4 წლის დავით წიწილაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება
13 ნოემბერს, 19:30 საათზე, აღმაშენებლის 15-ში, ღვინის მარანში, 4 წლის დავით წიწილაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება.
ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები, სხვადასხვა სახის ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულ ნიუ-იორკის სცენის ქართული წარმოშობის მუსიკოსს, დასავლეთში ჯორჯ მელის ფსევდონიმით ცნობილ გიორგი მელიქიშვილს მოუსმენენ. იგი წარმოადგენს საავტორო საღამოს და მსმენელის წანაშე წარდგება საკუთარი სიმღერებით, აგრეთვე ამერიკული ჯაზის, პოპულარული მუსიკისა და ბრაზილიური მუსიკის ორიგინალური ინტერპრეტაციებით. აქვე, გაიმართება ღვინის აუქციონი, საიდანაც შემოსული თანხა, სრულად გადაირიცხება დავით წიწილაშვილის ანგარიშზე.
ღონისძიებაზე მოწვეულები არიან: მუსიკოსები, მსახიობები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და რიგითი მოქალაქეები. დასწრება თავისუფალია. ცნობისთვის, 4 წლის დავით წიწილაშვილს მკურნალობის დასასრულებლად 10 000 დოლარი ესაჭიროება. მას თავის ტვინის სიმსივნე 1 წლის წინ დაუდგინდა. ბავშვი ამ ეტაპზე თურქეთში, აჩიბადემის კლინიკაში იმყოფება.
“ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის, სოლიდარობის ფონდის, ბერი ანდრიას ფონდისა და დიმიტრი ცინცაძის ფონდის გვერდში დგომით ბავშვს ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა. ამჟამად სხივური თერაპიის კურსს გადის და პარალელურად ძვირად ღირებული ქიმიოთერაპიის კურსი ესაჭიროება, რისთვისაც 10 000 დოლარია საჭირო. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაგვეხმაროთ”, – აცხადებს ბავშვის დედა. საკონტაქტო ტელეფონის ნომერია: – 555 15 10 01; საბანკო ანგარიში – GE54BG0000000833990900; მიმღები დათას ფონდი;
კორპორაციული ნომერი, „მაგთის“ და „ჯეოსელის“ აბონენტებისთვის – 0 901 700 650; ზარის ღირებულება 1 ლარი.
