„კონსულტაციები, რომელსაც პრეზიდენტი „რუსთავი 2“- ის ირგვლივ მართავს, სასამართლოზე ზეწოლის ნიშნებს შეიცავს“
„ კონსულტაციები, რომელსაც პრეზიდენტი „რუსთავი 2“- ის ირგვლივ მართავს, ჩემი აზრით, სასამართლოზე ზეწოლის ნიშნებს შეიცავს“, – აღნიშნული განცხადება „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ძიძიგურმა სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად შეაფასა პრეზიდენტის განცხადებაც, სადაც ის „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეს მოუწოდებდა, „არ მიეღო ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება“.
„ როდესაც შეიკრიბება საზოგადოება და მიმდინარე სასამართლო პროცესის ირგვლივ თავის პოზიციას აფიქსირებს, ეს საზოგადოება კი შედგება პრეზიდენტისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო სექტორისგან და ასე შემდეგ… გამოვლენ და დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ერთი ან მეორე მიმართულებით. ეს არის სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის შემცველი. მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის კონსულტაციებში ჩვენ მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ. ეს პროცესი დაწყებულია, აქტიურ ფაზაშია შესული. სასამართლოს განაჩენის გამოტანა უნდა ვაცადოთ. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას: „არ მიიღოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება“, – უთხრა მოსამართლეს იმ კონტექსტში რა კონტექსტშიც პრეზიდენტმა განაცხადა, სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის ნიშნების შემცველია. ეს არც პრეზიდენტის, არც პრემიერის, არც პარლამენტის თავმჯდომარის და არცერთი თანამდებობის პირის მხრიდან არ უნდა კეთდებოდეს“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.