დავით ბორჩაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ბრალი მას ღუდუშაურის კლინიკაში წარედგინა, სადაც ის დაკავების შემდეგ მოათავსეს.

პროცესს ბორჩაშვილის ადვოკატებიც დაესწრნენ. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს ისლამური სახელმწიფოს წევრობას, აცხადებს, რომ მას კავშირი ჰქონდა “სირიის თავისუფალ არმიასთან”, რომელიც არ მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციად და ებრძვის როგორც “ისლამურ სახელმწიფოს”, ასევე ბაშარ ალ ასადის რეჟიმს.

ბორჩაშვილი საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები