The Hill: საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა იყოს აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი

ამერიკული გამოცემა The Hill აქვეყნებს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის  სარა ვილიამსონის სტატიას სათაურით: „რატომ არის აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დროული“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ  ქვეყანა უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრს, სადაც კორუფციის დონე დაბალია, საგადასახადო სისტემა გამარტივებულია, განმტკიცებულია ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები მეზობლებთან და უზრუნველყოფილია ბიზნესისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემო.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება  საქართველოსთვის მატერიალური მხარდაჭერის მიწოდების შესახებ ყველაზე ხელსაყრელ დროს გაგზავნილი სიგნალი იქნება. საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად გატარებული წარმატებული რეფორმები საყოველთაოდ აღიარებულია“,- აღნიშნავს სარა ვილიამსონი.

ამ კვირაში საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი  მაიკლ ფრომანს შეხვდება  (აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი) და მაღალი რანგის სავაჭრო მოლაპარაკებებს გამართავს. ამერიკულ-ქართულ ბიზნესსაზოგადოებას იმედი  აქვს, რომ ამ დიალოგს აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები მოჰყვება. ამ მოლაპარაკებების დაწყება მეტ შესაძლებლობას შესთავაზებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოში ექსპორტისა და ინვესტირების კუთხით.

მაშინ, როცა დასავლური კურსი რეგიონში წნეხის ქვეშ არის მოქცეული, აშშ-ის მხრიდან  ეს  საქართველოსთვის  ურყევი მხარდაჭერის მაუწყებელი მძლავრი სიგნალი იქნება.

ასეთი ხილვადი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რუსეთი რეგიონში დასავლური ორიენტაციის მქონე მთავრობებზე ზეწოლას  განაგრძობს. მართალია, საქართველოს მთავრობა მტკიცედ დგას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომელთაც ერთი სული აქვთ, ამ ორიენტაციის აღსასრულს მოესწრონ.

მხოლოდ აშშ-ს არ შეუძლია ნატოსა თუ ევროკავშირის წევრობის უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება  ერთობლივი ნაბიჯი და საქართველოს დასავლური კურსის მხარდაჭერის საუკეთესო გამოხატულებაა.

აშშ-ის ექსპორტი საქართველოში (300 მილიონი დოლარი 2014 წელს), ძირითადად, კონცენტრირებულია ტექნიკასა და ავტომანქანებზე. მეორე მხრივ,  წინსვლის ტენდენცია დაფიქსირებულია სხვა სფეროებშიც. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართულ ბაზარზე გამოჩნდა სწრაფი კვების ისეთი ობიექტები, როგორიცაა: Wendy’s, Dunkin Donuts, Domino’s Pizza, Burger King, Taco Bell, KFC და Subway. ასევე სწრაფად ვითარდება ამერიკული ბრენდების ტანსაცმლის მაღაზიების ქსელები (GAP, Banana-Republic და Tommy Hilfiger).

ამერიკულ კომპანიებს ასევე მნიშვნელოვან  შესაძლებლობებს სთავაზობენ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სახელმწიფო შესყიდვები. მომდევნო წლებში ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების სავარაუდო ოდენობა 4.1 მილიარდი დოლარი იქნება. მართალია, ამერიკელი ინვესტორები განთქმულნი არიან, როგორც ფართომასშტაბიანი პროექტების განმხორციელებლები, საინჟინრო და სამშენებლო პროექტების ტენდერების უმრავლესობას მაინც აზიური და ევროპული კომპანიები იგებენ. ამერიკული კომპანიებისთვის სასრგებლო იქნება იმავე სახის შეთანხმების გაფორმება, რომელიც  მათ საერთაშორისო კონკურენტებს აქვთ.

გარდა ამისა, მთავრობა მალე შეარჩევს გამარჯვებულ კონსორციუმს საქართველოში ახალი პორტის მშენებლობისთვის, სადაც  მომდევნო 7-10 წელიწადში  ხუთი მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციები განხორციელდება. ამერიკული კომპანია Conti Group ორი ფინალისტი კონსორციუმიდან ერთ-ერთია. გარდა ამისა, ამერიკული კომპანიები მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში, დაწყებული სამედიცინო დაწესებულებების მშნებლობით და დამთავრებული ასენიზაციის სფეროთი.

ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არა მხოლოდ დაეხმარება ამ კომპანიებს ამერიკული პროდუქციისა და ტექნიკის ექსპორტირებასა და ამ პროექტებში გამოყენებაში, არამედ დიდი სტიმულიც იქნება სხვა კომპანიებისთვის, რომლებიც რეგიონში საქმიანობის გაფართოებას ცდილობენ.

საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა იყოს აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ქვეყანა უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრს, სადაც კორუფციის დონე დაბალია,საგადასახადო სისტემა გამარტივებულია, განმტკიცებულია ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები მეზობლებთან და უზრუნველყოფილია ბიზნესისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემო.

ტექნოლოგიების სექტორში საქართველოს მთავრობამ ახლახან მოაწერა ხელი შეთანხმებას კომპანიასთან Microsoft, რათა დაცული იყოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებები. ეს შეთანხმება (20 მილიონი დოლარი) უნიკალურია რეგიონში, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და დაგეგმილია სხვა ზომებიც, რომლებიც გამიზნულია ინტელექტუალური საკუთრების დაცვისკენ და აქვს პოტენციალი, გზა გაუხსნას ქვეყანაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაყიდვებს და კვლევასა და განვითარებაში ინვესტირებას.

ბიზნესშესაძლებლობები, რომელიც აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოჰყვება, მნიშვნელოვნად სცდება საქართველოს ფარგლებს. საქართველოს, როგორც ნავთობისა და გაზის სატრანზიტო მარშრუტის შემადგენელი ნაწილის, ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა დღეს უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე, რადგანაც ის უზრუნველყოფს კასპიიდან ევროპისკენ მიმავალ ერთადერთ მარშრუტს, რომელიც არ გადის რუსეთის ტერიტორიაზე. კონსორციუმი BP-ის ხელმძღვანელობით ასამმაგებს ქვეყნის გავლით ტრანსპორტირებული გაზის ოდენობას გაუმჯობესებული მილსადენის უზრუნველყოფის გზით, რომელშიც მარტო საქართველოში განხორციელდება ორი მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციები.

მართალია, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ენერგორესურსების ტრანსპორტირების სფეროში, მაგრამ  ნავთობისა და გაზის სატრანზიტო მარშრუტი მისი ერთადერთი ძლიერი მხარე არ არის. „ახალი აბრეშუმის გზის“ სატრანზიტო მარშრუტი სწრაფად ვითარდება ევროპასა და აზიას შორის, ხოლო საქართველოს წვლილი ამ საქმეში  მნიშვნელოვან ინვესტიციებში პორტის მშენებლობაში, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაში გამოიხატება.

თბილისში ახლახან ჩატარებულ „აბრეშუმის გზის ფორუმს“ დაესწრნენ 34 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, 500-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში  საქართველოს მდებარეობისა და სავაჭრო მარშრუტის პოტენციალის გამოყენების გზებს ეძებენ.

შეთავაზებულ სარგებელს კიდევ უფრო აძლიერებს 2014 წლის ივლისში ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით). თავისუფალი სავაჭრო სივრცე ქართულ პროდუქციასა და მომსახურებას მისცემს თავისუფალ გასასვლელს ევროკავშირში. ეს კი კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს მომხიბვლელობას ბიზნესებისთვის, რომელთა მიზანიცაა ევროკავშირის ბაზარზე გასვლა, და კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის დასავლელი ქვეყნებისთვის საქართველოში ბიზნესის დაწყებას რეგიონის სხვა ბაზრებზე გასვლის მიზნით.

ნაკლებად სავარუდოა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან ახალ მნიშვნელოვან კონკურენციას შეუქმნის ამერიკულ კომპანიებს. მანგანუმი შეადგენს აშშ-ში საქართველოს იმპორტის 80 პროცენტზე მეტს. მას საქართველოში მოიპოვებს და ამუშავებს ამერიკული კომპანია, რომელიც სხვა ამერიკელი მწარმოებლების კონკურენტი არ არის.

პოლიტიკური თვალსაზრისით, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება  საქართველოსთვის მატერიალური მხარდაჭერის მიწოდების შესახებ ყველაზე ხელსაყრელ დროს გაგზავნილი სიგნალი იქნება. საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად გატარებული წარმატებული რეფორმები საყოველთაოდ აღიარებულია.

რეგიონში, სადაც ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ხშირად არის უგულებელყოფილი, საქართველო გვევლინება, როგორც დემოკრატიზაციის, დასავლური კურსისა და გამჭვირვალობის უკანასკნელი ბასტიონი. საქართველო-აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება კი ამ წარმატების აღიარება იქნება.

მაშინ, როცა საქართველო რისკების წინაშე დგას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ასევე უზრუნველყოფს პლატფორმას რეგიონში ორმხრივი თანამშრომლობისა და ამერიკული ბიზნესების ჩართულობის წახალისების მექანიზმებისთვის. გაჩნდება შესაძლებლობები ამერიკული კომპანიებისთვის და მომძლავრდება არგუმენტები დასავლური კურსის მხარდასაჭერად სწორედ მაშინ, როცა ეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება.

http://thehill.com/blogs/congress-blog/foreign-policy/258400-time-is-right-for-a-us-georgia-free-trade-agreement#.VjK_eoeERac.twitter

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები