ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით კობა კობალაძემ, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, ასევე, იმყოფებოდნენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები_ მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, თბილისის მერი, კახა კალაძე, მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა)იპ ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ოჯახის წევრები.
“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უახლესი მონაცემებით დღეს, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 46 მონაწილეა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობის ასაკიც, საუკუნეზე მეტია. მათგან უხუცესი კი თბილისის მკვიდრი, 1922 წელს დაბადებული მარიამ ბეჟაშვილია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81- ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ფულადი, სოციალური დახმარების სახით, 2000 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის მეუღლე და დაბადებიდან შშმ შვილი, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი_1000 ლარს.
მეორე მსოფლიო ომი, ფაშისტურ გერმანიას, მის მოკავშირეებსა და დანარჩენ სამყაროს შორის, 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა და დაახლოებით 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან, 20 მილიონი _ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ომში, 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%) მონაწილეობდა, ბრძოლები კი _ 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომი, ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ფაშისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი, 1941 წლის 21 ივნისს დაიწყო. საქართველოდან, ამ ომში, 700 000 -მდე ჯარისკაცი და მოხალისე იმყოფებოდა, 300 000-ზე მეტი კი, ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა; მათ შორის, ბევრია უგზო-უკვლოდ დაკარგულიც; ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, საქართველომ, პროცენტულად, ფაშიზმის დასამარცხებლად, ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო; ყველაზე მეტი – 120 ათასი ქართველი, ქერჩის ბრძოლებში დაიღუპა.
მეორე მსოფლიო ომი, 1945 წლის 8 მაისს დასრულდა. მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. საომარი მდგომარეობა, ევროპაში, 1945 წლის 8 მაისს (მოსკოვის დროით 9 მაისს) ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში – 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა,”- წერია ინფორმაციაში.