პრემიერი: საქართველო აღარასოდეს უნდა გახდეს დაპირისპირების, კონფლიქტების, კონფრონტაციის ადგილი
“ქართულმა ოცნებამ” მოიტანა თავისუფლება ჩვენი მოქალაქეებისთვის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგარეჯოში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აღარასოდეს უნდა გახდეს დაპირისპირების, კონფლიქტების, კონფრონტაციის ადგილი.
“როგორი არის ჩვენი ხედვა: ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობის ადგილი, სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი უნდა გახდეს საქართველო. აქ უნდა შემოვიდეს ინვესტიციები აშშ-დან, ჩინეთიდან, ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩვენ უნდა გავხდეთ დამაკავშირებელი გზა როგორც ევროპასა და აზიას შორის, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ჩვენ ეს შეგვიძლია და ეს არის რომ იტყვიან ღვთისგან ბოძებული ადგილმდებარეობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“,- განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, გვჭირდება სტაბილური, გრძელვადიანი განვითარების უზრუნველყოფა.
„მოდით ახლა გულში ჩავიხედოთ და ვთქვათ, რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია დღეს საქართველოში ამ ამოცანის შესრულება?! ჩვენ კარგად გვახსოვს, რა მოიტანა წინა მთავრობამ – მათ დროს დავკარგეთ დამატებით ტერიტორიები, მივიღეთ დამატებით ათასობით დევნილი, მივიღეთ გაუთავებელი შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაცია, აგვისტოს ომი. რა მოიტანა “ქართულმა ოცნებამ” – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა თავისუფლება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ყოველი ხელისუფალი, რომელიც შეეხება ქართველი კაცის მთავარ ღირსებას, თავისუფლებას, ასეთი ხელისუფალი დაუყოვნებლივ დაასრულებს მმართველობას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, რომ გავხდეთ ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დამაკავშირებელი გზა ევროპასა და აზიას შორის. ეს არ გეგონოთ, რომ არის ტყუილი სიტყვები.
“ჩვენ ღმერთმა გვარგუნა განსაკუთრებული, უნიკალური ადგილმდებარეობა და ეს სტრატეგიული მდებარეობა უნდა გამოვიყენოთ. დღეს გვაქვს ამის უნიკალური შანსი, რომ გავხდეთ ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დამაკავშირებელი გზა ევროპასა და აზიას შორის. ეს არ გეგონოთ, რომ არის ტყუილი სიტყვები.
გასულ კვირას ჩემი ინიციატივით ჩატარდა ახალი აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც არის ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა. ჩინეთის მთავრობა იყო თანაორგანიზატორი და ჩინეთიდან ჩამოსული იყო 500-კაციანი დელეგაცია. ჩვენ ვართ ხალხზე, ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა. რა თქმა უნდა გვაქვს შეცდომები, ვხედავთ ამ პრობლემებს, რომელიც ჩვენშია და აქედან ვიწყებთ ამ პრობლემების მოგვარებას და გადაჭრას. ჩვენ ვქმნით ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარების ყველანაირ პირობას. ჩვენ ვაძლიერებთ იმ საძირკველს, რომელსაც უნდა დაეფუძნოს თანამედრობვე, ძლიერი ქართული სახელმწიფო”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.