თინა ხიდაშელი: უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს და მისი პარტნიორების გზავნილები ვარშავის სამიტამდე იდენტური იყოს
“უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს და მისი პარტნიორების გზავნილები ვარშავის სამიტამდე იდენტური იყოს, – ამის შესახებ ხიდაშელმა დღეს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტერალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად შეაფასა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მაღალი რანგის სტუმრები ჩამოდიან თბილისში ან ბათუმში, სადაც წინა წლებში ტარდებოდა ასეთი კონფერენცია და საქართველოდან აგზავნიან იმ მესიჯებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
საინტერესო დისკუსია გავხსენით დღეს დილით და დარწმუნებული ვარ, ეს ორი დღე იქნება პროდუქტიული, რათა დაგვეხმაროს ჩვენ რეკომენდაციებით, კონფერენციის შედეგებით, რათა სწორად დავგეგმოთ გზა, რომელიც ვარშავამდე უნდა გავიაროთ, რომ სწორად ვმართოთ ჩვენი გზავნილები, მოლოდინები, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებობს.
უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი პარტნიორების გზავნილები იყოს იდენტური, ვინაიდან ამ პროცესში ყველაზე მთავარი, რაც არის ჩვენთვის, ეს არის საქართველოს ერთიანობა მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან”, -განაცხადა თინა ხიდაშელმა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, აპატურაი არის ნატოს სახე საქართველოში, ვინაიდან ის ყოველთვის მზადაა საქართველოში ვიზიტისა და დიალოგისთვის.