გიორგი ბურჯანაძე: ქალაქში სარეალიზაციოდ გამოტანილი ვირის ხორცი გამოჩნდა
„ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ქალაქში სარეალიზაციოდ გამოტანილი ვირის ხორცი გამოჩნდა. როგორც გიორგი ბურჯანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ე.წ. ნავთლუხის ბაზართან გარემოვაჭრეები ვირის ხორცს ყიდიან, რომლის ფასი 4-5 ლარი ღირს.
„ვირის ხორცი მოშავო ფერისაა. უფრო სწორედ, მუქი ვარდისფერია და ძალიან ყვითელი ქონი აქვს. მაგრამ ისე იყო დამუშავებული – მცირედი ძვალიც კი არ ჰქონდა შეყოლილი. საქმე ისაა, რომ ვირსა და ცხენს განსხვავებული ძვლები აქვთ და ამით მიხვდებით, რომ ამ შემთხვევაში ხორცი საქონლის არაა. თუმცა, ცხენის ხორცის ჭამა დასაშვებია. აქ უკვე მომხმარებლის მოატყუებასთან გვაქვს საქმე. ვირის ხორცი, როგორც საკვები პროდუქტი, სასტიკად აკრძალულია, რადგანაც ადამიანისთვის საზიანოა, განსაკუთრებით მოზარდის ორგანიზმისთვის. მაგრამ მაინც იყიდება. არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ერთ ბაზარზე ვსაუბრობ. ტრასებზე რა ხდება, ამას იკვლევს ვინმე? იქ მტვერში და სიბინძურეში რა ხორცი იყიდება, ამის შემოწმებაზე ვინმე ზრუნავს?“, – აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.
გიორგი ბურჯანაძე ინტერვიუში მონიტორინგის შედეგებს ასაჯაროებს.
„ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ხორცის მწარმოებელი კომპანიის ქსელში, რომელსაც ამჟამად არ დავასახელებ, გასაყიდად გამოტანილი კვიცის ხორცი იქნა ამოღებული. ეტიკეტზე ეწერა: „შებოლილი ღორის ხორცი“ და ამ დროს კვიცის ნეკნები იყო. ვიმეორებ, არ ვასახელებ ამ ფირმას, მაგრამ ჭკუით იყოს, თორემ მეორედ ასე არ მოვიქცევით. ცხენსა და ვირს ერთნაირი რაოდენობის ნეკნები აქვთ, მაგრამ ცხენს გაცილებით მსხვილი ძვალი აქვს და ორივე ეს ცხოველი საქონლისგან იმით განსხვავდება, რომ მომრგვალო, გლუვი ძვლები აქვთ, საქონლის ძვალი კი ბასრია, მაგრამ თუ ძვალი გამოცლილი აქვს, ხორცის წარმომავლობის გარკვევა მარტო ექსპერტიზით მოხერხდება . როგორც გავიგე, ვირის ხორცს უფრო ფარშში უშვებენ, მაგრამ მოხარშვისას მყრალ სუნს გამოსცემს და ბევრი სანელებით აზავებენ“, – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.