პუტინი ეგვიპტის მიმართულებით ავიამიმოსვლას წყვეტს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო, ეგვიპტესთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ А 321-ის ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენამდე. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, ამ რეკომენდაციებით პუტინს უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა მიმართა.
„ვლადიმერ პუტინმა მთავრობას ნაციონალური საავიაციო კომიტეტის რეკომენდაციების შესრულების მექანიზმების შემუშავება და სამშობლოში რუსეთის მოქალაქეების დაბრუნების ხელშეწყობა დაავალა“, – განაცხადა პესკოვმა.
ბორტნიკოვმა რუსეთის ნაციონალური საავიაციო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ის მიზანშეწონილად თვლის ეგვიპტეში სამგზავრო ფრენების შეჩერებას Airbus A321-ის ჩამოვარდნის მიზეზების დადგენამდე. მანამდე შარმ ელ-შეიხში ფრენები დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა შეაჩერა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ, ამ ქვეყნის სპეცსამსახურების ინფორმაციით, რუსული „კოგალიმავიას“ თვითმფრინავი ტერორისტებმა ააფეთქეს.