„მე მიყვარს სიცოცხლე და მინდა, ეს მუხტი სხვებსაც გადავდო“

რა გზა გაიარა ბერდია კუტუბიძემ ტელევიზიიდან ბათუმის დელფინარიუმის შოუს წამყვანობამდე და როგორ გახდნენ დელფინები მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.

– როგორი ბავშვი იყავი…12182005_1156649181030355_2006907629_n
– დავიბადე ბათუმში, ტრადიციულ ქართულ ოჯახში. თუმცა ამ ტრადიციებს, მამაჩემის წყალობით, „ანდერგრაუნდული“ სულისკვეთებაც თან სდევდა: აკრძალული ლიტერატურა, აკრძალულ თემებზე დისკუსიები. ყოველივე ამას ლაიტმოტივად კომუნისტების მიერ შერაცხული ტაბუდადებული მუსიკა გასდევდა. სამი წლის ასაკიდან პირველივე აკორდიდან ვცნობდი ნებისმიერ კომპოზიციას. საათობით ვუგდებდი ყურს ჰარმონიულ “ხმაურს”, რომელსაც მამა როკს ეძახდა. ანთებული თვალებით მიამბობდა შემსრულებლებზე და მაიმედებდა, რომ ოდესღაც მე მაინც მომეცემოდა საშუალება, ეს ყველაფერი ცოცხალი შესრულებით მეხილა. რაც ამიხდა კიდეც, თან არაერთხელ.
ბუნებით, როგორც ოჯახის წევრები და ახლობლები იხსენებდნენ, წყნარი და დამჯერი ბავშვი ვიყავი, რადიკალურად განსხვავებული დღევანდელისგან!12188325_1156649157697024_2043956784_n
–  რამდენი წლის იყავი, როცა არჩევანი გააკეთე და გადაწყვიტე, რომელი  პროფესია გინდოდა?
– საერთოდ მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა უნდა აკეთოს ის საქმე, რაც მას ძალიან უყვარს, საქმე, რომლისთვისაც ბოლომდე დაიხარჯება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ის, იყოს ნამდვილი პროფესიონალი.
პროფესიით ეკონომისტი ვარ. მეგობრებში ეს ფაქტი დღემდე ღიმილს იწვევს. არ დაგიმალავთ და ჩემშიც. თუმცა, ამ გადასახედიდანაც ვერ გეტყვით, ვინ ვარ მოწოდებით, ან რა უნდა ამერჩია თავის დროზე. ეკონომისტობა რომ არა – ეს დანამდვილებით ვიცი. მამაჩემი სულ ამბობდა, რომ შოუმენად ვიყავი დაბადებული. ცხადია, მსგავსი პროფესიის ხსენებაც კი მაშინ ყველას ყურს სჭრიდა და მისი ათვისება არარეალურიც იყო. ამიტომაც შევჯერდით იმაზე, რაც ნაკლებად ამბიციური, სამაგიეროდ, მისაღწევად საკმაოდ რეალური იყო.12188405_1156649171030356_1839050168_n
ცხოვრებაში მარტივად არაფერი მიმიღია. არც იოლი გზებით მივლია ოდესმე. თუმცა, ის, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიის დასრულების შემდეგ სრულიად შემთხვევით აჭარის ტელევიზიაში აღმოვჩნდი, ნამდვილად უდიდეს წყალობად მიმაჩნია. შევუდექი იმ გზას, რომელზეც წესით უნდა მევლო. არ ვაზვიადებ და არც ვამეტებ. 2000 წელს აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი გავხდი. ეს კი ის ადგილია, სადაც საკუთარი თავის წარმოსაჩენად დიდი შრომაა საჭირო. ასეა თუ ისე, ხანგრძლივი ჭიდილის შემდეგ გაჩნდა გადაცემა “ექსკლუზივი”.
სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ რა ენერგიასა და ძალისხმევას ვიღებდით მე და ჩემი მეგობრები ყოველი გადაცემის გასაკეთებლად – შეუძლებელია. მწირი ტექნიკური ბაზისა და საარქივო მასალის პირობებში როგორ ვახერხებდით ისეთი სანახაობის შექმნას, რომ მაყურებელს უკმარისობის შეგრძნება არ დარჩენოდა – დღესაც მაოცებს. დამუხტულნი იმ იდეით, რომ რეგიონული ტელევიზიის პირობებშიც შესაძლებელია რეიტინგული პროდუქტის შექმნა, ფრთას გვასხამდა. მაყურებელიც აფასებდა ამ თავგანწირვას და სიყვარულს ერთი ასად გვიბრუნებდა. სწორედ “ექსკლუზივის” წყალობით, ამიერკავკასიის რეგიონიდან მხოლოდ აჭარის ტელევიზია იყო სამჯერ აკრედიტებული მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების – MTV Europe Music Awards- ის  ცერემონიაზე.12188673_1156649161030357_238336782_n
დღეისათვის “ექსკლუზივის” შემოქმედებითი ჯგუფის არცერთი წევრი აღარ მუშაობს აჭარის ტელევიზიაში. ყველაფერი ოდესღაც მთავრდება. მადლობა უფალს – ეს მხოლოდ პროფესიულ ფლანგზე. მეგობრული კი უფრო გაღრმავდა, ნათელ-მირონშიც გადაიზარდა. თუმცა ხშირად, შეხვედრისას, ნებისმიერ თემაზე წამოწყებული საუბარი, მაინც “ექსკლუზივით” მთავრდება. საოცარი ნოსტალგია გვიპყრობს. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიაში უკვე 6 წელია აღარ ვმუშაობ, დღემდე ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები პირადად შეხვედრისას, თუნდაც სოცქსელში მიმოწერისას, „ექსკლუზივს“ იხსენებენ. ეს დღესაც კი ძალიან დიდი სტიმულია პირადად ჩემთვის.
ე.ი. მე და ჩემს შემოქმედებით ჯგუფს ტყუილად არ გვიშრომია…
ხარ ძალიან სიმპათიური და გაქვს განსაკუთრებით სასიამოვნო ხმა… თუ ყოფილა შემთხვევა, როცა „გამოგადგა“…
– ხმის ტემბრი და ინტონაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს ნებისმიერ შემთხვევაში. არა მხოლოდ ტელევიზიასა თუ რადიოში მომუშავეებს ვგულისხმობ… მე წლების განმავლობაში „აჭარის ტელევიზიის“ ე.წ. ხმა ვიყავი (პროდიუსირებისა და მონტაჟის პარალელურად), ვახმოვანებდი არხის ანონსებს, სერიალებს, მანამდე კი საინფორმაციო გამოშვებისა და სხვადასხვა გადაცემის სიუჟეტებს. საოცრად საინტერესო და სასიამოვნო პროცესია (მაქვს რამდენიმე ანონსი შემონახული და ატვირთულიც კი ჩემს პირად გვერდზე „იუთუბიზე“, რომელთა ნახვას ჩემში მუდამ ღიმილს იწვევს )…12200460_1156649154363691_335450448_n
საერთოდ მიმაჩნია, რომ არ არის აუცილებელი წამყვანმა იმისათვის, რომ დინამიკა და ენერგია მისცეს ამა თუ იმ ღონისძიების ტემპს, ხმამაღლა იყვიროს და ჩქარა ილაპარაკოს… გარკვევით საუბრითა და დაბალი ტონალობითაც შეიძლება პუბლიკის ყურადღების დამსახურება. საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ…
– მუშაობდი ძალიან ბევრგან, შეიცვალე ქალაქი. რამდენად გაგიჭირდა შეგუება და როგორ იყო სახლიდან ასე თუ ისე შორს ცხოვრება…
– 6 ნოემბერს 38 წლის შევსრულდები. ბევრია ეს თუ ცოტა? არ ვიცი. იქნებ ძალიან ბევრი, ან პირიქით. ფაქტია, გასულ წლებთან შედარებით ამაზე ფიქრი უფრო ხანგრძლივად ამეკვიატა. რატომ? არც ამ კითხვაზე მაქვს კონკრეტული პასუხი. უბრალოდ, ასეა და მორჩა.
საერთოდ ადამიანს ძალაუნებურად გიჩნდება ხოლმე საკუთარი ძალების სხვა ამპლუაში მოსინჯვის სურვილი. „აჭარის ტელევიზიაში“ 9- წლიანი მუშაობის შემდეგ (კვლავაც ჩემი ხმის ტემბრისა და ინტონაციის წყალობით) გადავედი თბილისში, ახლად „გახსნილ“ ტელეკომპანია „რეალ-ტვ-ში“ სადაც სიუჟეტებს ვახმოვანებდი. იქ თითქმის ერთი წელი ვიმუშავე. შემოქმედებითისაგან განსხვავებული საინფორმაციო სამსახურის სპეციფიკა ჩემთვის სრულიად ახალი რამ იყო. ერთ დღეში მომიწია არა მხოლოდ სამსახურის, არამედ საცხოვრებელი ქალაქის, სამეგობრო და საკონტაქტო წრის შეცვლა… გამოგიტყდებით, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ არ ვნანობ, ვინაიდან ამ პერიოდის მანძილზე ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, რომელთანაც კონტაქტი დღემდე გრძელდება. არასოდეს დამავიწყდება ის ლამაზი გაცილება, რაც მათ წამოსვლის საღამოს მომიწყვეს…
– დაბრუნდი ისევ ბათუმში და შენი ცხოვრება დაუკავშირე დელფინარიუმს, რა ეტაპია ეს შენთვის და როგორ გაართვი თავი?12200771_1156649174363689_1278191848_n
– დელფინარიუმშიც ჩემი ინიციატივით მოვხვდი. როცა გავიგე, რომ ჩემს ქალაქში 30 – წლიანი პაუზის შემდეგ დელფინარიუმი იხსნებოდა, გადავწყვიტე თავად მივსულიყავი და ხელმძღვანელობას უბრალოდ გავცნობოდი. ბანალურად ჟღერს, მაგრამ მთავარია მოინდომო, ამ ქვეყნად შეუძლებელი არაფერია. პასუხისმგებლობა, რომელიც მაშინ დირექტორმა და მენეჯერმა ნდობის სახით დამაკისრეს, არცერთი წუთით არ მინელდება. არასოდეს ვივიწყებ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ ჩემი.
საერთოდ, თუკი საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიქნები არცერთ საქმეს (არანაირი მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ) ხელს არ „მოვკიდებ“. ვინაიდან, რასაც ბოლოს ჩემი სახელი და გვარი დაეწერება, უბადლოდ უნდა იყოს გაკეთებული, ყოველ შემთხვევაში მაქსიმუმი არსებული შესაძლებლობებიდან.
რა ხდება ჩემს ცხოვრებაში დღეს? ბევრი რამ საინტერესო. მე გაყიდვების მენეჯერი ვარ საკმაოდ სოლიდურ სარეკლამო კომპანიაში. კომუნიკაბელურობა ყოველთვის იყო ჩემი მთავარი კოზირი. საინტერესო ურთიერთობები, კომფორტული გარემო, მეგობრული გუნდი. ასევე ვმუშაობ ბათუმის “6 მაისის” პარკის პიარმენეჯერად და ამავე პარკში არსებულ დელფინარიუმში შოუს წამყვანად. ეს, რაც შეეხება ოფიციალურ ფორმულირებას. ყოველივე ამის მიღმა არის ყოველდღიური რუტინა, დროის ქრონიკული უკმარისობა და ასე შემდეგ. თუმცა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. საოცარი არსებები, რომელთაც რადიკალურად შეცვალეს ჩემი ცხოვრება. მათ ყველა უყვართ, ყველას ერთნაირი ხალისით ეგებებიან. მათთვის უცხოა აგრესია, ნეგატიური ემოციები. ენერგიით გავსებენ და, ძალაუნებურად, თავადაც ამავე ენერგეტიკის მატარებელი ხდები. დელფინებისგან ბევრი რამ ვისწავლე. შეიძლება ვინმეს ყურიც კი მოჭრას მსგავსმა ფრაზამ, მაგრამ ეს სიმართლეა. ბევრი რამ გადავაფასე. სხვაგვარად დავიწყე სამყაროს აღქმა.12200944_1156649177697022_427743633_n
რაც შეეხება იმას, „როგორ გავართვი თავი“ დელფინარიუმის შოუს წამყვანობას…
შეგიძლიათ თავად გადახედოთ კომენტარებს ბათუმის დელფინარიუმის ფეისბუქის გვერდზე ჩემს ფოტოებზე და ნახავთ, რა შთაბეჭდილება რჩება ვიზიტორებს…
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ დელფინარიუმის შოუს წაყვანა განსაკუთრებულ სპეციფიკას ითხოვს. სულ სხვაა სატელევიზიო კამერასთან მუშაობა, სულ სხვაა, როცა სცენაზე დგახარ და ისე უძღვები ამა თუ იმ ღონისძიებას, რა თქმა უნდა, დახურული კორპორატიული თუ სადღესასწაულო ღონისძიებების წაყვანაც… ამათგან განსხვავებული მუხტის მატარებელია ჩვენი შოუ! იგი გამორჩეულია, იმიტომ არა, რომ მე მიმყავს. აბა, წარმოიდგინეთ, თითქოს ემოციების ზღვარზე ხართ – ერთ მხარეს დელფინების მიერ შესრულებული ნომრები, მეორე მხარეს კი, ხშირად თვალებზე ბედნიერებისაგან ცრემლმომდგარი, სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩამოსული, სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის 800-მდე ადამიანისაგან წამოსული პოზიტიური ემოცია. ასეთ მუხტს მე დღეში სამჯერ ვიღებ. ეს წარმოუდგენელი განცდაა. ამას ისიც აძლიერებს, რომ ყველა შოუს შემდეგ, მათი უმეტესობა მოდის და გულწრფელ მადლობას ამბობს.
– ზღვა, შენი ქალაქი და შენ…12202579_1156649151030358_953409010_n
– ალბათ ვერასოდეს ვიცხოვრებდი ქალაქში, სადაც ზღვა არ არის… აქ სხვანაირად ვსუნთქავ, აქ წყალსაც კი ჩემთვის სხვა გემო აქვს. ეს ჩემი ქალაქია. ყველა ქუჩაზე, თითქმის ყველა კვარტალში ახლობელი თუ არა ნაცნობი ცხოვრობს…
ხშირად მეუბნებიან, რომ კარგი მეგობარი ვარ. რომ ადამიანებს ისეთებს ვღებულობ, როგორიც არიან. რომ სულ ძიებაში ვარ და არ მეშინია ახალ გამოწვევებს გავუსწორო თვალი. არ ვიცი, რა დოზითაა მსგავს შეფასებებში სიმართლე. მაგრამ, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, მე ჭეშმარიტად ბედნიერი კაცი ვარ. მაქვს საქმე, რომელიც მიყვარს. მყავს დედა, რომელიც ჩემთვის დიდი სტიმული და ზურგია, მყავს ადამიანები, რომლებიც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რჩებიან და მეგობრები, რომელთა თანადგომაც გამოვცადე ჭირშიც და ლხინშიც, რომელთა გარეშეც ჩემი ყოველდღიურობა წარმოუდგენელია.
ვფიქრობ, ღირებულის გაკეთებაც მოვასწარი, თუმცა მზად ვარ, ჩემში არსებული პოტენციალის ბოლომდე რეალიზებისათვის.12202591_1156649164363690_1487282821_n
მე მიყვარს სიცოცხლე და მინდა ეს მუხტი სხვებსაც გადავდო.
– სად ხედავ მომავალში შენს თავს? რა მიზნები გაქვს?
– ეს სამსახური უზომოდ მიყვარს, მაგრამ… არაა გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს სხვა ამპლუში მოვსინჯო საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა, ჯერ ეს „დღის წესრიგში“ არ დგას. ამას განვლილი პერიოდიდან გამომდინარე ვამბობ – შეუცნობად და რადიკალურად განსხვავებულ ამპლუაში საკუთარი ძალების მოსინჯვა ყოველთვის მიზიდავს.

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები