რუსულ ვებგვერდზე ერთ-ერთი მოქალაქე პუტინს აშშ-ზე ბირთვულ დატყმას სთხოვს
რუსულ საიტ петиция-президенту.рф-ზე ვლადიმერ პუტინის სახელზე მიმართვა გავრცელდა, რომელშიც რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე პრეზიდენტს აშშ-ზე ბირთვულ დარტყმას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ლისტოკი“ ავრცელებს.
პეტიცია მოქალაქე არტიომ სტაროდუბოვმა გაავრცელა, რომელიც აცხადებს, რომ ის ექიმი და ორი შვილის მამაა. სტაროდუბი წერს, რომ ნატოს საზღვრების გაფართოების გამო რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება. მისი თქმით, ადეკვატური რეაგირება მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეუძლია, ამიტომ ბირთვული დარტყმის ვარიანტი ახლა უნდა იყოს განხილული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც პუტინი აღარ იქნება, ამერიკელები უპრობლემოდ დაეუფლებიან რუსეთის ბუნებრივ რესურსებს, რადგანაც „აღარ იქნება ის, ვინც ხალხის აზრს მკვეთრად დააფიქსირებს“. ამ მიმართვის ავტორი წერს, რომ ესმის ამ ნაბიჯის შედეგები, მაგრამ აშშ-ს შეჩერება უბრალო სიტყვებით შეუძლებელია. პეტიციას ამ დროისთვის 89 ადამიანმა მხარი დაუჭირა, ხოლო 378 – ამ იდეის წინააღმდეგ გამოვიდა.