ექსკლუზივი: უკრაინელი პოლიტოლოგი “კვირასთან” სააკაშვილის მტრებს ასახელებს – “ის უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს ვერ გააუარესებს”
უკრაინელი პოლიტოლოგი, პოლიტიკურ კვლევათა ცენტრ „პენტას“ უფროსი ვლადიმერ ფესენკო უკრაინულ „ვიკილიქსში“ გამოქვეყნებულ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით „კვირასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რთულია იმის თქმა, ვინ დგას ამ ჩანაწერების მიღმა.
„მე არა ვარ გამომძიებელი და, შესაბამისად, მიჭირს იმაზე საუბარი, თუ ვინ დგას ამ სკანდალური მასალების მიღმა. თუმცა თავად რესურსთან დაკავშირებით, სადაც ეს ჩანაწერები გამოქვეყნდა, უკრაინაში არსებობს მოსაზრება, რომ მის მიღმა რუსული სპეცსამსახურები დგანან“, – აცხადებს ფესენკო.
რაც შეეხება ჩანაწერებთან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების კავშირს, ფესენკოს „მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია“. ვლადიმერ ფესენკოს თქმით, მსგავსი სკანდალური ჩანაწერები ქვეყნდებოდა უკრაინაში, კიევის მაიდანზე საპროტესტო აქციების დროსაც და მაშინაც ის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო მოპოვებული.
ამასთან, ფესენკო ამბობს, რომ უკრაინის შიგნით არიან ძალები, ვისთვისაც მიუღებელია მიხეილ სააკაშვილი და მათ შორის არსებობს პოლიტიკური ბრძოლა.
„არა მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრემიერის სავარძლის დაკავების დიდი შანსი ჰქონდეს, ამაზე ჭორები ვრცელდებოდა. მე დღეს არ ვიცნობ უკრაინის პარლამენტში არცერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მზად არის ის ამ პოსტზე წარადგინოს. სააკაშვილს უკრაინაში უკვე გაუჩნდნენ როგორც ღია, ასევე ფარული მტრები. ეს, პირველ რიგში, არის ჯგუფი „პრივატი“, იგორ კოლომოისკი და მისი გარემოცვა. ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შემდეგ სააკაშვილს და ამ ჯგუფს შორის სერიოზული დაპირისპირებაა. ასე რომ, იგორ კოლომოისკი თამამად შეიძლება ჩაითვალოს მიხეილ სააკაშვილის პირველ მოწინააღმდეგედ. ძალზე რთული ურთიერთობა აქვთ სააკაშვილს და უკრაინის დღევანდელ პრემიერ-მინისტრს არსენ იაცენიუკს. სააკაშვილი არაერთხელ აკრიტიკებდა იაცენიუკს, პრემიერს სააკაშვილის წინააღმდეგ “ომი“ არ წამოუწყია, მაგრამ ურთიერთობები ძალზე დაძაბულია“, – აცხადებს ფესენკო.
ასევე, ვლადიმერ ფესენკოს თქმით, რთული ურთიერთობები ჩამოყალიბდა ოდესის გუბერნატორსა და უკრაინის გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას შორის. ეს დაკავშირებულია, ბუნებრივია, პროკურატურაში სააკაშვილის თანაგუნდელის დავით საყვარელიძის მოღვაწეობასთან, რომელმაც სტრუქტურის შიგნით რამდენიმე მაღალჩინოსანი ამხილა. ფაქტობრივად, უკრაინის ხელისუფლების შტოებში ერთადერთი სტრუქტურა, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილს კონფლიქტი არა აქვს, ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა. პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად წარდგენამდე სააკაშვილი მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.
“შესაძლოა, პოროშენკოსთვის მიხეილ სააკაშვილის ზედმეტი ემოციურობა გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდეს, მაგრამ ისინი მაინც მოკავშირეები არიან. პოროშენკო და სააკაშვილი პარტნიორები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ოდესის გუნერნატორის ზოგიერთი განცხადების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ხშირად უხერხული სიტუაციებიდან გამოსვლა უწევს“, – აცხადებს ფესენკო. მისი განცხადებით, ოდესაშიც არსებობენ ძალები, ვისაც მიხეილ სააკაშვილის იქ ყოფნა არ აწყობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ბოლო არჩევნების და ოდესის მერის პოტზე სააკაშვილის პროტეჟეს დამარცხების კომენიტირებისას ფესენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა „ოდესის და უკრაინის არჩევნების სპეციფიკა არ გაითვალისწინეს“.
„რა თქმა უნდა, წინა არჩევნებთან შედარებით, მთელ უკრაინაში, მათ შორის ოდესაში ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევებმა იკლო. მსგავს ფაქტებს სამართლდამცველი სტრუქტურები დიდ ყურადღებას უთმობდნენ და ყველა ასეთ დარღვევაზე სათანადო რეაგირებას ახდენდნენ. თუმცა მიმაჩნია, რომ ოდესის გუბერნატორს და მის გუნდს ოდესის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის მსვლელობა უფრო აქტიურად უნდა გაეკონტროლებინა. ისე მოქმედი მერის – ტრუხანოვის გამარჯვება მე პირადად არ გამკვირვებია, რადგანაც ანალოგიური მდგომარეობა უკრაინის სხვა ოლქებშიც დაფიქსირდა, სადაც ასევე მოქმედმა ჩინოვნიკებმა გაიმარჯვეს. მართალია, სააკაშვილი ოდესაში მაიდნის მოწყობით იმუქრებოდა, ვინაიდან მისმა კანდიდატმა ალექსანდრე ბოროვიკმა არჩევნები წააგო, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არ მოხდება. სააკაშვილი და ტრუხანოვი საერთო ენას გამონახავენ. მთლიანობაში ოდესაში პეტრო პოროშენკოს ბლოკმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. რაც შეეხება ტრუხანოვის და ბოროვიკის საარჩევნო ბრძოლას, ალექსანდრე ბოროვიკს, სააკაშვილის მხარდაჭერის მიუხედავად, გამარჯვების შანსი მაინც არ ჰქონდა – საკითხი იდგა ასე – მოიგებს მოქმედი მერი პირველივე ტურში თუ მეორე ტური დაინიშნება?“ – აცხადებს ფესენკო.
რაც შეეხება საქართველო-უკრაინის დღევანდელ ურთიერთობებს, ფესენკოს აზრით, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი მათ ვერ გააუარესებს.
„სააკაშვილს შეუძლია ჩვენს ქვეყნებს შორის გარკვეული დაძაბულობის შეტანა და ეს დღეს არ დაწყებულა. რაც შეეხება ურთიერთობების გაუარესებას, ეს არ მოხდება. საქართველოსა და უკრაინის წინაშე ბევრი საერთო პრობლემა არსებობს – ეს, ბუნებრივია, პირველ რიგში, რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ნაწილის ანექსიას ეხება. რა თქმა უნდა, სააკაშვილსა და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას შორის ძალზე რთული ურთიერთობებია, მაგრამ ქვეყნებს და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობებს ეს ვერ გააუარესებს“, – განაცხადა ფესენკომ „კვირასთან“ ინტერვიუში.