წლების განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ
წლების განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ, რისი საუკეთესო მაგალითიც, არაერთი პროექტია.
თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია საგარეო ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობები. ამ მხრივ აზერბაიჯანი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და საქართველოს სავაჭრო პარტნიორების უმსხვილეს სამეულში სტაბილურად ფიგურირებს წლების განმავლობაში. კერძოდ, 2012-2015 (9 თვე) წლების მონაცემებით, აზერბაიჯანი N1 საექპორტო ქვეყანაა საქართველოსთვის. ანალოგიურად, აზერბაიჯანული პროდუქცია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართულ ბაზარზე. კერძოდ, იმპორტის კუთხით, აზერბაიჯანი სტაბილურად შედის ტოპ-3 უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანაში.
ვითარდება საქართველო-აზერბაიჯანის საინვესტიციო ურთიერთობებიც. კერძოდ, 2012-2015, 6 თვე წლების მონაცემებით, აზერბაიჯანის მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 3,7-ჯერ. ზემოაღნიშნულის გარდა, საქართველოს ბაზარზე წარმატებულად ოპერირებენ როგორც მსხვილი, ისე შედარებით საშუალო ზომის აზერბაიჯანული კომპანიები. მათი საქმიანობის სფეროები საქართველოში მრავალფეროვანია, ხოლო მათი შემოსავლების მიღებული ჩვენ ბაზარზე წლიდან წლამდე იზრდება.
ამ კომპანიებს შორისაა: ნავთობპროდუქტების რეალიზაცია – “სოკარ ჯგუფის” წევრი კომპანიები – “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”, “სოკარ ჯორჯია გაზი” და სხვა. მშენებლობა/დეველოპმენტი – „დირსი“, „აკკორდ ჯორჯია“, საბანკო სექტორი – კავკასიის განვითარების ბანკი საქართველო; პაშა ბანკი; აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო, ხორბლით ვაჭრობა – შპს „აგროსისტემები“, ავეჯის წარმოება – „ემბავუდ ჯორჯია“.
ზემოაღნიშნულის გარდა, საქართველო და აზერბაიჯანი ახორციელებენ უმნიშვნელოვანეს ერთობლივ პროექტებს: სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოება – 692 კმ. სიგრძის სამხრეთ კავკასიური მილსადენი კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე შაჰ დენიზის საბადოდან საქართველოს ტერიტორიის გავლით საქართველო-თურქეთის საზღვრამდე გაზის ტრანსპორტირებისათვის დაპროექტდა. კასპიის ზღვაში შაჰ დენიზის კონდესირებული გაზის უდიდესი საბადოს აღმოჩენამ და განვითარებამ და სამხრეთ კავკასიის გაზსადენმა (SCP) აზერბაიჯანს შესაძლებლობა მისცა 2006 წლიდან გაზის მთავარი ექსპორტიორი გამხდარიყო. 2006 წლის შემდეგ, აზერბაიჯანელმა, ქართველმა და თურქმა მომხმარებლებმა მთლიანობაში 40 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი მიიღეს.
უკვე არსებული, 42 დიუმი დიამეტრის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემა ფართოვდება. კერძოდ, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის, როგორც შაჰ დენიზის მეორე ეტაპის განვითარების პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია არსებული სიმძლავრეების განვითარება წელიწადში დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის საქართველო-თურქეთის საზღვართან ექსპორტის მიზნით. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტი ქმნის პირველ დამაკავშირებელ რგოლს მილსადენების ჯაჭვში, რომელიც სამხრეთის გაზის ახალ კორიდორს წარმოადგენს და რომლის მეშვეობითაც მოხდება კასპიის გაზის პირველად ევროპაში გატანა.
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი – ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი არის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიზო ხაზებს. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ, რომელიც საბოლოოდ გამორიცხავს საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროებას მას მერე, რაც სტამბულში, ბოსფორის სრუტეში გამავალი რკინიგზის გვირაბის მშენებლობა დასრულდება. ამ ხაზით მოხდება როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო გადაყვანები და ის მოიაზრება როგორც ალტერნატიული სატვირთო ტრანსპორტირების გზა.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა – ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე. დასაწყისისთვის ნავარაუდევია, რომ ხაზის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 6,5 მილიონი ტონა იქნება, გრძელვადიან გათვლაში კი ამ მაჩვენებლის 17 მილიონ ტონამდე გაზრდაა მიზნად დასახული.
სოკარ ენერჯი ჯორჯია – კომპანია 2006 წელს დაფუძნდა და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ენერგორესურსების ბაზარზე. კომპანია ფლობს ერთ-ერთ მსხვილ საწვავის გასამართ სადგურების ქსელს, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელს და ნავთობპროდუქტების ტერმინალს შავი ზღვის ნაპირზე. სოკარის ბუნებრივი აირის გამანაწილებელი ქსელი საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ამარაგებს. კომპანია საქართველოს ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია და ყოველწლიურად ქვეყანაში მოქმედ უმსხვილეს ინვესტორთა სიაშია.