ნოდარ ჯავახიშვილი: ტარიელ ლონდარიძემ რატომღაც გადაწყვიტა, რომ პრემიერის ნაცვლად სხდომა თავად წაეყვანა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომაზე ტარიელ ლონდარიძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ლონდარიძეს აშკარად ეტყობოდა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზად არ იყო.
რაც შეეხება სხდომაზე ოპოზიციის არდასწრებას, როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, მთის საბჭოს სხდომაზე შესვლა მხოლოდ საბჭოს წევრებს შეეძლოთ.
“ტარიელ ლონდარიძე ესწრებოდა ამ სხდომას, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს სხდომა უნდა წაეყვანა თვითონ, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, მერე აღშფოთდა და დატოვა. მე თუ მკითხავთ, ძალიანაც კარგი, თუ დატოვა, იმიტომ რომ აშკარად ეტყობოდა, ეს არ იყო კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა.
იქ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ საბჭოს წევრები, ხოლო სხვა რა დასწრება იყო საჭირო, ვერ ვხდები და არაფერი არ შეიძლებოდა ჩემთან ყოფილიყო შეთანხმებული, რადგან საბჭოს შემადგენლობა დამტკიცებულია და დღეს მისი სხდომა იყო”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტარიელ ლონდარიძესთან ერთად დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები: აკაკი ბობოხიძე და გიორგი ვაშაძე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრები არ არიან, კომისიის სხდომაზე არ შეუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები