდე ვხტებოდით ლოგინიდან და თავქუდმოგლეჯილები ჩავრბოდით კიბეებზე, რომ, რაც შეიძლება მალე შევერთებოდით ჩვენს მეზობელ-მეგობრებს და მათთან ერთად გვეთამაშა. „ამოდი, ისადილე!“- ეს ფრაზა დასჯასავით ჟღერდა. ამოსულებს, ერთი სული გვქონდა, როდის ჩავირბენდით ისევ და დაწყებულ თამაშებს დავუბრუნდებოდით. ჩვენი ბავშვობა სავსე იყო ბედნიერი თამაშებით: წრეში ბურთი, რეზინობანა, ორდროშობანა, რიცხვობანა…12336027_1177871665574773_1010050871_n
– როგორ აირჩიე პროფესია და რა პროფესია გაქვს?
– მეც და ნონაც მარკეტოლოგები ვართ. ეკონომიკური განათლების მიღების შემდეგ უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ავარჩიეთ. ეს ის პროფესიაა, რომელიც თან ძალიან საპასუხისმგებლო და საინტერესოა, თანაც შემოქმედებითი, ის გაძლევს ბევრი იდეის მოფიქრების და განხორციელების საშუალებას.
– როგორ გაჩნდა  „თამაშობანას“ იდეა?
– ერთხელ მე და ნონა ვისხედით და ვსაუბრობდით, როცა ოთახში პატარა სესილი შემოვიდა  და ერთად თამაში გვთხოვა. დავიწყეთ ფიქრი, რა გვეთამაშა და ჩვენი ბავშვობის რეზინობანა გავიხსენეთ. სესილი დიდი, ლამაზი თვალებით გაოცებული შემოგვცქეროდა, რადგან არ იცოდა, რა თამაშს ვგულისხმობდით. დავიწყეთ რეზინის ძებნა, მაგრამ არ აღმოგვაჩნდა. უცებ მივხვდით, რომ, ჯერ ერთი, დღევანდელ ბავშვებს არც სმენოდათ ჩვენს თაობაში  გავრცელებულ ეზოსა თუ სახლის ბევრი თამაშის შესახებ და, მეორეც, არც აქვთ შესაძლებლობა, ითამაშონ: არ არის საჭირო ინვენტარი, გარემო და ხშირად – ადამიანები, რომლებიც დაუჯდებიან და ამ თამაშებს ასწავლიან მათ.12348261_1177871668908106_1401896233_n
ჰოდა, იმ წამსვე გაჩნდა „თამაშობანას“ იდეა.
– როგორ ფიქრობ, რისთვის არის საჭირო „თამაშობანა“ და გამოიწვევს თუ არა დაინტერესებას?
– 
„თამაშობანა“ ასწავლის ბავშვებს თამაშებს, რომლებსაც წინა თაობები თამაშობდნენ, უფროსებს კი ახსენებს საყვარელ აქტივობებს. ჩვენი მიზანია, ბავშვებმა იგრძნონ თანატოლებთან ურთიერთობის ბედნიერება, იყვნენ ფიზიკურად აქტიურები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნია, რომ „თამაშობანა“ აერთიანებს თაობებს და  ოჯახებს დროის მხიარულად გატარების  საშუალებას აძლევს.
თამაშები აერთიანებს ბავშვებს, ასწავლის წესისა და რიგის დაცვას, უწრთობს ნებისყოფასა და ხასიათს, უყალიბებს სიმტკიცეს, სიძნელეთა და დაბრკოლებათა გადალახვის უნარს, ავარჯიშებს, ამხნევებს და აბედნიერებს მათ.12358379_1177871705574769_919117543_n
– რა სახის თამაშები გაქვთ და როგორ ხდება დამზადება?
–  
პირველ ეტაპზე გვაქვს 10 თამაში: ვისი სული გსურს, ამის პატრონმა რა ქნას, ქალაქობანა, ჯოკერი, ნარდი, ლოტო, რეზინობანა, ორდროშობანა, სასირბილო თამაშობანა, თამაშობანა ბურთით. ყველაფერს ვამზადებთ საქართველოში, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან.
– როგორ მოიძიეთ თამაშები და რამდენად რთული იყო?
– 
პირველ ეტაპზე გავიხსენეთ და შევკრიბეთ თამაშები. ამისთვის ბევრი ბეჭდური თუ ზეპირი წყარო გამოვიყენეთ. დიდი სიაც შედგა, რომელიც დაიყო სხვადასხვა კატეგორიად – საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თამაშებად, წვიმაში სახლში, მაგიდის, ეზოს თამაშებად, თამაშები სხვადასხვა ინვენტარის გამოყენებით – ბურთი, ლახტი, ბანქო… რთული იმდენად არ იყო, რამდენადაც საინტერესო. ბევრი ისეთი თამაში აღმოვაჩინეთ, რომელიც საერთოდ არ ვიცოდით, კიდევ უფრო მეტი თამაში აღმოვაჩინეთ, რომელსაც თურმე არასწორად ვთამაშობდით ბავშვობაში. ყველა წესი და ინსტრუქცია შევკრიბეთ და გამოვუშვით.12366512_1177871718908101_24749489_n
– ახალი თამაშების შესახებ თუ გაიგეთ, ის რომელიც ბავშვობაში არ იცოდით?
– იმის მერე, რაც „თამაშობანა“ გააქტიურდა, მოგვდის ძალიან ბევრი შემოთავაზება ამა თუ იმ თამაშზე. ყველა იხსენებს ძველ თამაშებს, ზოგი ახალსაც გვთავაზობს და გვირჩევს, რომ გამოვუშვათ. ბოლოს ასეთი თამაში დაგვისახელეს – „ქუდი“. ჩვენს ბავშვობაში ეს თამაში არ ვიცოდით, თუმცა ძალიან საინტერესოა და შეიძლება სამომავლოდ ჩვენც გამოვუშვათ.
– რამდენადაც ვიცი, თამაშების რაღაც ეტაპი გამოვიდა და მზადდება მორიგი ეტაპი…
– 
კი, პირველ ეტაპზე შეირჩა 10 თამაში, რომლებითაც „თამაშობანა“ გაეცნობა ქართველ მომხმარებელს, დანარჩენები კი ნელ-ნელა შემოემატება. ვგეგმავთ ლახტის თამაშების დამატებას და ასევე სამაგიდო თამაშების სიის გაფართოებას.
– სამომავლო გეგმები რა გაქვს, როგორ გაფართოვდება „თამაშობანა“?
– 
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კომპანია გაიზრდება და შეძლებს, შესთავაზოს მომხმარებელს ბევრი სახეობის და ყველა ფასის კატეგორიის თამაშები. ასევე გვსურს, გავიტანოთ ჩვენი თამაშები ექსპორტზე, მივიღოთ აქტიური მონაწილეობა სათამაშოების საერთაშორისო გამოფენებზე, რადგან დარწმუნებულნი ვართ, ამის საკმაო საფუძველი გვაქვს.

ნინო ჯაჯანიძე

12366810_1177871658908107_1749522272_n

12380074_1177871645574775_1124791483_n

12380613_1177871715574768_1746414141_n

12366991_1177871698908103_1901427546_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები