ქართველი სამხედროების ISAF-ის მისიაში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთის საერთაშორისო მისიაში გასამგზავრებლად მზად არიან. დღეს, ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის, სამთო-სადაზვერვო და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონების ავღანეთში ISAF-ის მისიაში გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და აშშ-ის ევროპული სარდლობის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ ტრაიონი დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები.
ქართველ სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიესალმა და მათ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
„ორივე ბატალიონის მზადყოფნა ძალიან მაღალია, გამოცდილება აქვთ დაგროვილი. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების შეფასებითაც საბრძოლო მზადყოფნის ყველა კომპონენტი აბსოლუტურად გამართულია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ჯარი მისიას ბოლომდე პროფესიონალურად შეასრულებს და მშვიდობით დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებსა და ქვეყანას. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა პრაქტიკულად უკვე შეაბიჯეს ნატოში, გააღეს ნატოს კარი. ეს ჩვენი საქართველოს ის ნაწილია, რომელმაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ჩვენს დაახლოებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გაწევრიანების საბოლოო მთავარი მიზეზი სწორედ ჩვენი ჯარის საბრძოლო მზადყოფნა და დიდი კონტრიბუცია გახდება“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა ასევე, გენერალ-ლეიტენანტმა რიჩარდ ტრაიონმა. გაცილების ცერემონიალზე პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროს და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. სამხედრო ორკესტრმა შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23-ე ბატალიონი, როტაციის წესით, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს ჰელმანდის პროვინციაში ბაზა „ლეზერნეკზე“ ჩაანაცვლებს. ბატალიონი მისიაში მონაწილეობას უკვე მეორედ მიიღებს. ISAF-ის ოპერაციაში ქვედანაყოფის სამხედროები პირველად 2012 წელს მონაწილეობდნენ და სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.
მე-13 ბატალიონის სამხედროებისგან დაკომპლექტებული გაძლიერებული ოცეული საერთაშორისო მისიას ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „ფენიქსზე“ შეასრულებს. სამთო-სადაზვერვო ბატალიონი კი ყანდაღარის პროვინციაში 6 თვის განმავლობაში იმსახურებს. ISAF-ის მისიაში გამგზავრებამდე სამხედრო მოსამსახურეებმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარეს. სწავლებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო ბრიგადა ხელმძღვანელობდა. სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამხედრო წვრთნები აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გაიარეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები