ტერორიზმი რელიგიის სახელით და ტოლერანტული საქართველო საფრთხეების მოლოდინში
რელიგიის, კერძოდ, ისლამის სახელით ჩადენილმა სისასტიკემ მსოფლიოს პულსი აუჩქარა. მაშინ, როცა ტერორისტების გეგმების განხორციელებას ისეთი დიდი და ძლიერი სახელმწიფოები ვერ გადაურჩნენ, როგორიცაა საფრანგეთი, თურქეთი, რუსეთი თუ სხვები, ბუნებრივია, კავკასია და მათ შორის საქართველო ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ რჩება. მით, უფრო, რომ ქართული წარმომავლობის ე.წ. ისლამისტები, სწორებას ჩვენზე აკეთებენ და სოციალური ქსელიდან მუქარას მუქარაზე გვითვლიან.
„ისლამი“, „ისლამისტი“, „ისლამური სახელმწიფო“, „ისლამისტების მუქარა“, – ეს სწორედ ის თემებია, რომელმაც ევროპელი ლიდერები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შესაჩერებლად გააერთიანა. თუმცა, საკითხი, რომელსაც ისლამური რელიგიის მიმდევრები, მლოცველები, მათი სასულიერი ლიდერები, მუფტები, შეიხები აყენებენ, ასეთია – რა კავშირი აქვს ტერორიზმს, ტერაქტებს, ადამიანთა ხოცვას რელიგიასთან. შესაბამისად, საზოგადოებას და განსაკუთრებით მედიას მოუწოდებენ, ე.წ. ისლამისტების პროპაგანდის და რელიგიისა და ტერორიზმის ერთიანობას პროპაგანდისტურ იარაღად ნუ იქცევიან.
“ისლამი და ტერორიზმი უნდა გაიმიჯნოს. მუსულმანი ვერასდროს იქნება ტერორისტი. არ შეიძლება პიროვნებების დანაშაულის ისლამთან გაიგივება. ეს ყველაფერი ისლამოფობიისკენაა მიმართული. ყურანში ღმერთი გვიბრძანებს: „ვინც მოკლას ერთი ადამიანი, მას ისეთი ცოდვა ეწერება, თითქოს მთელი კაცობრიობა გაუნადგურებია, ვინც გადაარჩენს ერთ ადამიანს, მას ისეთი მადლი ეწერება, თითქოს მთელი კაცობრიობა გადაურჩენია. ისლამი და ტერორიზმი ერთ კონტექსტში არ უნდა მოიხსენიებოდეს. ტერორისტი შეიძლება იყოს ქრისტიანიც, ებრაელიც, იქნება მუსულმანიც, მაგრამ თუ პიროვნებები აშავებენ, მათი ჩადენილი დანაშაულის გამო მათ რელიგიას არ უნდა შევეხოთ და მათი დანაშაულები რელიგიებს არ უნდა მივაწეროთ. ისლამი გმობს ძალადობას, რელიგია თუ ძალადობას ქადაგებს, ის ვერ იქნება რელიგია. რა პრობლემაც არ უნდა შეექმნას, მუსულმანი ვერ მოკლავს ადამიანს. ჩვენ ვგმობთ ასეთ ფაქტებს. მუსლიმთა სააგენტო და ყველა სასულიერო ლიდერი ყურადღებას ვაქცევთ, რომ ეს ფაქტები არ იყოს საქართველოში, რომ ისლამი არ გამოიყენონ ადამიანებმა ისეთი კუთხით, ვიღაცას რელიგია შეაძულონ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას სრულიად საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ.
იგივეს აცხადებს სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვიც. შეიხი გმობს რელიგიას ამოფარებულ ტერორიზმს და აცხადებს, რომ ამ ყველაფერს მუსულმანურ სარწმუნოებასთან კავშირი არ აქვს.
შეიხის განმარტებით, მოწოდებები, რაც ტერორისტების მხრიდან ვრცელდება, პირდაპირ ისლამის ანტიპიარი და რელიგიის დასუსტების მიზნით გაკეთებული პოლიტიკური სვლებია: „ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ტერორისტული აქტების მოწმენი ვხდებით. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ყველა ეს დანაშაული ჩვენი რელიგიის სახელით ხდება, რელიგიას ამოფარებული კონკრეტული ორგანიზაციები, თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად რელიგიას იყენებენ და საშინელ დანაშაულებს სჩადიან. განხორციელებულ ტერაქტებს მედიაც ისე აშუქებს, თითქოს ეს ყველაფერი რელიგიის ნიადაგზე ხდება. დანაშაულის გაშუქებისას რელიგიაზე აპელირება დანაშაულია, ინფორმაციის ასე გაშუქება მომავალში კიდევ მეტი დანაშაულის ჩადენას დაუდებს საფუძველს. იგიდოვის განცხადებით, რელიგია ნებისმიერი ადამიანისთვის სათუთია და ტერორისტებიც სწორედ იმისთვის იყენებენ, რომ მეტი ხალხი აიყოლიონ. „წმინდა წიგნი“ ჩვენ მშვიდობისკენ, ერთიანობის, მეგობრობისკენ და სიყვარულისკენ მოგვიწოდებს“.
მედია ერთ-ერთი რგოლია, რომელსაც ტერორიზმის არასწორად გაშუქებისა და რელიგიასთან გაიგივებაში ადანაშაულებენ. მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს უკვირთ, თუ რატომ არ აშუქებს მედია მსგავსი აქტივობებით სხვადასხვა კონფესიის მნიშვნელოვან ღონისძიებებს. როგორც მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ფირდოვსი კასიმოვი აღნიშნავს, მედია ხშირად ტერორისტებთან მიმართებაში ისეთ ტერმინებს იყენებს, რომელთა მნიშვნელობა არ იციან და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს: „ტერორისტული აქტების გაშუქებისას ხმარობენ სიტყვას „ისლამისტი“. არადა, ეს სიტყვა ისლამის მიმდევარს ნიშნავს და არა ტერორისტს. მედიამ დანაშაულებზე საუბრისას რელიგიაზე აპელირება არ უნდა მოახდინოს. ასევე, ხშირად იყენებენ სიტყვას: „ჯიჰადი“, რაც რწმენის, სამშობლოს და ოჯახის დაცვას ნიშნავს და არა ბრძოლას და აფეთქებებს უიარაღო მოსახლეობის წინააღმდეგ.“
ის, რომ მედიაში რელიგიურ თემების გაშუქებასთან დაკავშირებით ინფორმაციული შიმშილია, ჟურნალისტებიც აღიარებენ, თუმცა, აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზს თავად რელიგიური კონფესიების სისუსტეშიც ხედავენ. კერძოდ, იმაში, რომ საჭირო დოზით არ ხდება ინფორმირება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად ისლამის მიმდევრებშიც კი „ერთგვარი ქაოსია“ – რა არის ეს ყველაფერი, რამაც მსოფლიო შეძრა – ისლამი თუ ტერორიზმი რელიგიის სახელით.
მუსლიმ წინამძღვრებს თემში მეტი მუშაობისკენ მოუწოდებს ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.
„ვფიქრობ, დღევანდელ დღეს მუსლიმთა სასულიერო პირებთან ერთად, ყველა სასულიერო პირმა, მათ შორის უმრავლესობის ქრისტიან მღვდელმსახურს ვგულისხმობ, ვისაც ჭკუა მოეკითხება, მოსახლეობას სიმშვიდისკენ უნდა მოუწოდოს. ძალიან დიდი საფუძველი არსებობს იმისა, რომ რელიგიური ნიადაგზე ურთიერთდაპირისპირების საფრთხე შეიქმნას. თუ ქრისტიანებს გაუჩნდებათ განცდა, რომ საფრთხეში იქნებიან, ეს ძალიან ცუდი იქნება. შიში და ძალადობის წინააღმდეგ ძალადობის მიმართვა კიდევ უფრო გამწვავებს ვითარებას”, – აცხადებს რუსუდან გოცირიძე.
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, როგორც ტოლერანტულ ერს და რამდენად რეალურია ქართული წარმომავლობის ე.წ. ისლამისტების მუქარა? აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია არსებობს. ერთნი ამტკიცებენ, რომ საქართველოსგან ტოლერანტობის მაგალითის აღება მსოფლიოს შეუძლია, მეორენი კი ამბობენ, რომ ისლამისტების სახლით ჩადენილ თუ დაგეგმილ დანაშაულს ერის ტოლერანტობასთან კავშირი არ აქვს.
როგორც სრულიად საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე „კვირასთან“ აღნიშნავს, დღეს ტოლერანტობის კუთხით ევროპას უფრო აქვს პრობლემები, ვიდრე საქართველოს.
„საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში შიიტებიც ვართ და სუნიტებიც. ჩვენ ერთმანეთის გულისტკენას ვერიდებით. ამ მხრივ დღეს საქართველო მთელი მსოფლიოს მაგალითია. აქ ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. ჩვენსა და ქრისტიან მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ევროპელები რომ გვეკითხებიან, საქართველოში რელიგიურ უმცირესობებს პრობლემები ხომ არ გვაქვს, გამოჩნდა, რომ ევროპას უფრო დიდი პრობლემები ჰქონია, ვიდრე საქართველოს. მაგალითად, ევროპაში ჩადრიანი მასწავლებელი ლექციას ვერ წაიკითხავს. ჩვენთან კი რამდენი ჩადრიანი და თავდახურული სტუდენტია, რომელიც დაუბრკოლებლად დადის უნივერსიტეტში და სწავლობს?!
საქართველოსგან ტოლერანტობის სწავლა მთელ მსოფლიოს შეუძლია. ჩვენ ერთი მოდგმის, ადამისა და ევას, შვილები ვართ. ისლამი ყველა ადამიანს სისხლით ძმად აცხადებს, რაც ნათლად არის ასახული ერთ-ერთ აიათში. მე ყველა გაჩენილი მიყვარს გამჩენის გამო, ყველა აღმსარებლობის ადამიანი მიყვარს“, – აცხადებს ქამაშიძე.
საქართველოს, როგორც ტოლერანტულ ერს, ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ ჩაუყარა საფუძველი, როდესაც ყურანი პირველად ათარგმნინა. ეს ყურანი დღესაც ყვარელში ილია ჭავჭავაზის მუზეუმში ინახება. 8 ნოემბერს, ილიაობის დღესასწაულზე საქართველომ ტოლერანტობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა ყვარელში გამოფენა „ილია და რელიგიური ტოლერანტობა” მოეწყო, რომელსაც რელიგიური უმცირესობები, საქართველოში არსებული ყველა კონფესიის წარმომადგენელი დაესწრო. „ესაა ნამდვილი ქართული ტოლერანტობა“ – ასე ტოვებდნენ კონფესიების წარმომადგენლები ყვარელს. საიტერესოა ილია ჭავჭავაძის გამონათქვამებიც სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებზე, რომ ყველა უნდა დაფასდეს ღირსების მიხედვით და ის არავის აკნინებდა.
ყვარელში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა: რელიგიის სფეროსთან დაკავშირებული საარქივო მასალების კვლევა და ისტორიული ფაქტების დადგენა; რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლივად ჩატარება; საზოგადოებაში რელიგიის ისტორიისა და ისტორიული ტოლერანტობის შემეცნების ამაღლება; რელიგიისა და რწმენის თავისუფლების პოპულარიზაციის ამაღლება და სხვა. ტოლერანტობის ერთ-ერთი მაგალითია ისიც, რომ ძველ თბილისში გვერდიგვერდ მდებარეობს მართლმადიდებლური ტაძარი, სინაგოგა, მეჩეთი და სომხური ეკლესია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეროვნულ უმცირესობებს ლოცვის და მრწამსის თავისუფლების პრობლემა არ გააჩნიათ, 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც ტერორიზმი რელიგიის სახელით იქცა. ე.წ. ისლამისტების გამოწვევა რომ რეალურია, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა სპეციალისტები და ექსპერტები გარკვეულ სამიზნეებზე აკეთებენ გათვლებს.
მაგალითად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, საქართველო ტერორისტების „ეფექტური“ დარტყმის ობიექტი აღმოჩნდეს: „რაც საფრანგეთში მოხდა, ეს ომია. მათ სურთ, „ისლამური სახელმწიფო“ მსოფლიოს საზოგადოებამ აღიაროს. ტერორი, ეს არის იარაღი იმის ხელში, ვინც გაცილებით სუსტია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურად არის ჩართული სამშვიდობო ოპერაციებში ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში. ამიტომ, შესაძლებელია, რომ საქართველო, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის შემადგენელი ნაწილი, ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდეს. ტერორისტებს კარგად ესმით სამხედრო სტრატეგიის ანაბანა. ისინი დაარტყამენ იქ, სადაც კოალიციის ყველაზე სუსტი რგოლია. ამ ერთიანობაში კი ყველაზე სუსტი რგოლი საქართველოა, ამიტომ მოსალოდნელია, რომ საქართველო ტერორისტების „ეფექტური“ დარტყმის ობიექტი გახდეს“.
საფრანგეთში რომ ისლამისტების სახელით ომი გაიხსნა, ამაზე ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არშიძეც საუბრობს და ირწმუნება, რომ ტერაქტების სერია გაგრძელდება. მისი შეფასებით, ტერაქტები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ეფექტურობით მოხდება. რაც შეეხება საქართველოს, თუ მსგავსი რამ ჩვენთანაც მოხდა, არეშიძის შეფასებით, სამიზნე რამდენიმე იქნება: „საქართველოში ტერაქტები თუ მოხდა და თუ შესაბამისი ბრძანება გაიცა, სავარაუდო ობიექტები საქართველოში უცხოეთის წარმომადგენლობები იქნება, ძირითადად კი იმ ქვეყნების საელჩოები, რომლებიც კოალიციაში მონაწილეობენ.“
არეშიძის შეფასებით, ტერორისტები ახალგაზრდებს იდეოლოგიური დამუშავებით იბირებენ. ეს იდეოლოგია კი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ეფექტურობით მუშაობს. „გვარებს ნუ დამასახელებინებთ, მაგრამ ამ იდეოლოგიური ფრონტის აქტიური მონაწილეები არცერთი არ არის ქისტი, ყველა ეთნიკური ქართველია, მუსულმანები აჭარიდან, წალკიდან და საქართველოს სხვა კუთხიდან. ახალგაზრდების დამუშავება ხდება როგორც პირადი კონტაქტებით, ისე სოციალური ქსელებით“, – აცხადებს არეშიძე „კვირასთან“ საუბრისას და მუსულმანი ახალგაზრდების უცხოეთში სასწავლებლად გამგზავრების შეზღუდვაზე ამახვილებს ყურადღებას: „ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს საქართველოდან მუსულმანი ახალგაზრდების გამგზავრება სხვადასხვა საეჭვო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში. მათთვის ლიცენზირებული მედრესეები ადგილზე უნდა არსებობდეს და არა იმ ფორმით, რაც დღეს არსებობს – არალიცენზირებული.“
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხრიდან საქართველოში არსებულ საფრთხეებზე „კვირას“ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილიც ესაუბრა, რომელიც ირწმუნება, რომ არცერთი სერიოზული საველე მეთაური საქართველოზე ხელს არ აღმართავს.
„ თუ კავკასიელებს უნდათ, იყვნენ თავისუფლები, კავკასიაშიც და მის ფარგლებს გარეთაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნებაზე უნდა იზრუნონ. თუ ეთნიკურ კავკასიელებს ხალიფატში საქართველოს წინააღმდეგ პრეტენზია გააჩნია, მზად ვართ, მოვისმინოთ. თუმცა, ჩვენთან ლაპარაკის ინიციატივას არ იჩენენ. ხალიფატში რამდენჯერმე შევუთვალეთ, რომ სადაც გაუხარდებოდათ, იქ შევხვდებოდით, მაგრამ შემოგვითვალეს, თქვენთან პრობლემა არ გვაქვსო,“ – აცხადებს კასრელიშვილი „კვირასთან“.
ამგვარი დარწმუნების მიზეზს კი რესპონდენტი იმაში ხედავს, რომ ხალიფატში მეთაურები ეთნიკურად კავკასიელები არიან: „ხალიფატში უმაღლესი მთავარსარდლიდან დაწყებული, საველე მეთაურით დამთავრებული, 22-ზე მეტი ადამიანი ეთნიკური კავკასიელია. ეს ის ხალხია, რომლებმაც კავკასიაში კავკასიური ცხოვრების წესებით იცხოვრეს და ქართველი მეგობრებიც ჰყავთ, კარგად იცნობენ ჩვენს ქვეყანას და მათი და ჩვენი ინტერესები ყოველთვის თანხვედრაში იყო. ეს ის ხალხი არ არის, რომელთანაც ლაპარაკი არ შეიძლება.“
ხალიფატში ე.წ. მეთაურების კავკასიური წარმომავლობა მშვიდად ყოფნის მიზეზს არ აძლევს მამუკა არეშიძეს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, წარმომავლობა გადამწყვეტი ვერ იქნება, თუ დავალება გაიცა: „მცდარი შეფასებაა, რომ კავკასიური წარმოშობის გამო საქართველოს საფრთხე არ ემუქრება. ინდივიდუალურად იქ არსებობენ პიროვნებები, რომლებიც ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, მაგრამ ეს დამოკიდებულია ბრძანებაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ხალიფატის ხელმძღვანელობა გასცემს. ხალიფატის ხელმძღვანელობას კი სამხედრო აქტივობებზე კავკასიაში ბრძანება ჯერ არ გაუცია. ჯერ ჩვენ იდეოლოგიური ტერორიზმის ფორმატში ვიმყოფებით და ამის თაობაზე ბრძანება გაცემულია. თუ სხვა ტიპის ბრძანებაც გაიცა, აქტივობებიც სხვა ტიპის იქნება.“
ხელისუფლების წარმომადგენლები კი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ უსაფრთხოების სამსახურების ეფექტური მუშაობა და სიტუაციის კონტროლი პანიკის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.
ეკა გულუა