ირაკლი ღარიბაშვილი საგარეჯოს მოსახლეობას შუალედურ არჩევნებში თამარ ხიდაშელის მხარდაჭერისკენ მოუწოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოს მოსახლეობას შუალედურ არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატ თამარ ხიდაშელის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
როგორც პრემიერმა საგარეჯოს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სამი წელი გავიდა, რაც “ქართული ოცნება” ხელსუფლებაში მოვიდა. მისი განცხადებით, ამ პერიოდში ბევრი მიმართულებით დადებითი შედეგია, თუმცა რჩება პრობლემებიც.
“დღეს ჩამოვედით იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს, თამარ ხიდაშელს. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებული დღე, რადგან მე მაქვს საშუალება თქვენთან შეხვედრის, საუბრის, თქვენთან გასაუბრების. ჩემს მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს ყველას გვექნება საშუალება თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში.
სამი წელი გავიდა ჩემო ძვირფასებო მას შემდეგ, რაც კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად გაიმარჯვა. გაიმარჯვა დამსახურებულად, ღირსეულად, ისე, როგორც ქართველ ერს ეკადრება. ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ბუნებრივია იყო შეცდომებიც, იყო ხარვეზებიც. ჩვენს ქვეყანაში რჩება ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია. მე პირადად, კოალიციას, გვაქვს აბსოლუტურად გააზრებული, რომ ამ პრობლემებს სჭირდება თანმიმდევრული მიყოლა და გადაჭრა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელშიც მთავრობამ წარმატებას მიაღწია არის ჯანდაცვა და უნივერსალური დაზღვევა. ასევე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა განათლების სფეროში მიღწეულ შედეგებზე, c-ჰეპატიტის პროგრამაზე, პენსიების ზრდაზე და სოციალურ მომსახურებაზე.
“ჩვენ თქვენგან მადლობას ველით. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება. თქვენ აგვირიჩეთ იმისთვის, რომ უკეთესი ჯანდაცვა გქონოდათ, თქვენ აგვირჩიეთ იმისთვის, რომ უკეთესო სოციალური მომსახურება გქონდეთ, უკეთესი პენსია, უკეთესი პირობები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.