„ინდეფენდენთის“ ცნობით, თურქეთ-სირიის საზღვარზე ჩამოგდებული თვითმფრინავი რუსეთს ეკუთვნოდა
თურქეთის საჰაერო ძალების მიერ სირიის საზღვრის სიახლოვეს ჩამოგდებული საბრძოლო თვითმფრინავი რუსეთს ეკუთვნის. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ინდეფენდენთი“ ავრცელებს. როგორც თურქეთის ოფიციალურმა პირებმა სააგენტო „დოჰანს“ განუცხადეს, სამხედრო თვითმფრინავი თურქულმა F16-მა გაანადგურა, ხოლო მისმა პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს. მედიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებზე ჩანს ცეცხლმოკიდებული საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც მიწაზე ეცემა.
რუსეთის საინფორმაცია საშუალებების ცნობით კი, სირია – თურქეთის საზღვრის სიახლოვეს, რუსულმა SU-24 ტიპის ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა, მას, სავარაუდოდ, მიწიდან გაუხსნეს ცეცხლი. ამ ინფორმაციის მიხედვით, პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.