თინა ხიდაშელი: თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ ევროპა არ დაუშვებს ახალი “რკინის ფარდის” ჩამოშვებას, ეს კრემლის გამარჯვება იქნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ ევროპა არ დაუშვებს ახალი “რკინის ფარდის” ჩამოშვებას, ეს იქნება კრემლის გამარჯვება. თინა ხიდაშელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ მკაფიო, პირდაპირი და ძლიერი გზავნილები უნდა გაჟღერდეს.
“თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ აღარ არსებობს გავლენის სფეროები, რომ ევროპა არ დაუშვებს ახალი რკინის ფარდის ჩამოშვებას, რომ რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ხმის უფლებაც კი არ აქვთ – ეს იქნება ჩვენი მხრიდან სისუსტის გამოვლინება და კრემლის გამარჯვება, რომელიც მას შემდგომი აგრესიისკენ უბიძგებს”, – მიმართა თინა ხიდაშელმა კონფერენციის მონაწილეებს.
მისივე თქმით, საქართველო ვარშავის სამიტს დიდი ოპტიმიზმით უყურებს.
“ჩვენთვის მიმდინარე და შემდგომი წელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იქნება. წინ გვაქვს დეკემბრის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი და ნატოს ვარშავის სამიტი, რომელსაც დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ. ვფიქრობ, აღნიშნული სამიტის შედეგები კიდევ ერთხელ და ნათლად დაადასტურებს, რომ ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა შეუქცევადი და რეალური პროცესია, რომელშიც მესამე მხარე ვერასდროს გახდება დაბრკოლება. ასევე, მჯერა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ბარიერები აღარ იარსებებს და ალიანსი თამამად იტყვის – საქართველო მზად არის ნატოსთვის,” – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
“ჰოლიდეი ინში” სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იმართება. ღონისძიების I სესია ევროატლანტიკური უსაფრთხოების და ნატოში ინტეგრაციის თემას მიეძღვნა. გამომსვლელებს შორის იყვნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, ესტონეთის ელჩი ნატოში ლაური ლეპიკი და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი. სესიას “ევროატლანტიკური უსაფრთხოება: საქართველო – ნატოს ერთგული ასპირანტი აღმოსავლეთით” მოდერატორობას საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი უწევდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები