ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად 2016 წელს სახელმწიფოს კრიზისული ცენტრი გაიხსნება

„საქართველოს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ხელმძღვანელი ნატო შავლაყაძე ძალადობის მსხვერპლი ადამიანებისთვის თავშესაფრების პრობლემაზე და სახელმწიფოს კრიზისული ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, „საქართველოს ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელს“ ამ დროისთვის 2 თავშესაფარი აქვს, სახელმწიფოს ბაზაზე კი 3 თავშესაფარი არსებობს, თუმცა, ადგილების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ დაზარალებულები თავშესაფრის გარეშე რჩებიან.
„ ჩვენს ქსელს საქართველოში ორი თავშესაფარი გააჩნია, მთლიანიბაში 18 ადგილით. კომიტეტები კი საქართველოს ყველა რეგიონში გვაქვს და ვცდილობთ, აღნიშნული პრობლემა სახელმწიფოსთან ერთად დავძლიოთ. გარდა არასამთავრობო ორგანიზაციის კუთხით არსებული თავშესაფრებისა, არსებობს სახელმწიფო სამი თავშესაფარი თბილისში, გორსა და ქუთაისში. ძალიან მალე ერთი თავშესაფარი კახეთშიც გაიხსნება. თუმცა, თითო 17-20 ადგილია, რაც არ არის საკმარისი. ცალკე პრობლემაა იცის, რომ სახელმწიფო თავშესაფარში განთავსების წესები განსხვავებულია და სანამ მსხვერპლი სტატუსს არ მიიღებს, თავშესაფარში ვერ განთავსდება“, – აღნიშნა ნატო შავლაყაძემ „კვირას“ პრესკლუბში.
მისივე ინფორმაციით, არსებული თავშესაფრების ხელმძღვანელებს მუდმივი კოორდინაცია გააჩნიათ და აქტიურად თანამშრომლობენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ როცა არსებობს მსხვერპლი, თუმცა კონკრეტულ თავშესაფარში ადგილი თავისუფალი არ არის, ერთნამეთს სთხოვენ დახმარებას: „აქტიურად გვეხმარება საპატრიარქო. როცა ჩვენთან ადგილები არ არის, საპატრიარქოს თავშესაფარში ხდება მსხვერპლის გადაყვანა.“
როგორც ნატო შავლაყაძემ აღნიშნა, უკვე დაიწყო მუშაობა სახელმწიფო კრიზისული ცენტრის გახსნაზეც, რაც არსებული პრობლემის შესამსუბუქებლად წინგადადგმული ნაბიჯია. ასევე აღნიშნა, რომ ცენტრისთვის თანხები სახელმწიფომ უნდა გამოყოს, მის მართვას კი სათავეში არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაუდგება.
„ჩვენ მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს. აუცილებელია სახელმწიფოს კრიზისული ცენტრი გაიხსნას. გვეხმარებიან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, არის მზადყოფნა, რომ სახელმწიფოს მიერ ფართის გადმოცემის შემთხვევაში მისი შეკეთება და აღჭურვა მოხდეს. ცენტრს დააფინასებს სახელმწიფო, ხოლო მას მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს მოდელი მუშაობს მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. კრიზისული ცენტრის გახსნა თბილისში 2016 წელს იგეგმება “, – აღნიშნა „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავმჯდომარემ შავლაყაძემ.
„საქართველოს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ ცენტრების რეგიონებში გახსნისთვისაც აქტიურად მუშაობს. შავლაყაძის ინფორმაციით, გურიასა და კახეთში თვითმმართველობებმა ორგანიზაციას გარკვეული ფართი გადასცეს, რომელთა აღჭურვაც პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები