ირაკლი ღარიბაშვილსა და დეპუტატ ტარიელ ლონდარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა იმართება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ტარიელ ლონდარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ლონდარიძე, რომელიც აღნიშნული საბჭოს წევრია, აცხადებდა, რომ დღის წესრიგთან დაკავშირებით გარკვეული კითხვა ჰქონდა.
პრემიერ-მინისტრმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ლონდარიძე სახელმწიფო კომისიის სხდომაზე ქაოსისა და დაპირპისპირების შეტანას ცდილობდა. ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატს სხდომის დატოვებისკენ მოუწოდა.
“თუ შემოხვედით იმისთვის, რომ დებოში ატეხოთ, დატოვეთ სხდომა. სახელმწიფო კომისიის სხდომაა და ნუ შემოგაქვთ ქაოსი და დაპირისპირება. დაელოდეთ და მოგცემთ სიტყვას. უფლება არ გაქვთ, ასე ისაუბროთ”, – მიმართა პრემიერმა ლონდარიძეს, რის შემდეგაც მან სხდომა დატოვა.
ტარიელ ლონდარიძესთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში “ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ვაშაძე და აკაკი ბობოხიძე იმყოფებოდნენ. ვინაიდან ისინი აღნიშნული საბჭოს წევრები არ არიან, მათ სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.